Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების კაპიტანს მთელი კარიერის მანძილზე აწუხებდა ტრავმები
  • სწორედ ეს გახდა 32 წლის ასაკში ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი

მანუჩარ მარკოიშვილმა საკალათბურთო კარიერა დაასრულა. საქართველოს ნაკრების კაპიტანს მთელი კარიერის მანძილზე აწუხებდა ტრავმები, რაც გახდა კიდეც 32 წლის ასაკში ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. მანუჩარი ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში, popsport.com-თან ინტერვიუში არ მალავდა, რომ სავარადოდ, თამაშისთვის თავის დანებება მოუწევდა.

მანუჩარ მარკოიშვილის გადაწყვეტილებას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელა, სადაც მისი კარიერის მნიშვნელოვანი ფაქტებია ასახული: 

“მანუჩარ მარკოიშვილი ყველაზე ახალგაზრდა ქართველია, რომელმაც ევროლიგაში ითამაშა. 2002 წელს ის 16 წლის იყო, როცა იტალიური ბენეტონის შემადგენლობაში ევროპის უძლიერეს ლიგაში შეაბიჯა და ამ სუპერტურნირის ფინალში ლეგენდარულ დეიან ბოდიროგას მეურვეობდა. 

15 წლის მანუჩარი ბათუმის ბასკოს ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელმაც საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა და აქედან დაიწყო მანუს ევროპული ოდისეა. იტალია, გერმანია, სლოვენია, უკრაინა, თურქეთი და რუსეთი. ამ ქვეყნების წამყვან კლუბებში მანუჩარმა არაერთი გუნდური თუ ინდივიდუალური ტიტული მოიგო. 

და მთავარი, რაც მანუჩარ მარკოიშვილმა მოიგო, ქართველი გულშემატკივარის გულია. საქართველოს ეროვნული ნაკრები გახლდათ ის ასპარეზი, სადაც მარკოიშვილი განსაკუთრებული მონდომებით იხარჯებოდა და თანაგუნდელებთან ერთად ქართველ ქომაგებს წლების მანძილზე აღაფრთოვანებდა”.

კომენტარები

ბოლო ამბები