Thumbnail

‘ამ მომენტს დიდი ხანი ველოდი’ – ტაბიძის ლელო ტოპ-ხუთეულში მოხვდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ბურჯის კიდევ ერთი აღიარება
  • ლაშა ბორდოელთა რიგებში 18 წლის ასაკში ჩაირიცხა

ბორდოს ლეგიონერ ლაშა ტაბიძის ლელო საფრანგეთის TOP 14-ის მე-4 ტურის საუკეთესო ლელოთა ხუთეულში მოხვდა და მე-3 ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ შაბათს სტად ფრანსესთან მატჩში 22 წლის ქართველი ბურჯის ლელო ჟირონდელთა ჩინებულ შეტევას მოჰყვა. ნანს დუსუინმა მეტოქის ხაზი გაჭრა, ალექსანდრ რუმას ბურთი თავს ზემოთ პასით დაუტოვა, ამ უკანასკნელმა კი ლელოსკენ ქართველი თანაგუნდელი გაუშვა.

ლაშა ტაბიძის შედეგიანი შეტევა

აღნიშნული მატჩი ბორდოელებმა 52:3 მოიგეს, ტაბიძე კი სასტარტო შემადგენლობაში იყო და საათის განმავლობაში ისე გაისარჯა, რომ TOP 14-ის გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

ჩემპიონატის სათავეში მყოფმა ბორდოელებმა პარიზელებს 7 ლელო დაუდეს (თავი კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა ლექსო ყაულაშვილმაც გამოიჩინა) და მათგან უმეტესი ძალიან ლამაზი გახლდათ. აღნიშნულზე ისიც მეტყველებს, რომ ტურის საუკეთესო ლელოთა ხუთეულში ბორდოელთა ერთბაშად 3 შედეგიანი შეტევა შევიდა.

📺 TOP 14-ის მე-4 ტურის 5 საუკეთესო ლელო

ცნობისთვის, ეს, ლაშას ბორდოულ კარიერაში პირველი ლელო იყო, ამდენად, მისი ემოციები სრულიად გასაგები გახლდათ. ამ მოვლენას მიდი-ოლიმპიკი გამოეხმაურა და ქართველ მორაგბეს მცირე კომენტარი სთხოვა.

“ბორდოში 18 წლის ასაკში მოვედი და უკვე 5 წელია აქ ვიმყოფები. ამ მომენტს მართლაც დიდი ხანი ველოდი. ტოპ 14-ში ლელოს დადება ჩემი ოცნება იყო და მიხარია, რომ ის ავისრულე.
კარგი იერიში გვქონდა და ისეთ პოზიციაზე აღმოვჩნდი, რომ საკმარისი იყო ბურთი მიმეღო, მის დამიწებაში ხელს ვეღარავინ შემიშლიდა. სწორედ მაშინ გავიაზრე, რომ მიზანთან ძალიან ახლოს ვიყავი..."

კომენტარები

ბოლო ამბები