Thumbnail
  • ეროვნული ლიგის 27-ე ტურთან ერთად, ჩემპიონატის მესამე წრე დასრულდა
  • გეგეჭკორი, კობახიძე, ჯიღაური და ჯოვინო მესამე წრის სიმბოლურ გუნდში
  • ოთხიდან სამი ფეხბურთელი ბათუმურმა კლუბმა ზაფხულში დაიმატა

ეროვნული ლიგის 27-ე ტურთან ერთად, საქართველოს ჩემპიონატის მესამე წრე დასრულდა. წინ დასკვნითი წრეა, რომელიც ბევრ საინტერესოს გვპირდება. ჩემპიონობისთვის სამი გუნდი იბრძვის: ბათუმის დინამო, თბილისის დინამო და საბურთალო.

27 ტურის შემდეგ, ეროვნულ ლიგას ბათუმის დინამო ლიდერობს

სატურნირო ცხრილს 27 თამაშში მოპოვებული 55 ქულით ბათუმის დინამო ლიდერობს. გია გეგუჩაძის გუნდმა მესამე წრე შედარებით მძიმედ დაიწყო, რასაც ჰქონდა ობიექტური მიზეზები. ზაფხულის სატრანაფერო პერიოდში, გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელი მივიდა, ადაპტაციას და შეთამაშებას კი გარკვეული დრო დასჭირდა. შესაბამისად, იმ პერიოდში ბათუმელებმა ზედიზედ 4 თამაში ვერ მოიგეს:

საბურთალო 0:0 დინამო ბათუმი
დინამო ბათუმი 2:2 ტორპედო
დინამო თბილისი 2:1 დინამო ბათუმი
დინამო ბათუმი 0:0 დილა

წარუმატებელი სერია ვიტ ჯორჯიასთან გასვლით შეხვედრაში შეწყდა, როდესაც ბათუმის დინამომ მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. მას შემდეგ, ბათუმელებმა კიდევ 4 მატჩი მოიგეს და ეს ბრწყინვალე სერია დღემდე გრძელდება. 

ვიტ ჯორჯია 0:3 დინამო ბათუმი
დინამო ბათუმი 2:0 ჩიხურა
სიონი 0:4 დინამო ბათუმი
რუსთავი 0:2 დინამო ბათუმი
დინამო ბათუმი 2:1 ლოკომოტივი

ამ 5 შეხვედრაში, გია გეგუჩაძის ფეხბურთელებმა 13 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 1 გაუშვეს, რაც ბრწყინვალე შედეგია. მთლიანად მესამე წრეში, ბათუმის დინამომ 9 მატჩი გამართა: 5 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და ერთი წააგო, 16 გოლი გაიტანა და 5 გაუშვა.

ეროვნულმა ლიგამ მესამე წრის სიმბოლური გუნდი შეადგინა, სადაც ბათუმის დინამოს 4 ფეხბურთელი მოხვდა: ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, ჯაბა ჯიღაური და ფლამარიონ ჯოვინო. 

აღსანიშნავია, რომ ამ ოთხი ფეხბურთელიდან, სამი ბათუმის დინამომ ზაფხულში დაიმატა, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბის ხელმძღვანელებმა სატრანსფერო ბაზარზე კარგად იმუშავეს და გუნდი მნიშვნელოვნად გააძლიერეს.

წაიკითხე: როგორ თამაშობს ჩემპიონატის ლიდერი - 5 დაკვირვება დინამო ბათუმზე

ლევან გეგეჭკორი ბათუმურ გუნდში ქუთაისის ტორპედოდან გადავიდა. მესამე წრეში მის ანგარიშზე ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა. ისიც აღვნიშნოთ, რომ გოლი მან ჯერ კიდევ ტორპედოს შემადგენლობაში შეაგდო და სწორედ ამის შემდეგ გადავიდა ახალ გუნდში, ბათუმის დინამოს კი დაცვაში საიმედო თამაშის გარდა, საგოლე პასებით შეეშველა. გეგეჭკორის მსგავსად, სწორედ ტორპედოდან გადავიდა ბათუმში მამუკა კობახიძე, რომელმაც მალევე დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში და დაცვის ცენტრს ამაგრებს.

ჯაბა ჯიღაურიც ამ ზაფხულს შეუერთდა ბათუმის დინამოს, იქამდე კი არაერთ უცხოურ გუნდში თამაშობდა, მათ შორის ფრანგულ გრენობლში, ყაზახურ ორდაბასსა და აქტობეში. ჯაბა იდეალურად ჩაეწერა ახალ გუნდში, რაზეც სტატისტიკა მეტყველებს: მის აქტივში 4 გოლი და 2 საგოლე პასია!

ფლამარიონ ჯოვინო 2017 წლიდან იცავს ბათუმის დინამოს ღირსებას და ის გუნდის ლიდერია. 23 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა მესამე წრე ბრწყინვალედ ჩაატარა და გუნდს 6 გატანილი გოლით დაეხმარა. ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მის აქტივში სულ 13 გოლია. ჯოვინო ტურიდან ტურამდე უმატებს და როგორც ჩანს, ჩემპიონატის დასკვნით ნაწილს იდეალურ ფორმაში ხვდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები