Thumbnail

'ყველგან ყველაფერს ასწრებდა' - ჯაბა კანკავა ტურის სიმბოლურში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ყაზახურ ტობოლში მოთამაშე 33 წლის ფეხბურთელი ტურის სიმბოლურში მოხვდა
  • საქართველოს ნაკრების კაპიტანი ტობოლი-ოკჟეტპესის მატჩში საუკეთესო იყო

საქართველოს ნაკრებისა და კოსტანაის ტობოლის ნახევარმცველი ჯაბა კანკავა ყაზახეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 33 წლის ფეხბურთელი ინტერნეტ-პორტალმა Sports.kz-მა გამოარჩია და ტურის 11 საუკეთესოს შორის დაასახელა.

ყაზახეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ტობოლმა საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით ოკჟეტპესს სძლია. ამ შეხვედრაში ჯაბამ შეუცვლელად ითამაშა, გუნდის მეორე ქართველი ლეგიონერი, ნიკა კვეკვესკირი კი სათადარიგოთა შორის იყო.

"კოსტანაელი ჯაბა, შეიძლება ითქვას, ყველგან ასწრებდა - დაცვაშიც და თავდასხმაშიც", - წერს Sports.kz, რომელმაც ქართველ ფეხბურთელს ადგილი სიმბოლური ნაკრების ნახევარდაცვის ცენტრში მიუჩინა.

ტობოლი-ოკჟეტპესის მატჩში ჯაბა კანკავა სერვის Instat Index-ის სტატიკითაც გამორჩეული იყო. მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო - 313 ბალი. 

საქართველოს ნაკრების კაპიტანს ამ შეხვედრაში ტექნიკურ-ტაქტიკური მოქმედებების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა - 91%. მის ანგარიშზე ასევე 79 ზუსტი პასი და მოგებული 13 ორთაბრძოლაა. 

ტობოლი ყაზახეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს, 26 ტურის შემდეგ, 55 ქულით ლიდერობს და 2 ქულით უსწრებს ალმათის ქაირათს. მომდევნო ტურში, 22 სექტემბერს, ქართველების გუნდი ყარაღანდის შახტარს ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები