Thumbnail
  • შაბათს, ედენ აზარს ლა ლიგაში დებიუტი ჰქონდა
  • ბელგიელმა ტრავმა მოირჩინა და ჩემპიონთა ლიგაშიც ითამაშებს

მადრიდის რეალის მთავარმა შენაძენმა, ედენ აზარმა ესპანეთის ჩემპიონატში პირველად მხოლოდ მე-4 ტურში ითამაშა. ლევანტესთან მოგებულ მატჩში (3:2) ბელგიელი მოედანზე მე-60 წუთზე შევიდა და მალევე შეეძლო სადებიუტო გოლის გატანა.

“შეტევაში იგი ძალიან კარგია და ბურთს შესანიშნავად ფლობს. ვფიქრობ, ახლა უბრალოდ რამდენიმე ვარჯიში აკლია და ფორმას აღიდგენს. მხოლოდ ოთხჯერ ივარჯიშა გუნდთან ერთად. ჩვენ ვიცით, რამდენად მაგარია ედენ აზარი, მაგრამ წინ გრძელი სეზონია, ბევრი მატჩი გვექნება და მისი მოედანზე გატარებული წუთები უნდა ვაკონტროლოთ. არ მინდა, რომ კიდევ ვინმე დაშავდეს,” - განაცხადა მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მატჩის შემდეგ.

ფრანგს მწვრთნელს სურს, რომ გამოჯანმრთელებული აზარი ძირითად შემადგენლობას ნელ-ნელა მიაჩვიოს. ოთხშაბათს, რეალი ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში პარი სენ-ჟერმენს სტუმრობს და ზიზუს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, გაამწესებს თუ არა ბელგიელს სასტარტოში.

“რეალში მოსვლის შემდეგ, მალევე შევამჩნიე, რომ ამ კლუბისთვის ჩემპიონთა ლიგას გამორჩეულად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როცა ფანებს ესაუბრები, მალევე გრძნობ, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგის მოგებას ითხოვენ და ეს მათთვის უბრალოდ აუცილებლობას წარმოადგენს,” - ამბობს აზარი.

'ბავშვობაში სწორედ რეალის ფანი ვიყავი, “სანტიაგო ბერნაბეუ” კი ჩემთვის საუკეთესო სტადიონია'

ბელგიელმა შემტევმა წინა სეზონში, ლონდონის ჩელსისთან ერთად ევროპალიგა მოიგო, ახლა კი, რეალში ჩემპიონთა ლიგის თასს უმიზნებს. 28 წლის აზარმა ჩელსისა და რეალს შორის მთავარ განსხვავებებზეც ისაუბრა: “როდესაც ჩელსი აგებდა, რა თქმა უნდა, ყველა იმედგაცრუებული იყო, მათ შორის ფანებიც. მაგრამ ჩელსის წაგება არასდროს იყო კატასტროფა. ესპანეთში კი სხვანაირადაა. აქაური ფანებისთვის ფეხბურთი ყველაფერია. ჩემი აზრით, აქაური ფანები უფრო ნაღდი ფანები არიან. ინგლისში ასეთი ფანი ბევრი არ არის. ამიტომაც, ჩვენ, ფეხბურთელებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი გავახაროთ.”

ლონდონელ და ზოგადად, ინგლისელ გულშემატკივრებს მისი სიტყვები არ მოეწონებათ, მაგრამ აზარისთვის ეს ალბათ უკვე სულერთია. რეალ მადრიდში გადასვლით მას ბავშვობის ოცნება აუხდა: “ბავშვობაში სწორედ რეალის ფანი ვიყავი, “სანტიაგო ბერნაბეუ” კი ჩემთვის საუკეთესო სტადიონია.”

ბელგიელისთვის ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით თამაშიც განსაკუთრებული ამბავია: “თვეზე მეტია, ზიდანი მავარჯიშებს და ძალიან ბედნიერი ვარ. ყველაფერი პატარა ბავშვივით მიხარია.”

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები