Thumbnail

ეროვნული ლიგა | საბურთალომ ქულები დაკარგა... ტორპედო 16 წლის მეკარემ იხსნა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 22-ე ტურის გამოტოვებული მატჩი შედგა
  • საბურთალომ ტორპედოს უმასპინძლა, თამაში კი ფრედ, 1:1 დასრულდა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 22-ე ტურის გამოტოვებული მატჩი შედგა, რომელშიც თბილისის საბურთალომ ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა. გულშემატკივრებმა ძალიან დაძაბული მატჩი იხილეს დრამატული ფინიშით, თამაში კი ფრედ, 1:1 დასრულდა. მატჩის გმირი სტუმართა 16 წლის მეკარე, დავით ასათიანი გახდა, რომელიც ტრავმირებულ როინ კვასხვაძეს ცვლიდა.

მატჩი მასპინძელთა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი სამი ქულის მოსაპოვებლად. პირველი ტაიმის დასრულებამდე წამები რჩებოდა, როდესაც ქუთაისელებმა გახსნეს ანგარიში. ცოტნე მოსიაშვილის დარტყმის შემდეგ, ბურთი ლაზარე კუპატაძის კარში აღმოჩნდა.

0:1 მოსიაშვილი (45) 

მეორე ტაიმში მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და ქუთაისელთა კართან არაერთი სახიფათო მომენტი შეიმნა. ჯამში, თბილისელებმა 30-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით და აქედან, 11 კარის ჩარჩოში წავიდა. თუმცა, როგორც თავშივე აღვნიშნეთ, ბრწყინვალე იყო 16 წლის დავით ასათიანი, რომელმაც არაერთხელ იხსნა გუნდი გაშვებული გოლისგან და ბოლოს, თერთმეტმეტრიანიც მოიგერია. თუმცა, იქამდე იყო საბურთალოს გილი, რომელიც შეცვლაზე შესული ლუკა ლაკვეხელიანის ანგარიშზეა. აღსანიშნავია ნიკა მალის ეფექტური ჩართვა მარჯვენა ფრთიდან.

1:1 ლაკვეხელიანი (79)

მატჩის კულმინაცია ბოლო წუთზე იყო, როდესაც ნიკა მალე კიდევ ერთხელ შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და თერთმეტმეტრიანი მოიპოვა. ბურთთან ოგნიემ როლოვიჩი მივიდა და როგორც აღვნიშნეთ, მას მეკარემ აჯობა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წამებზე ქუთაისელებმა გაიტანეს, თუმცა მსაჯმა თამაშგარე მსგომარეობა დააფიქსირა და გოლი გააუქმა. საბოლოოდ ფრე, 1:1.

როლოვიჩის პენალტი

სატურნირო ცხრილს 27 თამაშში მოპოვებული 55 ქულით ბათუმის დინამო ლიდერობს. ერთი მატჩით ნაკლები და 54 ქულა აქვს თბილისის დინამოს. საბურთალომ უმნიშვნელოვანესი ორი ქულა დაკარგა და შედეგად, 51 ქულით მესამე ადგილზეა. სწორედ ეს სამი გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის.

საბურთალო 1:1 ტორპედო

გოლები: 0:1 მოსიაშვილი (45), 1:1 ლაკვეხელიანი (79).

საბურთალო (4-4-2): კუპატაძე - მალი, მარგველაშვილი, სანდოხაძე, ჩაბრაძე - გი (57. ლაკვეხელიანი), ტერა (72. კაკუბავა), ალთუნაშვილი, ყენია (46. კოხრეიძე) - როლოვიჩი, გაბედავა.

ტორპედო (4-4-2): ასათიანი - მაჩაიძე, ხურცილავა, გადრანი, ნადარაია - გრიგალაშვილი, მოსიაშვილი (54. ცეცხლაძე), ჭიჭინაძე, ჩუკვურა - ციცქიშვილი (67. კიკნაძე), ჩოგაძე (71. იონანიძე).

კომენტარები

ბოლო ამბები