Thumbnail
  • 📅 17 სექტემბერი | ⌚ 23:00 | ⚽ ნაპოლი V ლივერპული | 📺 SILK SPORT UNIVERSAL
  • ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული სტუმრად ნეაპოლში ჩადის 
  • ანჩელოტის გუნდმა წინა სეზონში ლივერპული ლამის ჯგუფში ჩატოვა

ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში, პირველ ტურში, ნაპოლი ლივერპულს მასპინძლობს, ზალცბურგი კი გენკს უმასპინძლებს. საყურადღებო დაპირისპირება, რა თქმა უნდა, ნეაპოლში ჩატარდება, სადაც კარლო ანჩელოტისა და იურგენ კლოპის გუნდების მორიგი დუელი შედგება.

ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლის სეზონში გამარჯვება იზეიმა, მაგრამ კლოპის გუნდისთვის მაშინდელი ჯგუფური ეტაპი იოლი სულაც არ იყო. რომ არა ბოლო ტურის მატჩის დამატებით დროში, ალისონის სეივი არკადიუშ მილიკის დარტყმის შემდეგ, ინგლისური კლუბი პლეი ოფს მიღმა დარჩებოდა და წინ ნაპოლის გაუშვებდა.

ლივერპული და ნაპოლი ახლაც ერთ ჯგუფში არიან და ამჯერად ნეაპოლელებს "სან პაოლოზე" რევანშის შესაძლებლობა ეძლევათ. მაგრამ შარშანდელისგან განსხვავებით, წელს გუნდებს ჯგუფში პსჟ-ის მსგავსი, მესამე ფავორიტი არ ჰყავთ და ორივე უბრალოდ ვალდებულია, ზალცბურგსა და გენკს აჯობოს და პლეი ოფში გავიდეს.

ნაპოლი

ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გამოსვლას ზედიზედ მეორე სეზონია იწყებს. შარშან გუნდი ჯგუფური ეტაპიდან გამოვარდა, რის შემდეგაც ევროპალიგის ¼-ფინალი ითამაშა. 

დრის მარტენსი ლივერპულთან მატჩს სერია A-ს 3 მატჩში გატანილი 3 გოლით ხვდება

იტალიის ვიცე-ჩემპიონებმა ამ სეზონში, სერია A-ს პირველ ტურში, ფეერიული მატჩი სტუმრად ფიორენტინასთან შემოგვთავაზეს, რომელშიც ანგარიშით 4:3 გაიმარჯვეს. აი, მეორე ტურში კი უკვე ასეთივე ანგარიშით და მეტად თუ არა, არანაკლებ ფეერიულ დაპირისპირებაში, სტუმრად იუვენტუსთან წააგეს. ნაპოლიმ მესამე ტურში შინ ითამაშა და სამპდორიას ორი უპასუხო გოლი გაუტანა - 2:0.

კარლო ანჩელოტის გუნდში ლივერპულთან მატჩის წინ პრობლემები მცველ ელსეიდ ჰიუსაისა და ფორვარდ არკადიუშ მილიკს აქვთ. 

ანჩელოტის გუნდს გატანა უყვარს, მაგრამ ბევრსაც უშვებს

ლივერპული

ინგლისის ვიცე-ჩემპიონებმა მიმდინარე პრემიერლიგაში ჩატარებულ 5 მატჩში ქულათა მაქსიმუმს მოუყარეს თავი და ახლა ცხრილს დამაჯერებლად, მანჩესტერ სიტისთან 5-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ. კლოპის შეგირდებმა ნორვიჩს (4:1), საუთჰემპტონს (2:1), არსენალს (3:1), ბარნლისა (3:0) და ნიუკასლს (3:1) აჯობეს. 

მო სალაჰმა ნაპოლის წინა სეზონში გაუტანა და იმავეს ახლაც შეეცდება

იყო კიდევ ორი თამაში. პირველი - ინგლისის სუპერთასზე, მანჩესტერ სიტისთან პენალტებით წაგებული შეხვედრა (1:1, პენ: 4:5). და მეორე - უეფას სუპერთასის მატჩი სტამბოლში, რომელშიც კლოპის შეგირდებმა ტიტული ჩელსისთან დაპირისპირებაში მოიპოვეს (2:2, პენ: 5:4). 

საერთო ჯამში, მერსისაიდელები ნეაპოლში მოგებათა 6-მატჩიანი სერიით წარსდგებიან, თუმცა შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ალისონი ვერ უშველით. ტრავმირებული ბრაზილიელის ნაცვლად მერსისაიდელთა კარში ადრიანი იდგება. რაც შეეხება ლივერპულელთა სხვა დანაკლისს, პრობლემები ნახევარმცველ ნაბი კეიტასა და ფორვარდ დივოკ ორიგის აქვთ. 

📷 ჩემპიონი ნეაპოლში იმედიანად გაემგზავრა

საინტერესო ფაქტები

⚽ ნაპოლი და ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შარშანაც ერთად მოხვდნენ. ორივემ შინ მინიმალური ანგარიშით მოიგო.

⚽ ევროთასებზე გამართული ბოლო ოთხი დაპირისპირებიდან, ნაპოლიმ ლივერპულთან 1 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 2 კი დათმო.

⚽ ნაპოლის მონაწილეობით ყველა ტურნირის ბოლო შვიდი მატჩიდან ექვსში 2,5-ზე მეტი გოლი დაფიქსირდა. 

⚽ კარლო ანჩელოტის გუნდმა ყველა ტურნირის ბოლო შვიდ მატჩში მეტოქეს გოლი მხოლოდ ერთ შეხვედრაში არ გაატანინა.

⚽ იურგენ კლოპის შეგირდებმა კარის მშრალად შენახვა ყველა ტურნირის ბოლო შვიდი მატჩიდან მხოლოდ ერთში მოახერხეს.

⚽ ლივერპულის ბოლო შვიდივე მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი დაფიქსირდა, აქედან ექვსში კლოპის გუნდი სულ ცოტა 1,5-ზე მეტს იტანდა. 

⚽ ნაპოლი ევროთასებზე ინგლისური კლუბების წინააღმდეგ საკმაოდ კარგად თამაშობს - 5 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი. 

⚽ იურგენ კლოპის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული ბოლო 6 შეხვედრიდან 5-ში გამარჯვება იზეიმა.

⚽ ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული ბოლო 6 მატჩიდან 5-ში მინიმუმ ორი გოლი გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი (4-4-2): მერეტი - დი ლორენცო, მანოლასი, კულიბალი, გულამი - კალეხონი, ალანი, ფაბიან რუისი, ინსინიე - მარტენსი, ლორენტე.

ლივერპული (4-4-2): ადრიანი - ალეკსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი - ფაბინიო, ჰენდერსონი, ვეინალდუმი, სალაჰი - ფირმინო, მანე.

კომენტარები

ბოლო ამბები