Thumbnail

საკალათბურთო სუპერლიგა: კაკტუსმა დასუსტებული ოლიმპი დაამარცხა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • კაკტუსი 85:68 ოლიმპი
  • სოხუმი 75:76 მგზავრები

საკალათბურთო სუპერლიგაში ორი მატჩი გაიმართა, რომელთაგან უფრო დიდ ინტერესს კაკტუსის და ოლიმპის დაპირისპირება იწვევდა. ამ გუნდებმა რეგულარული ჩემპიონატის ორი წრე თანაბარი შედეგით: 9 მოგებით და 7 წაგებით დაასრულეს.

ოლიმპს ტრავმების გამო არაერთი წამყვანი მოთამაშე აკლდა და როგორც ჩანს, ამან გადამწყვეტი როლი იქონია მატჩის საბოლოო შედეგზე. კაკტუსმა დიდი ანგარიშით 85:68 დაამარცხა მეტოქე.

გამარჯვებული გუნდიდან 20 ქულით საუკეთესო იყო დეანდრე პარკსი, ხოლო 17 ქულა მოაგროვა ტერიკ ბრიჯმენმა. ოლიმპში გამორჩეული იყო გივი ბაქრაძე, რომლის აქტივში 26 ქულაა.

მატჩის შემდეგ, კაკტუსის მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპს ტრავმის გამო ბევრი მოთამაშე აკლდა, მოგება მაინც სასიხარულოა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი თამაში იყო, წინ მარნეულთან დაპირისპირებაა და ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიურად ეს მოგება გუნდს ძალიან წაადგება”

ძალიან დაძაბულად წარიმართა სოხუმი-მგზავრების დაპირისპირება. ორივე გუნდი ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

თამაში ქულა ქულაში წარიმართა და საბოლოოდ, მგზავრების გამარჯვებით 76:75 დასრულდა. 

გამარჯვებული გუნდიდან 24 ქულით ადრიან ბოუი გამოირჩა, 20 ქულა ჰქონდა კახა ჯინჭარაძეს, ხოლო რატი ნუცუბიძემ მატჩი 14 ქულით და 7 მოხსნით დაასრულა. სოხუმში 22 ქულით კვან უოლერი საუკეთესო იყო.

სოხუმს მხოლოდ ერთი მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა, მგზავრები კი 6 მოგებით და 11 მარცხით მე-7 ადგილს იკავებენ. კაკტუსი საუკეთესო 4-ეულშია, ოლიმპი კი მე-6 ადგილს იკავებს. ჩემპიონატს 31 ქულით ქუთაისი ლიდერობს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები