Thumbnail

RWC 2019 | ბორჯღალოსნებს ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი ელით

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა მორაგბეებმა ტოკუშიმაში ბოლო წვრთნა გამართეს
  • ნაგოიაში გამგზავრებამდე, 'ბორჯღალოსნებმა' იაპონელი ბავშვებიც ავარჯიშეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც მოახლოებული მსოფლიო თასისთვის ემზადება, იაპონიის ქალაქ ტოკუშიმაში ბოლო ვარჯიში ჩაატარა.

"ბორჯღალოსნების" დასკვნით წვრთნას სახალისო დასასრული ჰქონდა, რადგანაც ეროვნული ნაკრების მწვრთნელებმა მინდორზე ადგილობრივ ბავშვებს უხმეს და ისინიც ავარჯიშეს.

ახლა, ქართველი მორაგბეები გეზს აიჩის პრეფექტურისკენ აიღებენ და ქალაქ ნაგოიაში დაბანაკდებიან, სადაც 18 სექტემბერს ჩვენი დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი შედგება.

შეგახსენებთ, რომ ეს ტრადიციული პროცედურაა, რომელსაც მსოფლიო თასის მასპინძელი ქვეყნები ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ.

შესაბამისი ცერემონიალი უკვე მოუწყვეს ფიჯის, ირლანდიას, არგენტინას, იაპონიას, ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკას, ნამიბიას, რუსეთს, საფრანგეთს, შოტლანდიას და იტალიას, რიგში კი სამოა, ინგლისი, უელსი, კანადა, აშშ, ავსტრალია, საქართველო, ტონგა და ურუგვაი დგანან.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მსოფლიო თასი სტარტს 20 სექტემბერს ტოკიოში მასპინძელი იაპონიის და რუსეთის მატჩით აიღებს, საქართველოს ნაკრები კი პირველ შეხვედრას 23-ში უელსთან ქალაქ ტოიოტაში ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები