Thumbnail
  • ბასილაშვილს და მეტრეველს თამაში ნადალთან და ნიშიკორისთან მოუწევთ
  • ქართველ ჩოგბურთელთა მესამე მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა

ავსტრალიის ქალაქ სიდნეის საქვეყნოდ ცნობილ ოპერაში გამართულმა წილისყრამ იმ გუნდების ვინაობა გაარკვია, რომელთაც საქართველო ახლადაარსებული ATP CUP-ის ჯგუფურ ეტაპზე გაეჯიბრება.

ცერემონიალში მონაწილეობა ლეგენდარულმა ავსტრალიელმა ჩოგბურთელებმა კენ როზუელმა, ჯონ ნიუკომბმა, პატრიკ რაფტერმა და ლეიტონ ჰიუიტმა მიიღეს, ქართველი ჩოგბურთელები კი B ჯგუფში მოხვდნენ და თამაში ესპანეთთან, იაპონიასთან და კიდევ ერთ ნაკრებთან მოუწევთ, რომლის ვინაობაც ნოემბერში დადგინდება.

შეგახსენებთ, რომ ახალ საჩოგბურთო ტურნირს 2020 წლის იანვარში ავსტრალიის სამი ქალაქი (ბრისბენი, პერთი, სიდნეი) პირველად უმასპინძლებს. მასში 24 მოწინავე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, რომელთაგან 19 უკვე ცნობილია (ავსტრალიას საგზური უაილდ-ქარდით ერგო), კიდევ ხუთის ვინაობას კი მოგვიანებით შევიტყობთ.

საქართველო ახალი ტურნირის სიაში მე-14 ნომრით მოხვდა – მონაწილეთა სიაში კი ნიკოლოზ ბასილაშვილი და ალექსანდრე მეტრეველი წერია. 

წილისყრის შედეგად, 24 ნაკრები ექვს 4-გუნდიან ჯგუფში განაწილდა. თითო ქალაქში 2 ჯგუფის თამაშები გაიმართება. ფინალს კი, სადაც 8 ნაკრები გადის - 6 ჯგუფის გამარჯვებული და 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი – სიდნეი უმასპინძლებს.

ფორმატი ასეთია - მატჩი შედგება 3 შეხვედრისგან, 2 ერთეულთა და 1 წყვილთა თანრიგში. საერთო ჯამში, ATP CUP-ის თასზე დაუმარცხებელმა ჩოგბურთელმა შეიძლება 750 ქულა დააგროვოს. ამასთან, მონაწილეები 22 მილიონ ავსტრალიურ დოლარსაც გაინაწილებენ.

უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრები მატჩებს პერთში ჩაატარებს. ბასილაშვილს და მეტრეველს სასტარტო შეხვედრა 4 იანვარს ესპანეთთან ელით, რომელსაც განაცხადში რაფაელ ნადალი და რობერტო ბაუტისტა აგუტი ჰყავს.

6-ში იაპონიასთან შერკინებაა დაგეგმილი და ჩვენებურებს თამაში კეი ნიშიკორისთან და იოშიჰიტო ნიშიოკასთან მოუწევთ, 8 სექტემბერს კი ჯგუფის მე-4 წევრთან მატჩი შედგება.

ATP CUP

A ჯგუფი: სერბეთი, საფრანგეთი, სამხრეთ აფრიკა, გაირკვევა ნოემბერში
B ჯგუფი: ესპანეთი, იაპონია, საქართველო, გაირკვევა ნოემბერში
C ჯგუფი: შვეიცარია, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, გაირკვევა ნოემბერში
D ჯგუფი: რუსეთი, იტალია, აშშ, გაირკვევა ნოემბერში
E ჯგუფი: ავსტრია, ხორვატია, არგენტინა, გაირკვევა ნოემბერში
F ჯგუფი: გერმანია, საბერძნეთი, კანადა, ავსტრალია

 

კომენტარები

ბოლო ამბები