Thumbnail

ტოჩინოშინის ჰენკა - ქართველმა ოძეკიმ ენდო დაამარცხა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ტოკიოს "კოკუგიკანში" აკი ბაშოს მე-9 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. ქართველი ოძეკი ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) მეტოქე კომუსუბი ენდო იყო, რომელსაც აქამდე 6-2 ბალანსი ჰქონდა. ტაჩი აიზე ქართველმა ჰენკას მიმართა - დაჯახებამდე მარჯვნივ გახტა და მეტოქეს წაქცევაში ხელით დაეხმარა. ტოჩინოშინმა შოტა ენდოსთან ზედიზედ სამი წაგების შემდეგ იმარჯვა.

ამ მოგების შემდეგ ქართველი სუმოისტის ბალანსი 4-5-ია. ტოჩინოშინს მიზნამდე - ოძეკის ტიტულის შენარჩუნებამდე - ოთხი მოგება რჩება. ბაშოს დასრულებამდე 6 დღე რჩება.

ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე მე-5 მაეგაშირა ჩიოტაირიუ იქნება, მათი ორთაბრძოლა ბაშოს მე-10 დღეს ასრულებს. ჩიოტაირიუსთან ლევანს დადებითი ბალანსი აქვს: 7:2. 

შეგახსენებთ, რომ ბაშოზე ტრავმის გამო აღარ არიან დიდი ჩემპიონები ჰაკუჰო და კაკურიუ და არც ოძეკი ტაკაიასუ. 8-1 ბალანსით ორი რიკიში ლიდერობს: მე-8 მაეგაშირა ოკინოუმი და მე-10 მაეგაშირა მეისეი.  

ჯურიოს დივიზიონის მე-10 ნომერი გაგამარუ კოტონოვაკასთან დამარცხდა და ახლა ქართველ სუმოისტს 3-6 ბალანსი აქვს, მისი შემდეგი მეტოქე ჯურიოს მე-14 ნომერი ასაგიოკუსეი იქნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები