Thumbnail

'მან ვერ ნახა, რას მივაღწიე' - რონალდოს მამის უცნობი კადრები აჩვენეს და აატირეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტელეგადაცემაში სტუმრად მისულ იუვენტუსის ფორვარდს მამის უცნობი კადრები აჩვენეს
  • 34 წლის პორტუგალიელისთვის ეს იმდენად ემოციური იყო, რომ მან ცრემლი ვერ შეიკავა 

ტურინის იუვენტუსისა და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ცრემლი ვერ შეიკავა, როდესაც სტუმრად ტელეპროგრამა Good Morning Britain-ში, პირს მორგანთან ინტერვიუს დროს, გარდაცვლილი მამის ვიდეოკადრები იხილა. 

გადაცემის ფრაგმენტი ტვიტერზე გამოქვეყნდა, მისი სრული ვერსია კი ეთერში 17 სექტემბერს გავა.

ცნობილია, რომ ჟოზე ავეირუ ალკოჰოლიზმით იყო დაავადებული და 2005 წელს, 52 წლის ასაკში, თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა. მაშინ კრიშტიანო რონალდო 20 წლის იყო. 

ხანმოკლე ვიდეორგოლში რონალდოს მამა საუბრობს იმაზე, თუ როგორ ამაყობს თავისი ვაჟით. ამის დანახვაზე კრიშტიანომ ცრემლი ვერ შეიკავა და განაცხადა: 

"ეს ვიდეო აქამდე არასდროს მენახა. დაუჯერებელია. ის ვერ მოესწრო ჩემს მიღწევებს. მან ვერ იხილა, როგორ მოვიგე ტიტულები, რას მივაღწიე. ჩემმა ოჯახმა, დედამ, ძმებმა, ჩემმა უფროსმა ვაჟმაც კი, ეს ყველაფერი ნახეს, მაგრამ მამაჩემმა ვერ ნახა".

როდესაც ჟოზე ავეირუ გარდაიცვალა, კრიშტიანო სულ 20 წლის იყო

მორგანის შეკითხვაზე, თუ რაოდენ ბევრს ნიშნავს მისთვის მამის სიტყვები სიამაყესთან დაკავშირებით, "ოქროს ბურთის" ხუთგზის მფლობელმა თქვა:

"ბევრს. მეგონა, ჩემი ინტერვიუ სახალისო იქნებოდა, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, თუ ავტირდებოდი. ეს კადრები აქამდე არასდროს მქონდა ნანახი. არ ვიცი, საიდან მოიძიეთ… ეს კადრები მეც უნდა მქონდეს, რათა ოჯახის წევრებს ვაჩვენო.

მამაჩემს ნამდვილად არ ვიცნობ 100 პროცენტით. ის ალკოჰოლიკი იყო და სერიოზული საუბარი მასთან არასდროს მქონია. ეს ძალიან რთული იყო".

კრიშტიანომ კარიერის განმავლობაში ჩემპიონთა თასი ხუთჯერ აღმართა

ხუთი "ოქროს ბურთის" მფლობელი 34 წლის კრიშტიანო რონალდო არის ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის გამარჯვებული. პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში ფორვარდმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი მოიგო, 2019 წელს კი - უეფას ერთა ლიგა.

კომენტარები

ბოლო ამბები