Thumbnail
  • გერმანელი ფეხბურთელობის წლებს იხსენებს.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იურგენ კლოპი ყველას უყვარს, ეს მისი თვითირონია და გულახდილობაა. "მე არასოდეს მითამაშია თქვენს დონეზე და არასოდეს მოგაჩვენებთ თავს ისე, რომ ყველაფერი ვიცი - მაგრამ ყოველთვის ვეცდები, რომ დაგეხმაროთ." ამ სიტყვებით მიმართა კლოპმა ფეხბურთელებს, როდესაც დორტმუნდის ბორუსიაში დანიშნეს.

კლოპმა მაინცის მაისურით მეორე ბუნდესლიგაში კლუბისთვის სარეკორდო - 325 მატჩი ჩაატარა. ამის გაკეთება, მეორე დივიზონშიც კი, დიდი შრომისა და თავდადების გარეშე შეუძლებელია. თავიდან ლივერპულის მწვრთნელი ფორვარდი გახლდათ, მაგრამ შემდეგ კარიერის დიდი ნაწილი ცენტრალურ მცველად ითამაშა.

იურგენ კლოპი 
მაინცი 1990-2001

კლოპის საფეხბურთო კარიერაში ყველაზე დიდი დღე, 1991 წლის 31 აგვისტოა. ამ დღეს, მაინცმა ერფურტს გასვლაზე 0:5 მოუგო, სადაც კლოპმა 4 გოლი გაიტანა - კიდევ ერთი საკლუბო რეკორდი, რომელიც მხოლოდ 20 წლის შემდეგ განემორდა.

მაშინდელმა მაინცის მწვრთნელმა რობერტ იუნგმა თქვა, რომ კლოპი მომდევნო წელს გუნდში აღარ იქნებოდა და რომელიმე დიდი კლუბი წაიყვანდა. თვითონ ახალგაზრდა მოთამაშემაც კიკერთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბუნდესლიგაში ტრანსფერის იმედი ჰქონდა. მაგრამ ტრანსფერი არ შედგა, კლოპმა კარიერის დარჩენილი წლებიც მაინცში გაატარა.

"კალე ფიორსტერი ყველასგან გამოირჩეოდა, სასწაული მენტალობის მქონე მოთამაშე იყო!"

მთელი კარიერა, მაშინ როდესაც ფორვარდი იყო, მერეც როდესაც მცველი გახდა - 4 ნომრიანი ეცვა, ამით თავისი საყვარელ მოთამაშეს, შტუტგარტის ცენტრალურ მცველს - კარლჰაინც ფიორსტერს ბაძავდა. "მე ფეხბურთელში ყოველთვის ქცევა და ხასიათი უფრო მაინტერესებდა, ვიდრე ნიჭი. ამ მხრივ, კალე ფიორსტერი ყველასგან გამოირჩეოდა, სასწაული მენტალობის მქონე მოთამაშე იყო!" თქვა კლოპმა ფიორსტერზე.

ეს ეპიზოდი, პერიოდულად ალბათ რაღაცით გამოიხატება ხოლმე მის სამწვრთნელო საქმიანობაში, მოედანზეც და მოედანს მიღმაც. მაგალითად, თუ როგორ ენდობა ხოლმე ის დღემდე, არც ისე კარგ ფორმაში მყოფ, მაგრამ მყარი ხასიათის მქონე პროფესიონალს, ვეტერან ჯეიმს მილნერს.

"ფეხბურთელში ყოველთვის ქცევა და ხასიათი უფრო მაინტერესებდა, ვიდრე ნიჭი"

ერთხელ ჟურნალისტმა ჰკითხა, მთელი კარიერა მეორე დივიზიონს როგორ ვერ გასცდიო... პირველი დივიზიონის თავი მქონდა და მეოთხე დივიზიონის ფეხები - შედეგად მეორე დივიზიონს ვაკმაყოფილებდიო - უთხრა კლოპმა.

1995 წელს მაინცში მთავარ მწვრთნელად ვოლფგანგ ფრანკი მიიყვანეს, არიგო საკის იდეების გამტარებელი და ზონალური დაცვის ერთ-ერთი პიონერი. სწორედ მისგან შეიძინა კლოპმა ის საწყისი სამწვრთნელო თვისებები, რაც შემდეგ კარიერის განვითარებაში დაეხმარა.

2001-ში კლუბი უმწვრთნელოდ დარჩა, მაინცის დირექტორმა კრისტიან ჰაიდელმა ახალი კანდიდატურის ძებნას დიდი დრო არ მოანდომა, გასახდელში ჩავიდა და კლუბის საჭე გუნდის ვეტერან კაპიტანს - იურგენ კლოპს გადააბარა. დანარჩენი უკვე როგორც იტყვიან სხვა ისტორიაა, ჩემპიონათა ლიგის ფინალებით, ენფილდის საღამოებით და მძიმე მეტალით გაჯერებული.
 

კლოპის საყვარელი ფეხბურთელი: კარლჰაინც ფიორსტერი

- შტუტგარტი (1977-86), მარსელი (1986-90)
- გერმანიის ნაკრები (1978-86)

კარლჰაინც ფიორსტერი
ბუნდესლიგა 1983-84, ევროპის ჩემპიონატი 1980, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი 1982, 1986

 

კომენტარები

ბოლო ამბები