Thumbnail

გასული უქმეები ბარაქიანი გამოდგა ესპანეთში მოთამაშე ქართველი კალათბურთელებისთვის. ახალი სეზონისთვის მზადების ციკლში თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ბასკთა თასი მოიპოვა, გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფე კი კოსტა ადეხეს თასის გამარჯვებული გახდა.

ბასკონიელებმა წარმატებას ეუსკალის თასზე მიაღწიეს, რომელსაც ბასკეთის კალათბურთის ფედერაცია ატარებს და თოკოს გუნდს მეტოქეც ტრადიციული ჰყავს ხოლმე ბილბაო ბასკეტის სახით.
ამჯერად, ბასკონიამ პირველი მეოთხედი 6 ქულის სხვაობით დათმო, საბოლოოდ კი, დამაჯერებლად – 66:55 იმარჯვა, რაშიც გუნდის ქართველმა კაპიტანმა დიდი წვლილი შეიტანა.

თორნიკე შენგელია 15 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო

შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24:23 წუთში ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.ჱთორნიკემ 9-დან 7 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 15 ქულას 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიაყოლა და მატჩის შემდეგ თასიც შემართა.

ბასკონიელები მომდევნო მატჩს 19 სექტემბერს, უკვე არაბა-ალავიის თასზე შერმადინის იბეროსტარ ტენერიფეს წინააღმდეგ ჩაატარებენ, რომელმაც კოსტა ადეხეს თასის გადამწყვეტ მატჩში ფუენლაბრადას 103:75 მოუგო.

ქართველი ცენტრი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 16:19 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 9-დან 5 ორქულიანი გამოიყენა, მის გარდა კი, 10 ან მეტი ქულა კუნძულელთა ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა ჩააგდო, რაც იბეროსტარის კარგ გუნდურ თამაშზე მეტყველებს.

გიორგი შერმადინი ადეხეს თასის გამარჯვებული გახდა 

ტენერიფელები მომდევნო შეხვედრას კვლავ ფუენლაბარადას წინააღმდეგ დღეს ჩაატარებენ და გამარჯვების შემთხვევაში უკვე ისოლას თასს  ჩაიბარებენ.

თანამემამულეთაგან განსხვავებით, წარუმატებელი დღე ჰქონდა ბექა ბურჯანაძეს, რომლის გრან კანარიაც ხეტაფეს ტურნირის სასტარტო შეხვედრაში შერმადინის ყოფილ გუნდ უნიკახასთან 60:81 დამარცხდა.

ბექა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24:39 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

ბექა ბურჯანაძე ოთხ ქულას დასჯერდა

გრან კანარია დღეს ძალებს ესტუდიანტესთან მოსინჯავს, 18 სექტემბერს კი, უკვე ხსენებულ ფუენლაბრადასთან შერკინება ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები