Thumbnail
  • ქართველების სან ხოსემ სტუმრად ნიუ იორკ სიტისთან ანგარიშით 1:2 წააგო
  • ყაზაიშვილმა MLS-ის რეგულარულ ჩემპიონატში მე-5 საგოლე პასი მიითვალა  

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სან ხოსეს შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი MLS-ში მორიგი საგოლე პასით გამოირჩა. სან ხოსემ სტუმრად ნიუ იორკ სიტისთან ითამაშა და ანგარიშით 1:2 დამარცხა. 

სტუმართა ქართველმა ლეგიონერებმა, გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა სასტარტო შემადგენლობაში, შეუცვლელად ითამაშეს. ანგარიში კი სწორედ ვაკოს პასის შემდეგ, მე-20 წუთზე გაიხსნა. 26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა საგოლე გადაცემით სან ხოსეს მთავარი ბომბარდირი, კრის ვანდალოვსკი მოამარაგა. 

ვაკო ყაზაიშვილის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებულ 28 მატჩში 8 გოლი და 5 საგოლე პასია

გოლის გატანის კარგი შანსი გურამ კაშიასაც ჰქონდა, ყაზაიშვილს კი აქტივში კიდევ ერთი საგოლე პასის ჩაწერა შეეძლო. კუთხურის შემდეგ, ვაკომ ბურთი თავით გურამს დაუგდო და ამ უკანასკნელმაც თავით სცადა გატანა.

სამწუხაროდ, მატიას ალმეიდას შეგირდებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, ორი გოლი გაუშვეს და საბოლოოდ დამარცხდნენ. ეს სან ხოსეს ზედიზედ მეორე წაგებაა MLS-ში. 

ქართველების გუნდს რეგულარულ ჩემპიონატში ჩატარებულ 30 მატჩში 13 მოგება, 5 ფრე და 12 მარცხი აქვს და 44 ქულით დასავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-5 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას სან ხოსე 21 სექტემბერს, სტუმრად ატლანტა იუნაიტედთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები