Thumbnail
  • გოლდენ სტეიტმა დალასს შანსი არ დაუტოვა.
  • იოლი გამარჯვება ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ.
  • ზაზა ფაჩულიას და დირკ ნოვიცკის მეგობრული შეხვედრა.

ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, გოლდენ სტეიტმა დალას მავერიკსის დამარცხება შეძლო. NBA-ს მოქმედმა ჩემპიონებმა დირკ ნოვიცკი და კომპანია 121:103 დაამარცხეს. შედეგად, დენვერთან და ოკლაჰომასთან წაგებული შეხვედრების შემდეგ ზაზა ფაჩულიამ და მისმა თანაგუნდელებმა ხასიათი გამოიკეთეს.

გოლდენ სტეიტის ქართველი ცენტრი, რა თქმა უნდა, სასტარტო ხუთეულში იყო, პარკეტზე 12 წუთი გაატარა და მის ანგარიშზე 8 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასია. ზაზამ ოთხიდან სამი 2-ქულიანი ჩააგდო და ორივე საჯარიმო ზუსტად ესროლა. აღსანიშნავია, რომ ხუთიდან სამი მოხსნა ფაჩულიას შეტევაში ჰქონდა, ორი - დაცვაში.

დალასი გოლდენ სტეიტს საკმაოდ დიდხანს უძალიანდებოდა - პირველი მეოთხედი ნოვიცკიმ და კომპანიამ სულაც 10-ქულიანი უპირატესობით, 33:23 მოიგეს. სამაგიეროდ, მეორე პერიოდი უორიორსმაც 10 ქულით, 37:27 მოიგო და შედეგად, პირველი ტაიმი ფრედ (60:60) დასრულდა. მეორე ნახევარში კი დალასს ძალები აღარ ეყო.

დალასიდან საუკეთესო დენის სმიტი გახლდათ, რომელმაც 22 ქულა მოიპოვა. ვეტერანმა დირკ ნოვიკიმ, რომელიც კარიერის კიდევ ერთი წლით გაგრძელებაზე ფიქრობს, 16 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

როგორც იცით, ზაზა ფაჩულია და დირკ ნოვიცკი მეგობრები არიან და ერთმანეთს ასე შეხვდნენ:

გოლდენ სტეიტიდან ყველაზე შედეგიანი კევინ დურანტი იყო - 24 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი. სტეფ კარიმ 20 ქულა, 7 მოხსნა და 8 პასი დააგროვა, კლეი ტოპმსონმა კი - 18 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი.

ამრიგად, დალასმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და 17 მოგებითა და 38 მარცხით კვლავ დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერია. გოლდენ სტეიტს 42 მოგება და 13 მარცხი აქვს - უორიორსი, რა თქმა უნდა, ლიდერობს. ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 11 თებერვალს, სან ანტონიოსთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები