საქართველოს ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩში დინამო ბათუმმა ლოკომოტივს უმასპინძლა და ზედიზედ მეხუთე გამარჯვების შემდეგ ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა. ამ მატჩში ის რამდენიმე ფაქტორი გამოიკვეთა, რომლებსაც ბათუმელთა თამაშისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს.
ეფექტური მაღალი პრესინგი
ბათუმის დინამოს თამაში მაღალ პრესინგს ეფუძნება. ლოკომოტივთან შეხვედრაში მთელი მატჩის, განსაკუთრებით კი პირველი ტაიმის მანძილზე, ბათუმელთა პრესინგი ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. პრესინგში სულ მცირე ხუთი, რიგ შემთხვევებში კი ექვსი მოთამაშე იყო ჩართული - შემტევ ოთხეულს (ჯოვინო, დვალიშვილი, ჯიღაური, რამოსი), ყოველთვის ეხმარებოდა მამუჩაშვილი, რიგ მომენტებში კი ტეიდიც. გეგუჩაძის გუნდი პრესინგის დროს სინქრონულად მოძრაობს - ჩანს, რომ გუნდური მოძრაობა ამ სათამაშო ასპექტის დროს კარგად დალაგებულია და ბათუმელთა პრესინგი არა ემოციას და სათამაშო აგრესიას, არამედ ჰარმონიულ მოძრაობას ეფუძნება.
ბათუმელები პრესინგის დროს ძალიან კარგად უკეტავდნენ ლოკომოტივს მოკლე ან საშუალო პასით დაცვიდან ამოსვლის შესაძლებლობას და აიძულებდნენ, გრძელი პასით ან უმისამართო მოგერიებით დაეწყოთ შეტევა. შედეგად, მეტოქემ მატჩის პირველი 60 წუთის განმავლობაში სულ რამდენჯერმე მოახერხა დაცვიდან ორგანიზებულად ამოსვლა და დიდი ძალებით პოზიციურ შეტევაში გადასვლა. პრესინგის შედეგად, დინამო მეტოქის ნახევარზევე ახერხებდა ბურთის მოპოვებას იმ ზონებსა და ეპიზოდებში, საიდანაც სახიფათო შეტევის ორგანიზება კარგად შეიძლებოდა. ბათუმელებს უფრო უკეთ რომ მოეხერხებინათ სახიფათო ეპიზოდების დარტყმებად გარდაქმნა, დიდი ალბათობით, ორ გოლზე მეტის გატანასაც მოახერხებდნენ. პრესინგს ბათუმელთა თამაშისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
დვალიშვილი - დინამოს საკვანძო ფეხბურთელია
გულშემატკივარი დამეთანხმება - საფეხბურთო იღბალი ხშირად ლადო დვალიშვილის მხარეს არ არის ხოლმე. ასე იყო გუშინაც - ჯოვინოს პასის შედეგად დვალიშვილი ძალიან კარგ მომენტში აღმოჩნდა - მეკარე კარში არ იდგა, თუმცა მისი დარტყმა კარის ხაზიდან მცველმა გამოიტანა. ვერგატანილი მომენტი ემოციურად მიიღო გულშემატკივარმაც და თვითონ დვალიშვილმაც. თუმცა, ჩემი აზრით, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - დვალიშვილის ფუნქცია ბათუმის დინამოს სათამაშო სისტემაში გაცილებით მეტი და მნიშვნელოვანია, ვიდრე გატანილი გოლები.
ვიტყვი იმას, რაც ტრიბუნებიდან დავინახე: ლადო დვალიშვილი არა მხოლოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო, არამედ მოთამაშე, რომელსაც თამაშზე ყველაზე მეტი გავლენა ჰქონდა.
დინამო 4-4-2 შემადგენლობით თამაშობდა, დაცვის ხაზის წინ ნახევარდაცვის ოთხეული იდგა (ტეიდი, მამუჩაშვილი, რამოსი, ჯიღაური), შეტევაში კი დვალიშვილი-ჯოვინოს დუეტი. შეტევის დროს ეს სქემა 4-2-4-ის ფორმას იღებდა - რამოსი და ჯიღაური, განაპირა ნახევარმცველები, თავდამსხმელების ხაზზე იწევდნენ. ამ სქემის წარმატებით ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დვალიშვილია, უფრო სწორად მისი უნარი, თავდასხმის ხაზიდან უკან ჩამოვიდეს, მეტოქის კარისგან ზურგით მიიღოს ბურთი და შეტევა განავითაროს.
კორპუსით დვალიშვილი ბურთს ევროპული დონის ფორვარდივით იღებს - მეტოქის მცველებს ათლეტიზმსა და ფიზიკურ ძალაშიც ჯობნიდა და სისწრაფეშიც. სიღრმეში ამოსვლის დროს ის არამხოლოდ ვერტიკალურ პასებს იღებს და თავის გუნდს შეტევაში გადასვლის საშუალებას აძლევს, არამედ ძალიან კარგად ამოჰყავს მეტოქის მცველებიც. აკარგვინებს მათ პოზიციას, უთავისუფლებს სივრცეს ჯოვინოს, რომელიც მის ზურგს უკან მუდამ მზად არის გათავისუფლებულ ზონებში შევიდეს. დვალიშვილთან ერთად ბათუმელებს ძალიან კარგად გამოსდიოდათ ბურთის ვერტიკალურად გადატანა.
დვალიშვილი ბევრს მოძრაობდა, მოედნის სიღრმეში ამოსვლის გარდა, ფლანგებზეც ხშირად გადადიოდა, მუდამ იცვლიდა პოზიციებს, რაც მეტოქის დაცვას საქმეს ძალიან ურთულებდა, პოულობდა სივრცეებს მეტოქის დაცვის და ნახევარდაცვის ხაზებს შორის, ხშირად იყო დასარტყმელ პოზიციაზე (მე, პირადად, 7 დარტყმა დავთვალე) და ძალიან მაგარი შეტევა, ასევე ძალიან მაგარი საგოლე პასით დაასრულა.
ლადოს პასი და ჯოვის გოლი (71')
მამუჩაშვილი - ტეიდის ტანდემი
როდესაც მოედნის ცენტრში ორი ფეხბურთელი გყავს, თუ შენი მოთამაშეები ძალიან მობილურები არ არიან, ყოველთვის არის იმის რისკი, რომ მოედნის ცენტრი წააგო. კარგი ის არის, რომ მამუჩაშვილიც და ტეიდიც ერთმანეთს ძალიან კარგად ავსებენ. ტეიდი უფრო სტატიკურია, დაცვის ხაზის წინ დგას, მეტოქის შეტევის დროს ცდილობს მცველებთან კომპაქტურად იყოს განლაგებული და ძალიან კარგია ორთაბრძოლებში.
მამუჩაშვილს ბათუმელთა შორის ალბათ საუკეთესო დინამიკა აქვს - ბევრს, სწრაფად და აგრესიულად მოძრაობს. განსაკუთრებით მისი ვერტიკალური მოძრაობა არის გამოსაყოფი. იგი სიღრმიდან ერთვება შეტევაში და შემთხვევითი არ არის, რომ პირველი გოლიც სწორედ ასე გავიდა. მოედნის ცენტრიდან შეტევაში ჩართულმა მამუჩაშვილმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში ძალიან კარგად იპოვა.
მამუჩაშვილი (35')
სულ მცირე, სამი მსგავსი მომენტი დავთვალე, როდესაც მამუჩაშვილი სიღრმიდან, შეტევის მეორე ტემპით ჩაერთო და დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა.
განსხვავებულია მათი ფუნქციები ბურთის ამოტანის დროს - ტეიდი თავის ნახევარზე ჩამოდის და მცველებს ბურთის გათამაშება-ამოტანაში ეხმარება. მამუჩაშვილი, პირიქით, მეტოქის ნახევარზე გადადის, სივრცეს უქმნის პარტნიორებს ბურთის გათამაშებისთვის და კიდევ ერთი ადრესატია ბურთის მისაღებად.
თვალში მომხვდა, რომ გეგუჩაძე ამჯობინებს მეტოქის პრესინგის დროს მისი შემტევები შემტევ პოზიციაში დარჩნენ, სივრცე შექმნან, პოზიციები არ დატოვონ და ბურთის საძებნელად თავის ნახევარზე არ ჩამოვიდნენ.
გიორგი ნავალოვსკის ფაქტორი
როდესაც ბათუმელებს ბურთის შეტევაში გადატანა სურთ, მათ ორი ძირითადი ოპცია აქვთ - ზემოთხსენებული ვერტიკალური პასი დვალიშვილი/მამუჩაშვილზე ან მარცხენა ფლანგი, საიდანაც ნავალოვსკის ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, მათ იმის იმედი მუდამ აქვთ, რომ ბურთს დაცვიდან შეტევაში გადაიტანენ. შეტევაში ბათუმელთა მარცხენა ფლანგი უფრო აქტიურია, ვიდრე მარჯვენა. ნავალოვსკი მცველისთვის ძალიან კარგად ფლობს ბურთს - ხშირად მოაქვს დრიბლინგით, კარგად აწვდის და უყვარს შეტევაში ჩართვა.
საჩემპიონო თვითრწმენა?
ამ თამაშში, სეზონის სტარტთან შედარებით, თვალში მომხვდა ის, რომ დინამო ბევრად უფრო ნაკლებად თამაშობს ემოციით და მასში ბევრად მეტი თავდაჯერება და სიმშვიდე იგრძნობა. გუნდს გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს და მისი თამაშის შემხედვარე, ვერავინ იტყვის, რომ ეს გუნდი შარშან ქვედა ლიგიდან გადმოვიდა.
სეზონის სტარტზე დინამო უფრო მეტად ემოციასა და გულმხურვალე გულშემატკივართან ასოცირდებოდა, გუშინდელ მატჩში კი ჩანდა, რომ დინამომ ლიდერის როლი მენტალურად მოირგო. როგორც კი ბათუმელები ანგარიშში წინ გავიდნენ, მათ მაშინვე დააგდეს თამაშის ტემპი და აქცენტი უფრო ბურთის ხანგრძლივ ფლობაზე გააკეთეს. ანუ მოიქცნენ ისე, როგორც გამოცდილი გუნდი უნდა მოიქცეს.
დასახვეწი ის იყო, რომ მეორე გოლის შემდეგ, დინამო ზედმეტად დამშვიდდა - ეს ტრიბუნებიდანაც იგრძობოდა და მეტოქეს ერთი გოლის გაქვითვის საშუალება სწრაფადვე მისცა.
ნაჩვენები თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, მათ ისე უნდა მოეგოთ, რომ თამაშის ბოლო წუთები სანერვიულო არ ჰქონოდათ.
კომენტარები