Thumbnail

რა დაინახა მსაჯმა - არის თუ არა ეს აუტი? მთელი გერმანია ამ მომენტზე ლაპარაკობს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • საკამათო მომენტი გერმანიის ჩემპიონატში
  • ვიდეო-მსაჯმა ვოლფსბურგს 3 ქულა დააკარგვინა?

გერმანიის ჩემპიონატის მე-4 ტური პარასკევს, ფორტუნასა და ვოლფსბურგის მატჩით დაიწყო. “მგლებმა” დიუსელდორფში მხოლოდ ფრეს (1:1) მიაღწიეს და გალიდერების შანსი ხელიდან გაუშვეს, მაგრამ მატჩის შემდეგ ყველა ერთ მომენტზე ლაპარაკობდა - მომენტზე, რომელსაც ფორტუნას გოლი მოჰყვა.

► მე-16 წუთი: დიუსელდორფელმა ციმერმანმა ფლანგზე ბურთი მოიპოვა. აშკარად ჩანდა, რომ ბურთმა აუტის ხაზი გადაკვეთა, თუმცა მსაჯმა თამაში არ შეაჩერა. ციმერმანმა ფინკს ჩაუწოდა, ამ უკანასკნელმა კი გისელმანი მოძებნა, რომელსაც ძალიან ეფექტური გოლი გამოუვიდა.

რა დაინახა ვიდეო-მსაჯმა? გამოცდილი გერმანელი არბიტრი ტორსტენ კინჰიოფერი ამბობს: “ტელევიზორში მართლაც ჩანდა, რომ ბურთმა ხაზი გადაკვეთა, მაგრამ თუკი ბურთი ცოტათი მაინც ეხება ხაზს, მაშინ ეს აუტი არ არის.”

მატჩის არბიტრი მანუელ გრეფე ვიდეო-მსაჯს გაესაუბრა და გოლი ჩათვალა - მომენტის განმეორებით ნახვა კი არ ისურვა. როგორც ჩანს, ვიდეო-მსაჯებმა მომენტი სხვა რაკურსით ნახეს და ბურთის გადაკვეთა ვერ დაინახეს.

“ორ მეტრში ვიდექი. ბურთმა აშკარად გადაკვეთა ხაზი!” - ამბობს ვოლფსბურგელი ვეგჰორსტი.

“მეც თითქოს აუტი დავინახე და მსაჯს გოლი რომ არ ჩაეთვალა, არ გავაპროტესტებდით,” - ეს ფორტუნას მთავარი მწვრთნელის, ფრიდჰელმ ფუნკელის სიტყვებია. ამ გოლმა მის გუნდს მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა, ვოლფსბურგი კი 4 თამაშის შემდეგ 8 ქულით დატოვა.

📌 ბუნდესლიგის მე-4 ტურის ცენტრალური მატჩი დღეს გაიმართება: ლიდერი ლაიპციგი (9 ქულა) მიუნხენის ბაიერნს (7) მასპინძლობს.

კომენტარები

ბოლო ამბები