Thumbnail
  • ნეიმარს ამ სეზონში პსჟ-ში დებიუტი სტრასბურთან ელის
  • თომას ტუხელს იმედი აქვს, რომ ის ძველებურად ათამაშდება

14 სექტემბერს ლიგა 1-ის მე-5 ტურის მატჩში პარი სენ-ჟერმენი სტრასბურს მასპინძლობს. ეს შეხვედრა იმით არის გამორჩეული, რომ, დიდი ალბათობით, პარიზულ გრანდს ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ნეიმარი დაუბრუნდება.

პარასკევის ვარჯიშზე

27 წლის ბრაზილიელს ამ სეზონში ჯერ არ უთამაშია პსჟ-ს მაისურით. მას აღარც ელოდნენ, რომ პარიზულ კარიერას გააგრძელებდა, მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა მიილია და ნეიმარი პსჟ-მ ვერ გაასხვისა. 

ოფიციალური მიზეზი, რის გამოც ნეიმარი არ თამაშობდა, ტრავმაა, თუმცა ყველამ იცის, რომ ის სწორედ სატრანსფერო სპეკულაციების გამო არ თამაშობდა. თომას ტუხელმა დაადასტურა, რომ ნეიმარი სტრასბურთან მატჩისთვის ემზადება:

"ნეიმარი ბრუნდება და ეს შესანიშნავია, დროულია, რადგან კილიან მბაპე და ედინსონ კავანი ტრავმების გამო დაგვაკლდებიან. ახლა ყველაფერი უკვე ცხადია, ჩვენ ნეიმარის იმედი ამ სეზონშიც გვექნება. არავინ არ ფიქრობს გარეშე ფაქტორებზე, აღარც ნეი. ხვასლ ედი და კილიანი არ გვეყოლება, ნეიმარი კი მზად არის", - თქვა პსჟ-ს გერმანელმა თავკაცმა. 

2017 წლის აგვისტოში ნეიმარი ბარსელონადან პსჟ-ში €222 მილიონად გადავიდა და ამით მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. ამ ზაფხულს ბევრი ელოდა, რომ ტრანსფერი უკუმიმართულებით შედგებოდა, მაგრამ არ გამოვიდა. არც ნეიმარის რეალში გადასვლის ჭორები გამართლდა. ამასობაში, ბრაზილიელ ფეხბურთელს პსჟ-ში ურთიერთობაც დაეძაბა

"ის უნდა დაეხმაროს გუნდს მიზნების მიღწევაში. პარიზმა ნეიმარი კარგად მიიღო. მას შესაძლოა, პრობლემები ჰქონდეს პსჟ-ს ფანებთან, მაგრამ თუ ძველებურად ათამაშდება, ვფიქრობ, ყველაფერს აპატიებენ", - ამბობს ტუხელი.

4 ტურის შემდეგ პსჟ-ს 9 ქულა აქვს და ლიგა 1-ის ლიდერია. 

კომენტარები

ბოლო ამბები