Thumbnail
  • 📅 14 სექტემბერი | ⌚ 20:30 | ⚽ ლაიპციგი V ბაიერნი
  • თასის ფინალში წაგების გამო, საქსონიელებს ბავარიელებზე შურისძიება სურთ
  • ეს მატჩი ბუნდესლიგის მთავარი ბომბარდირების დუელიცაა

სანაკრებო პაუზის შემდეგ, ბუნდესლიგა ძალიან მაგარი თამაშებით ბრუნდება. გერმანიის ჩემპიონატის მე-4 ტურის ცენტრალურ მატჩში, ლიდერი ლაიპციგი ჩემპიონ და მთავარ ფავორიტ ბაიერნს მასპინძლობს. ასევე ტოპ-თამაშია დორტმუნდის ბორუსიასა და ლევერკუზენიც დუელიც. გარდა ამისა, ტრადიციულად ძალიან საინტერესო იქნება ე.წ. რაინის კლასიკა, რომელშიც კიოლნი მიონხენგლადბახის ბორუსიას უმასპინძლებს.

გერმანული უიქენდის აბსოლუტური ტოპ-მატჩი ლაიპციგისა და ბაიერნის დაპირისპირებაა. ეს გახლავთ გერმანიის თასის ფინალის რიმეიქი, რომელიც ბავარიულმა გრანდმა 3:0 მოიგო - შესაბამისად, ლაიპციგში ყველას რევანშის იმედი აქვს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლაიპციგელები ძალიან კარგ დროს ხვდებიან ბაიერნს - ლაიპციგი ერთადერთი გუნდია ბუნდესლიგაში, რომელსაც სამივე თამაში მოგებული აქვს (ბოლოს ძლიერ გლადბახთან სტუმრად, 3:1).

მიუნხენურმა გიგანტმა სეზონი მძიმედ, ბერლინის ჰერტასთან ფრით (2:2) დაიწყო, თუმცა მერე რეკორდმაისტერმა შალკე 3:0 გაანადგურა, მესამე ტურში კი მაინცს 6 გოლი გაუტანა. ასე რომ, ნიკო კოვაჩის გუნდიც შევიდა ფორმაში. შესაბამისად, ლიდერისა და მეორეადგილოსნის დუელი წესით ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს.

აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორების დაპირისპირებაცაა: ლაიპციგელ ტიმო ვერნერს 3 ტურის შემდეგ 5 გოლი აქვს (გლადბახთან ჰეთთრიკი შეასრულა), ბავარიელ რობერტ ლევანდოვსკის კი - 6. თუმცა ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ ბევრ გოლს უნდა ველოდოთ, რადგან ნიკო კოვაჩის ხელმძღვანელობით ბაიერნმა ლაიპციგთან 3 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და რეკორდმაისტერი ამ შეხვედრებში არათუ არ დამარცხებულა, გოლიც კი არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ ბაიერნს ლეონ გორეტცკა დააკლდება.

საინტერესო ფაქტები

⚽ ლაიპციგს ბუნდესლიგაში ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ჰყავს - საშუალო ასაკი 23,89 წელი. ბაიერნის ფეხბურთელების საშუალო ასაკი 25,76 წელია.

⚽ ლაიპციგი ერთადერთია ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, რომელმაც სამივე თამაში მოიგო. ამ სამივე თამაშში ლაიპციგელებმა ანგარიში გახსნეს და პირველი ტაიმიც მოიგეს. 

⚽ ლაიპციგს და ბაიერნს ბუნდესლიგაში ერთმანეთის წინააღმდეგ 6 მატჩი აქვთ ჩატარებული, რომელთაგან ლაიპციგმა მხოლოდ 1 მოიგო (1 ფრე, 4 წაგება).

⚽ ბაიერნი ამ სეზონში წაუგებლად ასპარეზობს და ცენტრალური მატჩი ბოლოს თებერვალში წააგო. 

⚽ ბაიერნს ამ სეზონში საშუალოდ 3,5-ზე მეტი გოლი გააქვს, ლაიპციგს - ზუსტად 3.

⚽ ტიმო ვერნერმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის სამივე მატჩში პირველ ტაიმში გაიტანა.

⚽ რობერტ ლევანდოვსკიმ ამ სეზონში ორჯერ გახსნა ანგარიში. მან სამივე თამაშში შეძლო გატანა. სეზონში პირველი 5 გოლი სწორედ პოლონელის ანგარიშზე იყო - პირველ ტურში დუბლი, მეორეში ჰეთთრიკი.

⚽ ლაიპციგის სამივე თამაშში 75-ე წუთის შემდეგ ჯამში 4 გოლი გავიდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ლაიპციგი (3-5-2): გულაჩი - მუკიელე, კონატე, ორბანი - კლოსტერმანი, ზაბიტცერი, დემე, ფორსბერგი, ჰალსტენბერგი - პოულსენი, ვერნერი.

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, ზიულე, ერნანდესი, ალაბა - კიმიხი, ტიაგო ალკანტარა - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.

გამოკითხვა

ვინ გახდება გერმანიის ჩემპიონი?

  • ბაიერნი
  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი
  • ლევერკუზენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები