Thumbnail
  • ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის საგზური მოიპოვა
  • მატჩის გმირი ტორონტო რეპტორსის ცენტრი მარკ გასოლი გახდა

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე პირველი ფინალისტის ვინაობა გაირკვა. პეკინში გამართულ სასტარტო ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებმა ავსტრალიას 2 ოვერტაიმის თავზე 95:88 სძლია და ოქროს მედალს მიუახლოვდა.

თამაშის გმირი ტორონტო რეპტორსის 34 წლის ცენტრი მარკ გასოლი გახდა, რომელმაც მოედანზე 38:47 წუთი გაატარა და 33 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 2 დაფარება მოაგროვა. ესპანელმა ვარსკვლავმა 10-დან 8 ორქულიანი, 9-დან 3 სამქულიანი და 8-ვე საჯარიმო ჩააგდო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 33-ს გაუტოლდა.

მატჩის ძირითადი დროის ბოლოს ნამდვილი დრამა დატრიალდა. საფინალო სირენამდე 8.7 წამით ადრე, მარკ გასოლმა 2 საჯარიმოთი ესპანელები 71:70 დააწინაურა, შემდეგ იერიშში ხაზზე პატი მილსი დადგა და მხოლოდ 1 ცდა გამოიყენა, ზედ ბოლო წამზე კი, რიკი რუბიომ ცენტრიდან ისროლა და მიზნამდე სულ ცოტა დააკლდა.

📺 ესპანეთი - ავსტრალია 95:88

პირველ ოვერტაიმში სერჯო სკარიოლოს შეგირდები 5 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა, ავსტრალიამ წონასწორობა აღადგინა და მოგებასთან ახლოს იყო. ამ დროს საქმეში ისევ გასოლი ჩაერთო, 4 წამით ადრე 2 ჯარიმით ანგარიში გაათანაბრა, მეტიუ დელავედოვას ორქულიანი კი მიზანს ასცდა.

თამაშის ბედი მე-2 ოვერტაიმში გადაწყდა, სადაც “მწვანე კონტინენტის” წარმომადგენლებმა შეცდომებს უხშირეს, ესპანელმა ვარსკვლავებმა კი თავისი მაინც გაიტანეს. ამ პერიოდში გადამწყვეტი სერხიო ლულის 2 სამქულიანი გამოდგა, რამაც პირენეელებს 8-ქულიანი უპირატესობა მისცა და ევროპელებს საქმის ბოლომდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ.

ნახევარფინალს საპატიო სტუმართა რანგში მანუ ჯინობილი და კობი ბრაიანტიც დაესწრნენ 

ესპანელების წარმატებაში დიდი წვლილი ხსენებულმა ლულმა (17 ქულა) და რიკი რუბიომაც შეიტანეს, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა – 19 ქულა, 12 პასი, 7 მოხსნა. ავსტრალიელებს პატი მილსმა ულიდერა, რომელმაც თითქმის შეუცვლელად – 45 წუთს ითამაშა და 32 ქულა ჩააგდო.

ესპანელებს მსოფლიოს ჩემპიონატი 2006 წელს ერთხელ უკვე მოგებული აქვთ (ფინალში საბერძნეთს სძლიეს), მათი მომავალი მეტოქე კი დღესვე გაირკვევა, როდესაც ჩინეთის დედაქალაქში არგენტინა საფრანგეთს გაეჯიბრება. ეს თამაში თბილისის დროით 16:00 საათზე გახლავთ დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები