Thumbnail
  • მსოფლიოს ჩემპიონატზე აშშ-ის ნაკრების ფიასკოს დისკუსიები მოჰყვა
  • მაილზ ტერნერმა ლებრონ ჯეიმსი, სტეფ კარი და სხვები გააკრიტიკა

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე აშშ-ის ნაკრების ფიასკოს შემდეგ, ამერიკულმა მედიამ გრეგ პოპოვიჩი და მისი გუნდი, რა თქმა უნდა, მკაცრად გააკრიტიკა. თუმცა, მედალს მეორე მხარეც აქვს: პოპოვიჩს ძალიან ბევრმა ტოპ-კალათბურთელმა უთხრა უარი და ლეგენდარული მწვრთნელი იძულებული იყო, ჩინეთში არათუ მეორე, ფაქტობრივად მესამე გუნდი წაეყვანა. შედეგი: აშშ-ის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიულად დაბალ, მე-7 ან მე-8 ადგილს დაიკავებს.

“ცხოვრება გრძელდება,” - ამბობდა პოპოვიჩი საფრანგეთთან წაგების (78:89) შემდეგ. ტურნირის მთავარმა ფავორიტმა, მეორე დღეს სერბეთთანაც მწარე მარცხი (89:94) იგემა. შაბათს ამერიკელები პოლონეთს ეთამაშებიან და უკვე ფაქტია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში თავიანთ ყველაზე ცუდ შედეგს (მე-6 ადგილი 2002 წელს) გააუარესებენ.

ამერიკული კალათბურთისთვის ეს უდიდესი დარტყმაა. მართალია, ტოპ-კალათბურთელებმა ჩინეთში წასვლა არ იკადრეს, მაგრამ პოპოვიჩის გუნდი მაინც მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა. ჩვენი ამერიკელი კოლეგები წერენ, რომ ის, რაც მსოფლიოზე მოხდა, ამერიკულ კალათბურთში ყველასათვის გაკვეთილი უნდა იყოს. დიდი შანსია, რომ ტოკიოს თამაშებისთვის ნაკრებში ლებრონ ჯეიმსიც იყოს, სტეფ კარიც, ჯეიმს ჰარდენიც და სხვა ტოპ-ვარსკვლავებიც.

“მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილმა ფიასკომ უნდა მიგვახვედროს, რომ ამერიკული კალათბურთის ასე შერცხვენა არ შეიძლება, - წერს ESPN, - ტოპ-კალათბურთელებმა აუცილებლად უნდა შეცვალონ თავიანთი გეგმები მომავალი წლისთვის. მსოფლიოში უკვე ძალიან ბევრი ნაკრებია, რომელსაც ჩვენი გუნდის დამარცხება შეუძლია, თუკი ასეთი მესამეხარისხოვანი კალათბურთელებით ვითამაშებთ.”

ინდიანა პეისერსის ცენტრი მაილზ ტერნერი თანაგუნდელებს იცავს და უტევს ყველას, ვინც გუნდი გააკრიტიკა: “ჩვენ ყველაზე მეტად ვბრაზობთ იმის გამო, რაც მოხდა, - დაწერა მან ტვიტერზე, -  მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რამ დავდეთ ჩვენი ქვეყნისთვის - ჩვენი ზაფხული, ჩვენი სხეული და ჩვენი მენტალიტეტი!”

ტერნერმა შეუტია ყველას, ვინც ‘ამ მსხვერპლის’ გაღება არ ისურვა: “ჩვენ არ გავექეცით პასუხისმგებლობას და მივიღეთ გამოწვევა, რაზეც სხვებმა უარი თქვეს. ვერ მივიღებ და ვერ ავიტან ვერანაირ კრიტიკას ჩემი თანაგუნდელების მიმართ!”

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატამდე გრეგ პოპოვიჩს არაერთმა სუპერვარსკვლავმა უთხრა უარი. ლებრონისთვის, კარისთვის, ჰარდენისთვის და მსოფლიოს ჩემპიონატი მიმზიდველი არ არის. თანაც, გაისად ოლიმპიური თამაშებია და იქ ასპარეზობაზე უფრო ფიქრობენ, ზედიზედ ორი ზაფხულის “გაწირვა” კი მათთვის გამორიცხული იყო. შესაბამისად, პოპოვიჩის განკარგულებაში დარჩნენ ის კალათბურთელები, რომლებიც NBA-ს აბსოლუტურ ელიტას არ მიეკუთვნებიან.

“ვინც ამბობს, რომ ეს B გუნდი იყო, ძალიან დიდ შეცდომას უშვებს,” - წერს USA Today, - “ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე C გუნდი უფრო თამაშობს და საერთაშორისო დონისთვის ეს საკმარისი აღარ არის.”

ამერიკის ნაკრებმა ჯერ კიდევ ტურნირამდე წააგო ტესტ-მატჩი ავსტრალიასთან და ეს გახლდათ პირველი ნიშანი იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი არცისე ძლიერი იყო. მერე იყო თურქეთთან დრამატული მატჩი, რომელშიც ამერიკელებს ოვერტაიმი დასჭირდათ. თურქეთთან, რომელმაც ტურნირი საბოლოოდ 22-ე ადგილზე დაასრულა.

პლეი ოფში, საფრანგეთმა პოპოვიჩის გუნდი აშკარად დაჯაბნა. რუდი გობერის გარშემო აწყობილი გუნდი გაცილებით ძლიერი და დისციპლინირებული ჩანდა. ევროპული გუნდების დონემ ამერიკელები გააკვირვა. არადა, 2016 წელს, რიოში, კევინ დურანტს, კაირი ირვინგს და კარმელო ენტონისაც გაუჭირდათ ფრანგების დამარცხება (100:97).

წაიკითხერა დაემართათ ფავორიტებს - სენსაციური ჩემპიონატი ჩინეთში

 

კომენტარები

ბოლო ამბები