Thumbnail

ახალი კონტრაქტი კრისტიან ერიკსენს - ტოტენჰემს დანიელის გაშვება არ სურს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლონდონელებმა 27 წლის ნახევარმცველს ახალი, 5-წლიანი ხელშეკრულება შესთავაზეს
  • დანიელი, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება, არაერთ კლუბს სურს

ლონდონის ტოტენჰემს დანიელი ნახევარმცველის, კრისტიან ერიკსენის თავის რიგებში შენარჩუნება დიდი ხნით სურს. 27 წლის ფეხბურთელი სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება.

როგორც ირკვევა, ლონდონელებმა ნახევარმცველს ახალი ხელშეკრულება შესთავაზეს, რომელიც ხუთწლიანია და მასში ხელფასად წელიწადში 7,5 მილიონ ევროა გათვალისწინებული.
 
კრისტიანს საბოლოო პასუხი ჯერ არ უთქვამს და მოლაპარაკებები გრძელდება. ამავდროულად, ფეხბურთელსა და კლუბს შორის ურთიერთობას თვალს მადრიდის რეალი, ტურინის იუვენტუსი, პსჟ, მადრიდის ატლეტიკო და მილანის ინტერი ადევნებენ.

პოჩეტინო ამტკიცებს, რომ კრისტიანი კლუბში ბედნიერია

კრისტიან ერიკსენს მოქმედი კონტრაქტი ტოტენჰემთან ამ სეზონის ბოლომდე აკავშირებს. გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დანიელით რეალი და მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდებოდნენ. იწერებოდა, რომ დანიელს ლონდონელებთან კონტრაქტის გახანაგრძლივება არ სურდა, კლუბი კი მის გაყიდვას, სულ ცოტა, 55 მილიონ ევროდ აპირებდა. როგორც ჩანს, ახლა ვითარება შეიცვალა.

ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო აღნიშნავს, რომ მას და კრისტიანს შორის პრობლემა არ არსებობს:

"კრისტიანი აქ ყოველთვის ბედნიერი იყო. ერიკსენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მას ძალიან ვაფასებთ. თუკი ის მზადაა, ითამაშოს, გავა კიდეც მოედანზე. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ თამაშობს ფეხბურთელი".

კრისტიან ერიკსენი ლონდონის ტოტენჰემში 2013 წლიდან გამოდის. კლუბის მაისურით ჩატარებულ 279 მატჩში მან 66 გოლი გაიტანა და 86 საგოლე პასი მიითვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები