Thumbnail

ევროპული გამოხმაურება - 'ლიპარტელიანი ქართული ქალთა ძიუდოს ისტორიას ქმნის'

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ევროპის ჩემპიონატის სასტარტო დღეს ოქროს მედალი ორმა ქართველმა მოიპოვა
  • ევროპულ ძიუდოს ფედერაციაში ლიპარტელიანის ტექნიკური არსენალით მოხიბლნენ

ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის სასტარტო დღეს ქართველი ძიუდოისტების წარმატებას ევროპული ძიუდოს მმართველი ორგანიზაციაც გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ გუშინ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა გიორგი თუთაშვილმა (66 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) მოახერხეს. გასაკვირი არაა, რომ EJU-ს საიტმა განსაკუთრებით ამ უკანასკნელის გარჯა გამოარჩია და სტატიას შესაბამისი სათაურიც დაურთო – “ეთერ ლიპარტელიანი ქართული ქალთა ძიუდოს ისტორიას ქმნის”.

ეთერ ლიპარტელიანმა არაერთი ლამაზი გდება შემოგვთავაზა

“ლიპარტელიანმა, რომელიც ზაგრების გრან პრის ბრინჯაოს პრიზიორია, ტრადიციული ქართული ტექნიკური არსენალი წარმოადგინა და უჩი მატას ვარიაციებით საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.

მთელი ტურნირის განმავლობაში, მხოლოდ 2 ძიუდოისტმა მოახერხა, რომ ქართველი გოგონასთვის საწყისი წუთები მაინც გაეძლო. მეოთხედფინალსა და ფინალში ჰოლანდიელმა პლეუნი კორნელისემ და იტალიელმა სილვია პელიტერიმ მაქსიმუმი გააკეთეს, თუმცა, ბოლოს მაინც ტატამზე აღმოჩნდნენ გართხმულნი. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ლიპარტელიანმა ჯერ ვაზარი მიითვალა, ბოლოსკენ კი მეტოქე კონტრშეტევაზე გამოიჭირა და იპონზე დასცა.

ეთერმა გასულ წელს სოფიაში გამართულ ევროპირველობაზე ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, რასაც გიორში გამართულ 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბრინჯაო მიაყოლა. მას შემდეგ 19 წლის ძიუდოისტმა ძალები უკვე დიდებში მოსინჯა და ზაგრებში პირველი ჯილდოც მიითვალა.

📺 ევროპის ჩემპიონატის პირველი დღის მიმოხილვა

ფინურ ვანტააში ახალგაზრდულ ევროპირველობაზე აღებული ოქროს მედალი საქართველოს გოგონათა ნაკრებისთვის ისტორიული გახლავთ, რაც ახალი ეტაპის დასაწყისი უნდა იყოს. თავად ლიპარტელიანიც თვლის, რომ ასეთი წარმატებები ქართული ქალთა ძიუდოს განვითარებისთვის ძალიან საჭიროა.

“ცხადია, ეს, ჩემთვის დიდი მიღწევაა, რომელმაც დამატებითი ენერგია უნდა მომცეს. ვფიქრობ, ოქროს მედალი ჩემს თანაგუნდელებზეც დადებითად იმოქმედებს. საკუთარ ძალებს ისინიც ირწმუნებენ და იქნებ, ამავე ტურნირზე ქართველი გოგონები კვარცხლბეკზე კიდევ ვიხილოთ”.

გუშინვე ჩინებულად გამოიყურებოდა კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი გიორგი თუთაშვილი, რომელმაც საწყის სამ რაუნდში მეტოქეები ერთი ამოსუნთქვით გაიარა, ნახევარფინალსა და ფინალში კი, ჯამში, ტატამზე 13:45 წუთი გაატარა, თუმცა, მიზნამდე მისვლა მაინც მოახერხა”.

გიორგი თუთაშვილი და მისი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი

დასასრულ შეგახსენებთ, რომ დღეს, ევროპის ჩემპიონატზე კიდევ სამ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ. 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის ტატო გრიგალაშვილი და ვლადიმერ ახალკაცი იბრძოლებენ, 70-ში კი, მარიამ ჭანტურია იასპარეზებს.

კომენტარები

ბოლო ამბები