Thumbnail
  • ჩოგბურთის ლეგენდებს საფეხბურთო სტადიონზე ეპატიჟებიან
  • როჯერ ფედერერი წლეულს კორიდის არენაზეც ითამაშებს

მადრიდის რეალი აპირებს “სანტიაგო ბერნაბეუზე” ლეგენდარული ჩოგბურთელების რაფაელ ნადალის და როჯერ ფედერერის საჩვენებელი მატჩი ჩაატაროს და მასზე საჩოგბურთო მატჩებისთვის რეკორდული მაყურებელთა რაოდენობა მიიზიდოს.

რაფაელ ნადალმა ფლორენტინო პერესის იდეა მოიწონა

ესპანური პრესის ცნობით, აღნიშნული იდეა “სამეფო კლუბის” დირექტორთა საბჭოზე იქნა განხილული და საყოველთაო მოწონებაც დაიმსახურა. რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მის შესახებ უკვე აცნობა ნადალს და წინასწარი თანხმობაც მიიღო.

მომავალი შეხვედრის თარიღი უცნობია, თუმცა, სავარაუდოა, რომ ის მას შემდეგ ჩატარდება, რაც ფედერერი კარიერას დაასრულებს.

საინტერესოა, რომ როჯერს მსგავსი მატჩი წლეულს უკვე დაგეგმილი აქვს. 37 წლის ლეგენდა 24 ნოემბერს მეხიკოს ეწვევა და კორიდის სტადიონ “პლასა მექსიკოზე” ითამაშებს.

თუ ვინ იქნება შვეიცარიელის მეტოქე, მოგვიანებით გაირკვევა, თუმცა, თუკი 41 200-კაციანი არენა შეივსო, საჩოგბურთო მატჩებზე დასწრების ახალი რეკორდი დამყარდება.

ამ დროისთვის, ყველაზე მეტი – 35 ათასი ქომაგი 2010 წელს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა ბელგიელ კიმ კლეისტერსს და ამერიკელ სერენა უილიამსს შორის.

კომენტარები

ბოლო ამბები