Thumbnail

'შევხვდებით 2020 წელს' - კლეისტერსი მეორედ ბრუნდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბელგიელ ჩოგბურთელს კორტზე მომავალი სეზონიდან ვიხილავთ
  • პირველი დაბრუნების შემდეგ, კიმმა სამი სლემ-ტურნირი მოიგო

დიდი სლემის ტურნირების 4-გზის ჩემპიონი კიმ კლეისტერსი მომავალი სეზონიდან კორტს უბრუნდება. 36 წლის ბელგიელმა ჩოგბურთელმა ეს სენსაციური ინფორმაცია ტვიტერის გვერდზე გაავრცელა. სოციალურ ქსელში ატვირთულ მცირე ვიდეოში კიმი თავის გადაწყვეტილებას ასე ხსნის.

“რა მინდა რეალურად ცხოვრებაში? უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში ყველაფერს დედობას ვუთმობდი და ეს, ძალიან მომწონდა. სიმართლეს გეუბნებით.

თუმცა, კიდევ უფრო მეტად პროფესიულ ჩოგბურთში ყოფნა მსიამოვნებდა. გამოგიტყდებით და ეს გრძნობა ძალიან მომენატრა.

და იქნებ ამ ორი ამბის შეთავსება მოვახერხო? შევძლებ, რომ სამი შვილის დედა ვიყო და ამავდროულად, კორტზეც ბოლომდე დავიხარჯო?

მოდით, ვცადოთ. მოდით, კიდევ ერთხელ დავბრუნდები. შევხვდებით 2020 წელს”.

კიმ კლეისტერსი სამი გოგონას დედაა

შეგახსენებთ, რომ კლეისტერსი 2009 წელს პირველი ქალიშვილის დაბადების შემდეგ, დიდ ჩოგბურთში ერთხელ უკვე დაბრუნდა, დიდი სლემის 3 ტურნირი მოიგო და მსოფლიო რეიტინგში პირველობა დაიბრუნა, თუმცა, 2012 წელს ისევ ტაიმ-აუტი აიღო და კიდევ 2 გოგონა გააჩინა.

ბელგიელ ჩოგბურთელს სახელოვანი კარიერის განმავლობაში 24 მილიონ დოლარზე მეტი აქვს გამომუშავებული, ჯამში WTA-ს 41 ტიტული აქვს, დიდი სლემის ტურნირებიდან კი 3-ჯერ – ამერიკის, ერთხელ კი ავსტრალიის ღია პირველობა აქვს მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები