Thumbnail
  • სერბეთის ნაკრები მეხუთე ადგილისთვის ითამაშებს, აშშ – მეშვიდესთვის
  • ბოგდან ბოგდანოვიჩმა ოც ქულაზე მეტი მეხუთე მატჩში ჩააგდო

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სერბეთის ნაკრებმა აშშ 94:89 დაამარცხა. ტურნირის დაწყებამდე ამ შერკინებას ბევრი ელოდა, თუმცა, ალბათ, ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, რომ ფავორიტები ერთმანეთს მეხუთე-მერვე ადგილებისთვის მატჩში გადაეყრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ გრეგ პოპოვიჩის მიერ გაწვრთნილი ამერიკელები მეოთხედფინალში საფრანგეთთან 79:89 დამარცხდნენ, საშა ჯორჯევიჩის გუნდი კი არგენტინას ვერ გაუმკლავდა – 87:97.

დღევანდელი მატჩის წინ, მეტოქეთა ბანაკში ხალისი ნაკლებად შეიმჩნეოდა, თუმცა, როგორც სჩანს, მატჩისთვის მეტი მოტივაცია მაინც ევროპელებს ჰქონდათ შერჩენილი.

სერბებმა საოცრად დაიწყეს, პირველ მეოთხედში მეტოქე 32:7 გაანადგურეს და მართალია, დარჩენილ დროში აშშ-მ წამოწევა მოახერხა, მარცხს მაინც ვერ გადაურჩა.

გრეგ პოპოვიჩმა დუელი საშა ჯორჯევიჩთანაც წააგო

საინტერესოა, რომ ჯორჯევიჩმა სათადარიგოთა სკამზე დატოვა მიროსლავ რადულიცა, სტეფან ბირჩევიჩი და მარკო გუდურიჩი, მარკო სიმონოვიჩს კი მხოლოდ რამდენიმე წუთი დაუთმო.

ისე გამოვიდა, რომ მატჩის მთელმა სიმძიმემ 8 კალათბურთელზე გადაიარა, თუმცა, მათ თავი არ შეურცხვენიათ. შეუჩერებელი იყო საკრამენტო კინგსის უკანახაზელი ბოგდან ბოგდანოვიჩი, რომელმაც ერთბაშად 7 სამქულიანი ჩააგდო და 28 ქულას 6 პასი წაამატა. შედეგად, ბოგდანოვიჩი პირველი კალათბურთელი გახდა, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატზე 20 ქულაზე მეტი ერთბაშად ხუთ მატჩში ჩააგდო.

📺 სერბეთი - აშშ 94:89

ამერიკელთა მხრიდან საუკეთესო ჰარისონ ბარნსი იყო 22 ქულით, კემბა უოკერმა 18 ქულა ჩააგდო, კრის მიდლტონმა – 16, ხოლო ინდიანა პეისერსში გოგა ბითაძის თანაგუნდელმა მაილს ტერნერმა 10 ქულას 5 მოხსნა წაამატა.

ამგვარად, მსოფლიოს პირველობის მე-5 ადგილისთვის მატჩში სერბეთი ჩეხეთს და პოლონეთს შორის უმჯობესს შეხვდება, მე-7 პოზიციას კი აშშ და ხსენებულ წყვილში დამარცხებული გაითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები