Thumbnail

‘ბევრი ფული მქონდა და იდიოტივით ვიქცეოდი!’ - ბოატენგის რჩევა ახალგაზრდებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კევინ-პრინს ბოატენგი უკვე საკმაოდ თვითკრიტიკულია
  • ნახევარმცველი ამბობს, რომ შეცდომებზე ისწავლა

ფლორენციის ფიორენტინას ნახევარმცველმა კევინ-პრინს ბოატენტმა, რომელიც უკვე 32 წლისაა, კარიერის ადრეული წლები გაიხსენა და საკუთარი თავის მიმართ საკმაოდ კრიტიკული განცხადებები გააკეთა.

ბოატენგს პრობლემები მაშინ დაეწყო, როდესაც ბერლინის ჰერტა დატოვა და ტოტენჰემში გადავიდა. ეს 2007 წელს მოხდა. სპურსში მან 2 წელი გაატარა და მხოლოდ 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

“ნამდვილი იდიოტი ვიყავი. ნიჭი მქონდა, მაგრამ ვარჯიშებზე მხოლოდ იმდენად ვიხარჯებოდი, რამდენიც აუცილებელი იყო და რამდენსაც მთხოვდნენ. ზედმეტი არასდროს მივარჯიშია. გასახდელში ყოველთვის ბოლო შევდიოდი და პირველი გამოვდიოდი. მეგობრებთან ერთად მუდმივად ღამის კლუბებში დავდიოდი. ბევრი ფული მქონდა და მეფესავით ვცხოვრობდი. ფიტნეს-სტუდიაში არასდროს მივსულვარ. ამ ყველაფერმა ჩემს კარიერაზე მოგვიანებით იმოქმედა,” - განაცხადა ბოატენგმა ‘ლა რეპუბლიკასთან’ ინტერვიუში.

მოგვიანებით, დეპრესიის პერიოდი დაუდგა და იმისათვის, რომ ბედნიერება დაებრუნებინა, ერთ დღეს ერთდროულად რამდენიმე ავტომობილი შეიძინა: “ტოტენჰემში ყოფნისას, ერთ დღეს სამი მანქანა ვიყიდე - ლამბორგინი, ჰამერი და კადილაკი. ახლა კი საკმარისად დიდი და გამოცდილი ბიჭი ვარ იმისათვის, რომ ახალგაზრდებს ვუთხრა: კმაყოფილებას და ბედნიერებას ვერ იყიდით!”

ბოატენგი იხსენებს, რომ ოჯახშიც პრობლემები ჰქონდა, გუნდში კი განაცხადში ვერ ხვდებოდა. “ახალი ავტომობილი მხოლოდ 1 კვირით გაგაბედნიერებს, მე კი ერთდროულად სამი ვიყიდე, რათა სამი კვირა ვყოფილიყავი ბედნიერი,” - იხსენებს ბოატენგი.

ტოტენჰემის შემდეგ კევინმა დორტმუნდის ბორუსიაში სცადა ბედი, მაგრამ 2009 წელს იქაც მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა. მერე იყო პორტსმუთი, მილანი, შალკე, ლას პალმასი, აინტრახტი, სასუოლო და ბარსელონა. ახლა კი ფიორენტინაში 10 ნომერია და ორ მატჩში 1 გოლი გაიტანა.

გამოსწორდა თუ არა კევინი ბოლომდე? ამ კითხვაზე ამომწურავ პასუხს ეს სეზონი გაგვცემს.

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები