Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი სეზონის მე-3 მეოთხედში ერთ-ერთი გამორჩეული იყო
  • ქაართველი ჩოგბურთელი კორტს ფრანგულ მეცში უბრუნდება

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) მიმდინარე სეზონის მე-3 მეოთხედი შეაჯამა და გასული პერიოდის გამორჩეულ მოთამაშეთა შორის ნიკოლოზ ბასილაშვილიც დაასახელა.

“ბასილაშვილმა თავის გამოჩენა ჰამბურგის ტურნირზე მოახერხა, სადაც მისი გამარჯვებების სერია უკვე თერთმეტამდე ავიდა. ნიკოლოზმა 500-იანი კატეგორიის შეჯიბრზე 2018 წელსაც იმარჯვა, როდესაც მსოფლიოს 81-ე ჩოგანი იყო, ამჯერად კი, დასკვნით ეტაპზე უმძიმესი მატჩები გადაიტანა. ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში გერმანელ საშა ზვერევთან 2 მატჩ-პოინტი გადაარჩინა, ფინალში კი, რუს ანდრეი რუბლიოვს ასევე სამ სეტში სძლია”, - ვკითხულობთ ATP-ს საიტზე.

📺 ნიკოლოზ ბასილაშვილი - ანდრეი რუბლიოვი 7:5, 4:6, 6:3

ბასილაშვილის გარდა, რჩეულთა შორის დანიილ მედვედევი, რაფაელ ნადალი და ნიკ კირგიოსიც მოხვდნენ. მედვედევს მართლაც საოცარი პერიოდი ჰქონდა და ამერიკულ ჰარდზე გამართულ ტურნირებზე 23-დან 20 მატჩი მოიგო, ნადალმა კარიერაში მე-19 დიდი სლემი მიითვალა, კირგიოსმა კი გასულ პერიოდში ტოპ-ათეულის სამ მოთამაშეს (ნადალი, ისნერი, ზვერევი) სძლია და ვაშინგტონის 500-იან ტურნირზე იმარჯვა.

აქვე ვთქვათ, რომ 27 წლის ბასილაშვილი მცირე პაუზის შემდეგ კორტს საფრანგეთში დაუბრუნდება. მეცის ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 561 345 ევროა, სტარტს მომავალ კვირას აიღებს და თუკი არაფერი შეიცვალა, ნიკოლოზი მე-2 განთესვით ითამაშებს, პირველი კი ბელგიელი დავიდ გოფინი იქნება.

ბასილაშვილი, რომელიც ATP-ს რეიტინგში 1 895 ქულით მე-17 ადგილზეა, მეცში შარშანაც იმყოფებოდა და მეოთხედფინალში უმთავრეს ფავორიტად მიჩნეულ იაპონელ კეი ნიშიკორისთან 3:6, 6:4, 4:6 წააგო, ამდენად, 45 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი.

ამასობაში, აზიაში მიმდინარე 250-ათასიან ტურნირებს გამოეთიშნენ ქართველი გოგონები. ოქსანა კალაშნიკოვა და მონტენეგროელი დანკა კოვინიჩი ჰიროშიმას (იაპონია) პირველობის საწყის რაუნდში იაპონურ წყვილთან (ერი ჰოზუმი-მაკოტო ნინომია) 3:6, 4:6 დამარცხდნენ, სოფია შაფათავა და ბრიტანელი ემილი ვებლი-სმითი კი ნანჩინგში (ჩინეთი) სლოვენიელ დალილა იაკუპოვიჩს და ავსტრალიელ ჯესიკა მურს ვერ გაუმკლავდნენ – 4:6, 3:6.

კომენტარები

ბოლო ამბები