Thumbnail

‘მერე რა, რომ ვერ დაბრუნდა’ - მესის აზრით, ბარსა ნეიმარის გარეშეც მაგარია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბარსელონაში ყველას სჯეროდა, რომ ნეიმარი დაბრუნდებოდა
  • ლიონელ მესიმ ბრაზილიელის ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა

ბარსელონას კაპიტანმა ლიონელ მესი გაზეთ Sport-თან ინტერვიუში ნეიმარის ჩაშლილი ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

“ძალიან მინდოდა, რომ ნეიმარი ბარსაში დაბრუნებულიყო. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, გააკეთა თუ არა ბარსელონამ ყველაფერი იმისათვის, რომ ეს ტრანსფერი განხორციელებულიყო,” - განაცხადა არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა. 

შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენი და კატალონიური გრანდი სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღემდე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის გამოც ბრაზილიელი იძულებულია, პარიზში მინიმუმ იანვრამდე დარჩეს. არადა, ნეიმარმაც არაერთხელ თქვა, რომ ბარსაში დაბრუნება სურდა.

'ტრანსფერის ჩაშლის გამო იმედგაცრუებული არ ვარ, რადგან შესანიშნავი გუნდი გვყავს, რომელსაც ნეიმარის გარეშეც ნებისმიერი ტურნირის მოგება შეუძლია'

“გასაგებია, რომ პარიზულ კლუბთან მოლაპარაკებები ადვილი არ არის. მე ნეიმარის გადმოყვანა კატეგორიულად არასდროს მომითხოვია. უბრალოდ, როცა აზრი მკითხეს, ვთქვი, რომ ეს ძალიან კარგი იქნებოდა,” - დასძინა მესიმ ხსენებულ ინტერვიუში.

32 წლის არგენტინელმა იმაზეც ისაუბრა, თუ რას ნიშნავს ნეიმარი ნებისმიერი გუნდისთვის და რა დააკლდება ბარსას იმით, რომ ბრაზილიელი ვერ დაბრუნდა: “სპორტული თვალსაზრისით ნეიმარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამასთან, მისი დაბრუნებით ბარსელონა ძალიან ბევრ ფულსაც იშოვიდა. მიუხედავად ამისა, ტრანსფერის ჩაშლის გამო იმედგაცრუებული არ ვარ, რადგან შესანიშნავი გუნდი გვყავს, რომელსაც ნეიმარის გარეშეც ნებისმიერი ტურნირის მოგება შეუძლია, - ამბობს მესი.

ჩვენმა ესპანელმა კოლეგებმა მესის კონტრაქტის იმ პუნქტის შესახებაც ჰკითხეს, რომლის მიხედვითაც, მას ბარსელონადან წასვლა თითქოს უფასოდ შეუძლია: “ბარსა ჩემი სახლია და მისი დატოვება არ მსურს. მაგრამ მე ყველაფრის მოგება მინდა!”

მესი დორტმუნდთანაც არ იქნება?

შეგახსენებთ, რომ ლეო მესი ახლა ტრავმირებულია. ესპანურ მედიაში გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, 32 წლის არგენტინელი თავდამსხმელი, რომელმაც სეზონის წინ ვარჯიშზე, მარჯვენა წვივის კუნთი დაიზიანა, ვერც ლა ლიგის მომავალ ტურში - ვალენსიასთან ითამაშებს და დიდი ალბათობით, ვერც ჩემპიონთა ლიგაში, დორტმუნდთან.

ლიონელ მესის, რომელსაც ამ სეზონში საერთოდ არ უთამაშია, მოლოდინის თანახმად, ბარსელონასთან ვარჯიში 11 სექტემბერს უნდა განეახლებინა. მასთან ერთად ელოდნენ კატალონიელთა კიდევ ერთი ტრავმირებული თავდამსხმელის, ლუის სუარესის დაბრუნებასაც. მაგრამ როგორც ირკვევა, არგენტინელი კვლავ დისკომფორტს გრძნობს და ვალენსიასთან ნამდვილად ვერ ითამაშებს. ამ შეხვედრაში ასევე საეჭვოა ურუგვაელის თამაშიც.

📌 ერნესტო ვალვერდეს გუნდი ლა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრას ვალენსიასთან “ნოუ კამპზე” 14 სექტემბერს ჩაატარებს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველ თამაშს კი სტუმრად დორტმუნდში, 17 სექტემბერს, "სიგნალ იდუნა პარკზე" გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები