Thumbnail
  • ტურნირს სამი უპირველესი ფავორიტი გამოეთიშა
  • ფავორიტების მარცხის მიზეზები
  • იანისი ევროპულ კალათბურთს ვერ ერგება
  • სერბეთს დაცვითი თამაში უფრო გამოსდის
  • გობერმა ამერიკა სამწამიანში დაჩაგრა

ტურნირის წინ, მთავარ ფავორიტებად შერაცხულმა სერბეთმა, ამერიკამ და საბერძნეთმა ჩემპიონატი წარუმატებლად დაასრულეს. სერბეთს თავის უახლეს ისტორიაში ყველაზე ვარსკვლავური გუნდი ჰყავდა, თუმცა მოულოდნელად არგენტინასთან დამარცხდა. საბერძნეთის რიგებში კი პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, იანის ანტეტოკუნმპო თამაშობდა, თუმცა ბერძნები ჯერ ბრაზილიასთან დამარცხდნენ, შემდეგ კი ჩეხებს ვერ მოუგეს საკმარისი სხვაობით, ამერიკამ კი საფრანგეთთან მარცხით დაასრულა ასპარეზობა. რა მოუვიდათ ფავორიტებს?

საბერძნეთი

იანისი არაამერიკულ კალათბურთს ვერ ერგება

ბერძნების მთავარი იმედი იანის ანტეტოკუნმპო იყო. სწორედ მას უნდა შთაებერა ახალი სიცოცხლე ბერძენთა ვეტერანი გუნდისთვის. თუმცა, საპირისპიროდ გამოვიდა - იანისი არცერთ თამაშში თავის ჩვეულ სიმაღლეზე არ გამოიყურებოდა, ორ გადამწყვეტ შეხვედრაში (ბრაზილია, ჩეხეთი) მას პარკეტის დატოვება, ჯარიმების გამო, დროზე ადრე მოუწია. უკვე შემდგარ ფაქტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იანისი არაამერიკულ კალათბურთს ვერ ერგება და ალბათ ვერც მომავალში მოერგება. ეს რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული.

📌 ულტრაათლეტურ და სწრაფ იანისს შეტევისთვის სივრცე სჭირდება, არამერიკულ კალათბურთში კი მოედნის ზომები უფრო მცირეა, ვიდრე NBA-ში. ეს იანისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სივრცეს ამცირებს.

📌 NBA-სგან განსხვავებით, არაამერიკულ კალათბურთში არ მოქმედებს სამწამიანის წესი. მეტოქის ცენტრებს და ფორვარდებს შეუძლიათ სამ წამზე მეტი წყნარად დაელოდონ იანისს სამწამიან ზონაში, იმ ზონაში, საიდანაც იგი თავის ქულებს აკეთებს. სამწამიანის გარეთ იანისი არცთუ ისე შედეგიანია - ამ ჩემპიონატზეც, ტრადიციულად, კატასტროფული ზუსტი სროლების 22 პროცენტი პერიმეტრიდან.

📌 განსხვავებული წესები: არაამაერიკული თამაში ბევრად უფრო ნაკლებად ათლეტურია. იანისს, რომელიც პირველ რიგში თავისი ათლეტიზმით გამოირჩევა, ბევრად უფრო ხშირად უსტვენდნენ ჯარიმებს, ვიდრე ამას NBA-ში აკეთებენ. სწორედ ამიტომ, იგი ძალიან იოლად აგროვებდა ჯარიმებს, მათ შორის შეტევაში. ამავე დროს, არაამერიკულ კალათბურთში უფრო მკაცრად აკონტროლებენ ნაბიჯებს გარბენის დროს და აძლევენ მოთამაშეებს გარბენს. ეს იანისს მისი საყვარელი გარღვევების განხორციელებას ურთულებდა. ფიბა-ს წესები მას თავისი ძალის და ათლეტიზმის სრულყოფილად გამოხატვის საშუალებას არ აძლევდა. ტურნირი იანისმა თამაშში 3.6 ჯარიმით და 2.6 დაკარგვით დაასრულა.

გუნდი, რომელიც ვერ ეწყობა იანისს

მილუოკი ბაქსის მწვრთნელი მაიკ ბუდენჰოლცერი თამაშს იანისის ძლიერ მხარეებზე აგებს. ამისთვის მას სწრაფი და მორბენალი გუნდი ჰყავს და მილუოკიც NBA-ში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ კალათბურთს თამაშობს. საბერძნეთის ნაკრებში ყველაფერი პირიქით იყო - ეს იყო ამ ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი გუნდი.

ნაკრების ლიდერები პრინტეზისი, კალატესი, პაპანიკოლაუ, ბურუსისი - ვეტერანები არიან და მათგან სწრაფ თამაშს არავინ ელოდა. გარდა ამისა, ყველა ამ მოთამაშეს პანათინაიკოსის, ან ოლიმპიაკოსის სკოლა აქვთ გავლილი, განსხვავებით იანისისგან, რომელიც საბერძნეთის ქვედა ლიგიდან პირდაპირ NBA-ში აღმოჩნდა. ბერძნული კალათბურთი ნელი და დაცვაზე ორიენტირებულია, ეს კი იანისის სტილს არ ერგება.

გარდა ამისა, მილუოკიში მთელ გუნდს შეუძლია სამიანების სროლა, ცენტრის ბრუკ ლოპესის ჩათვლით, ეს იანისს სამწამიანს უთავისუფლებს. საბერძნეთის ნაკრებში პირიქით იყო, ნაკრების არცერთი მოთამაშე ელიტურ მსროლელად არ მიიჩნევდა. ბერძნების ლიდერები პრინტეზისი, პაპანიკოლაუ, ბურუსისი ქულებს ძირითადად სამწამიანიდან აგროვებს - ეს კი იანისს სივრცეს ართმევდა.

საბერძნეთს ჰყავდა ორი სხვადასხვა ტიპის მოთამაშეები, რომელთა ერთ სათამაშო სტილში გაერთიანება შეუძლებელი ამოცანა იყო.

მსაჯის შეცდომები

საბერძნეთი მთელი ტურნირი არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცა რომ არ ყოფილიყო მსაჯის შეცდომები, შესაძლოა, ეს გუნდი პლეი ოფში მაინც გვეხილა. ბერძნები მეოთხე მეოთხედში ჩეხებს 10-12 ქულას თითქმის 5 წუთის მანძილზე უგებდნენ. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 12 ქულიანი სხვაობა სჭირდებოდათ. სწორედ ამ დროს, როდესაც ქულა-ქულაში თამაში იყო, მისცეს იანისს მეხუთე ჯარიმა შეტევაში. ეს აშკარა შეცდომა იყო, ჯარიმა ჩეხეთს უნდა მიეღო და ბერძნებს ორი საჯარიმო სროლა ექნებოდათ. ამის ნაცვლად, მათ ბურთიც დაკარგეს, იანისიც და შემდეგ შეტევაში ჩეხებმა სხვაობა კიდევ უფრო შეამცირეს - ეს ბერძნებისთვის გადამწყვეტი დარტყმა იყო.

ეს მსაჯის ერთადერთი შეცდომა არ ყოფილა, იქამდეც მან კიდევ ერთი არცთუ ისე დამაჯერებლი ჯარიმა მისცა მილუოკის ვარსკვლავს.

სერბეთი

სათამაშო სტილის ცვლილება

საბერძნეთისგან გასხვავებით, სერბებს თამაშში სისტემური პრობლემები ნაკლებად ჰქონდათ. პირიქით, ეს გუნდი დამაჯერებლად გამოიყურებოდა. თუმცა, სათამაშო სტილის ცვლილებამ სერბეთს პლეი ოფში ცუდი სამსახური გაუწია.

სერბული კალათბურთი ყოველთვის დისციპლინაზე, ბრძოლისუნარიანობასა და კარგ დაცვაზე იდგა. ამ ფორმაციის სერბეთი ძალიან ვარსკვლავური გუნდი იყო და უფრო მეტად აქცენტს შეტევაზე აკეთებდა, ვიდრე ტრადიციულ გუნდურ დისციპლინასა და დაცვაზე. სერბები თითქოს რაღაც ეტაპზე ისე თამაშობდნენ, როგორც ამერიკული Dream Team - რამდენიც არ უნდა ჩაგვიყაროთ, ჩვენ უფრო მეტს ჩაგიყრით. ისინი ძალიან მაგრად და სწრაფად უტევდნენ. წინა წლებთან შედარებით ჯორჯევიჩის გუნდი ბევრად უფრო სწრაფ კალათბურთს თამაშობდა და სისტემატიურად ცდებოდა 90-100 ქულას.

თუმცა, არგენტინასთან ამ სტრატეგიამ არ გაამართლა - არგენტინას სროლა ძალიან კარგად წაუვიდა, სერბეთმა თავისთვის საფირმო ათლეტური თამაში დაცვაში მხოლოდ ერთი მეოთხედი გამოუვიდა, რომელიც მოიგო კიდეც ანგარიშით 18-14. თამაშის დანარჩენი ნაწილი კი სერბეთი არგენტინას სწრაფ თამაშში აჰყვა და აღმოჩნდა, რომ იმ ფონზე, როცა არგენტინას სროლები მისდიოდა, ჯორჯევიჩის გუნდმა იმდენი ვერ ჩააგდო, რამდენიც უნდოდა.

ღია თამაშში სერბებმა არგენტინისგან 97 ქულა მიიღეს. ალბათ უკეთესი იყო, მათ ტრადიციული ნელი და ათლეტური კალათბურთი ეთამაშათ, აქცენტით დაცვაზე. პლეი ოფში უფრო დაცვა იგებს.

ორი ცენტრით თამაშის მინუსები

სერბებს ძალიან კარგად გამოსდიოდათ ორი ცენტრით თამაში. თუმცა, არგენტინასთან და ესპანეთთან, რომლებსაც ძალიან კარგი გამთამაშებლები ჰყავთ (კამპასო, რუბიო), მათი მეტოქეები ორცენტრიანი ტაქტიკის მინუსს, მის არამობილურობას, კარგად იყენებდნენ და კარგ სროლებს ქმნიდნენ პერიმეტრიდან. კამპასომ სერბეთან თამაში 12 პასით დაასრულა.

როდესაც მეტოქის თითქმის მთელ გუნდს პერიმეტრიდან სროლა შეუძლია, ორი მძიმე და ათლეტური ცენტრით დაცვას უჭირს პერიმეტრზე სრულყოფილად მოძრაობა. ასე იყო არგენტინასთანაც, კამპასო კარგად ქმნიდა სროლებს და არგენტინამ 12 სამქულიანი ჩააგდო - ზუსტი სამიანების 44.4 პროცენტი. ერთდროულდ ხუთ არგენტინელს სულ მცირე ხუთი სამიანი მაინც ჰქონდა ნასროლი.

აშშ

არცთუ ისე ბევრი ვარიანტი შეტევაში

ამერიკის ნაკრების შემადგენლობა რომ ამერიკული სტანდარტით იდეალურისგან შორს იყო, ამაზე ბევრი რამ ითქვა და მეტს აღარ ვიტყვი. პოპოვიჩის გუნდს არცთუ ისე ბევრი შემტევი ოფცია ჰქონდა. NBA-ს სტანდარტით, ამერიკის ამ ნაკრებიდან მხოლოდ ოთხი მოთამაშე შეიძლება ჩაითვალოს ელიტური დონის შემტევად.

ამ ოთხიდან ერთ-ერთი ჯეისონ ტეიტუმი, რომელსაც ძალიან კარგი სროლა აქვს საფრანგეთთან ტრავმის გამო არ თამაშობდა, მეორე მსროლელს - კრის მიდლტონს სროლა არ წაუვიდა და მათი სამიანების გარეშე ამერიკა პერიმეტრიდან ვეღარ ყრიდა. ნაკრების ლიდერმა კემბა უოქერმა საერთოდაც ვერცერთი სამქულიანი ვერ ჩააგდო და შეხვედრა 9-დან 2 ჩაგდებული ბურთით დაასრულა. არადა პერიმეტრიდან შეტევა პოპოვიჩის გუნდის ძირითადი შემტევი ოფცია იყო.

ფრანგებთან შეხვედრაში ერთადერთი დონოვან მიტჩელს წაუვიდა თამაში და 29 ქულით საუკეთესო იყო გუნდში, თუმცა ამერიკისთვის კატასტროფულ მეოთხე მეოთხედში მიტჩელს არცერთი ქულა არ ჩაუგდია. ამერიკის არცერთ სხვა კალათბურთელს კი 11 ქულაზე მეტი არ ჰქონია. ჯამში ამერიკამ საფრანგეთთან მხოლოდ 7 სამქულიანი ჩააგდო.

სამწამიანის პრობლემა

პოპოვიჩის გუნდს ძალიან აკლდა სამწამიანის მოთამაშეები - სამი ნომინალური ცენტრიდან (ტერნერი, პლამლი, ლოპესი) არცერთი არ მიიჩნევა NBA-ს სტანდარტით სუპერკლასის მოთამაშედ. ამ სამეულმა საფრანგეთის წინააღმდეგ ერთად 16 წუთი ითამაშა, დანარჩენი 24 წუთი კი ამერიკა ნომინალური ცენტრის გარეშე იყო იმ გუნდის წინააღმდეგ, რომლის ცენტრიც რუდი გობერია. გობერი NBA-ს სტანდარტითაც კი დომინანტია და ამერიკელებს მის წინააღმდეგ პასუხი საერთოდ არ ჰქონდათ. ფრანგების ცენტრმა შეხვედრა 21 ქულით და 16 მოხსნით დაასრულა - სამწამიანში გობერი ამერიკელების შემტევებს არ უშვებდა, თითქმის ყველა მოხსნა მისი იყო და შეტევაშიც პოპოვიჩის გუნდმა მას ვერაფერი დაუპირისპირა. გობერი იმდენად ჩაგრავდა მატჩის დასაწყისში ამერიკის ცენტრებს, რომ პოპოვიჩმა ცენტრის გარეშე, მსუბუქი ხუთეულით, თამაში გადაწყვიტა.

ამ ტაქტიკით პოპოვიჩი ეცადა, რომ აქცენტი პერიმეტრიდან შეტევაზე გაეკეთებინა და გობერის უსაქმოდ დაეტოვებინა. ამერიკამ მესამე მეოთხედში ასე ამოქაჩა 10 ქულიანი სხვაობა და წინაც გავიდა, თუმცა, საბოლოოდ მაინც პირიქით გამოვიდა: ამერიკელებმა ვერც პერიმეტრზე მოიპოვეს უპირატესობა (როგორც აღვნიშნე, სამქულიანები ამერიკელებს არ წაუვიდათ) და სამწამიანის სრულად დათმობაც მოუწიათ. ჯამში ფრანგებს 44 მოხსნა ჰქონდათ, ამერიკელებს კი - მხოლოდ 28.

გობერს მატჩის ბოლოს ასტრონომიული +26 ჰქონდა - იმ 34 წუთში, რომელიც მან პარკეტზე გაატარა საფრანგენთმა 26 ქულის სხვაობით მოიგო, მის გარეშე 6 წუთიანი მონაკვეთი 16 ქულიანი სხვაობით დათმო. ეს იყო ერთი მოთამაშის ერთ-ერთი ყველაზე დომინანტური წარმოდგენა საკალთბურთო მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში.

კომენტარები

ბოლო ამბები