Thumbnail
  • ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატში 14 ქართველი ძიუდოისტი ჩაებმება
  • ევროპული ფედერაცია ფავორიტთა შორის არაერთ ჩვენებურს ასახელებს

ხვალ, ფინეთის ქალაქ ვანტააში სტარტს აიღებს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში, რომელშიც 44 ქვეყნის წარმომადგენელი 400-მდე სპორტსმენი ჩაებმება. მონაწილეთა შორის 14 ქართველიცაა, რომლებმაც დღეს გამართული წილისყრის შედეგად, მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს.

66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლუკა კაპანაძე საწყის რაუნდში პორტუგალიელ ბრუნო ბაროსს გაეჯიბრება, ხოლო გიორგი თუთაშვილი ძალებს სლოვენიელ ურჰ კლოპჩიჩთან მოსინჯავს.

81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილი ბრძოლას პირდაპირ მე-2 რაუნდიდან დაიწყებს, სადაც უკრაინელ დმიტრო პილიპენკოს და ესტონელ მარკუს პერელსტენს შორის უმჯობესს ელის. ვლადიმერ ახალკაცი შვეიცარიელ სიმონ გაუჩის შეერკინება.

ლაშა ბექაური ითვლება უმთავრეს ფავორიტად 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში. მე-2 წრეში ქართველ ძიუდოისტზე ბერძენ ალექსანდროს პატინიოტისს და ესტონელ სიმონ სულას შერკინებაში გამარჯვებული გავა. ამავე წონაში მიხეილ ბექაური ხორვატ იოსიპ ბულიჩს გაეჯიბრება.

100 კგ-ში ერთი წარმომადგენელი გვყავს: ილია სულამანიძე ტურნირს იტალიელ ენრიკო ბერგამელისთან პაექრობით გახსნის.

მძიმე წონით კატეგორიაში (+100 კგ.) ძალებს გელა ზაალიშვილი და საბა ინანეიშვილი სცდიან. ზაალიშვილს პირველი განთესვა აქვს და ბოსნიელ იგორ ვრაჩარს და მონაკოელ მარვინ გადეაუს ჭიდილში უმჯობესს დაელოდება, ინანეიშვილის მოწინააღმდეგე კი ხორვატი მარსელ სკალეჩი იქნება.

საქართველოს ნაკრებს გოგონათა ტურნირში 5 წარმომადგენელი ეყოლება
📷 საქართველოს ძიუდოს ფედერაცია

ვანტააში 4 წარმომადგენელი ეყოლება საქართველოს ქალთა ნაკრებს. ნატალია ყიფშიძე (48 კგ.) მე-2 წრეში რუს ალინა სერგეევას დაუპირისპირდება, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) უნგრელ ანდრეა კარმანს და ხორვატ დორა ბორტასს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება, მარიამ ჭანტურია (70 კგ.) ავსტრიელ ანა-ლენა შუხტერს და ლიტველ დარია პისკუნოვას შერკინებაში უმჯობესს გაეჯიბრება, სოფიო სომხიშვილის და სალომე მაყიშვილის (ორივე – მძიმე წონა) მეტოქეები კი უკრაინელები კრისტინა ჰომანი და რუსლანა ბულავინა იქნებიან.

მომავალი შეჯიბრის სტარტს ევროპული ძიუდოს მმართველი ორგანიზაციაც გამოეხმაურა და სასიხარულოა, რომ არაერთ წონაში უმთავრეს ფავორიტებად ქართველი სპორტსმენები დაასახელა.

ბიჭებში წონის ლიდერთა შორის მოხსენიებულნი არიან კაპანაძე, გასული წლის ევროპირველობის ვერცხლის მედალოსანი გრიგალაშვილი, იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი და რეიტინგის ლიდერი ლაშა ბექაური, მიხეილ ბექაური და იუნიორებში ევროპის და მსოფლიოს პირველობების ოქროს მფლობელი ზაალიშვილი.

გოგონებში ევროპის ძიუდოს ფედერაცია ყურადღებას 2018 წლის ევროპირველობის ვერცხლის მედალოსანსა და გრან პრის მესამეადგილოსან ლიპარტელიანზე და ევროპის ჩემპიონატზე მე-3 ადგილის მფლობელებზე – ჭანტურია, სომხიშვილი და მაკიშვილი – ამახვილებს.

ტურნირის რეგლამენტის თანახმად, 12 და 13 სექტემბერს დილის სესია სტარტს თბილისის დროით 12:00 საათზე აიღებს, ფინალური ბლოკი კი 17:30 საათზე დაიწყება. 14-ში შეჯიბრი 13:00 საათზე გაიხსნება, მედლები კი კვლავაც 17:30-დან გათამაშდება. გუნდური შეჯიბრი 11:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 15:30 საათიდან გახლავთ ჩანიშნული.

ევროპის ჩემპიონატის განრიგი
12 სექტემბერი

გოგონები – 48, 52, 57 კგ.
ბიჭები – 60, 66 კგ.

13 სექტემბერი
გოგონები – 63, 70 კგ.
ბიჭები – 73, 81 კგ.

14 სექტემბერი
გოგონები – 78, +78 კგ.
ბიჭები – 90, 100, +100 კგ.

15 სექტემბერი
გუნდური შეჯიბრი

კომენტარები

ბოლო ამბები