Thumbnail

ვალენსიაში მთავარი მწვრთნელი შეიცვალა - სელადესი მარსელინოს ნაცვლად

  • ლა ლიგის კლუბში მთავარი მწვრთნელის შეცვლა სეზონის სტარტზე გადაწყვიტეს
  • მარსელინოს გაშვების მიზეზად კლუბის პრეზიდენტთან უთანხმოება სახელდება
  • ღამურები ბარსელონისა და მადრიდის რეალის ყოფილ ნახევარმცველს ჩააბარეს

ვალენსიამ თავის ოფიციალურ საიტზე გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე განხორციელებული ცვლილებების შესახებ გამოაცხადა. კლუბიდან გაუშვეს მარსელინო გარსია ტორალი, რომლის ადგილი ალბერტ სელადესმა დაიკავა.

ვალენსიადან მარსელინოს წასვლის მიზეზს კლუბი არ ასახელებს, თუმცა მანამდე მედია იუწყებოდა, რომ სპეციალისტის გაშვების გადაწყვეტილება პირადად "ღამურების" პრეზიდენტმა პიტერ ლიმმა მიიღო, რომელთანაც 54 წლის მწვრთნელს კონფლიქტი ჰქონდა. სპეციალისტსა და ფუნქციონერს შორის უთანხმოების მიზეზი, კლუბის სპორტულ საქმეებში ამ უკანასკნელის ჩარევა გახდა.

მალიორკასთან მატჩი (2:0) მარსელინოსთვის ბოლო აღმოჩნდა ვალენსიის თავკაცის პოსტზე

"კლუბი მარსელინოს მადლობას უხდის, ამ ორი წლის განმავლობაში გაწეული სამსახურისა და საქმისადმი დამოკიდებულების გამო. მას მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

მარსელინო ვალენსიას მთავარი მწვრთნელის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა. გუნდთან ერთად მან ორჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა, გასულ სეზონში კი კლუბმა ესპანეთის თასი მოიგო. 

ალბერტ სელადესი ბოლოს რეალში ხულენ  ლოპეტეგის თანაშემწე იყო 

"ვალენსია ოთხშაბათს შეუთანხმდა ალბერტ სელადესს, რომელიც გუნდს 2021 წლის 30 ივნისამდე გაწვრთნის. დღეს სპეციალისტი გუნდში თავის პირველ ვარჯიშს ჩაატარებს", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

43 წლის ალბერტ სელადესს, რომელსაც ფეხბურთელობის დროს ბარელონაში, სელტაში, მადრიდის რეალში, სარაგოსასა და ბორდოში უთამაშია, მწვრთნელად ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში, ასევე ეროვნულ ნაკრებსა და მადრიდის რეალში მწვრთნელის ასისტენტად უმუშავია.

ლა ლიგაში გასული სამი ტურის შემდეგ, ვალენსიას 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს. ვალენსია ახალი მთავარი მწვრთნელის ხელში პირველ მატჩს 14 სექტემბერს, სტუმრად "კამპ ნოუზე" ბარსელონასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები