Thumbnail
  • დანიის ნაკრებთან ოთარ კიტეიშვილმა საყრდენ ნახევარმცველად ითამაშა
  • მატჩის შემდეგ, ვაისმა 23 წლის ფეხბურთელი განსაკუთრებულად შეაქო
  • POPSPORT.COM-ის ინტერვიუ გრაცის შტურმის ნახევარმცველთან

დანიასთან მატჩში (0:0) საქართველოს ნაკრებში ოთარ კიტეიშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მატჩის შემდეგ, ვლადიმირ ვაისმა იგი განსაკუთრებით შეაქო. სლოვაკმა მწვრთნელმა კიტეიშვილი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშა - ოთარმა უდიდესი სამუშაო შეასრულა. კიტეიშვილმა popsport.com-ის კითხვებს უპასუხა და საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ...

როგორ შეაფასებ დანიის ნაკრებთან განვლილ თამაშს და რამ განაპირობა კოპენჰაგენური მარცხის შემდეგ, პროგრესი?

კიტეიშვილი: მთელი მატჩის განმავლობაში, ორგანიზებული თამაში ვაჩვენეთ. თითოეულმა მოთამაშემ დიდი სამუშაო შეასრულა უბურთოდ და ეს იყო წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. სივრცეები მაქსიმალურად შევუზღუდეთ მეტოქეს, რამაც დიდი პრობლემები შეუქმნა ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს. სწორედ ეს იყო ვაისის მთავარი დავალება: სივრცეების მაქსიმალური შეზღუდვა და თან, აქტიურობა შეტევაში იმისათვის, რომ მუდმივად დაცვით ფაზაში არ ვყოფილიყავით. ასევე მნიშვნელოვანია საკუთარი მოედნის და გულშემატკივრების ფაქტორი. შინ ყოველთვის უკეთესად ვთამაშობთ.

ვლადიმირ ვაისმა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გათამაშა. მოგწონს ამ აპლუაში ყოფნა, თუ წინ გირჩევნია თამაში?

კიტეიშვილი: გრანცის შტურმში ყოველთვის გამთამაშებლის პოზიციაზე ვთამაშობ, თუმცა ახალ ამპლუაშიც კომფორტულად ვიგრძენი თავი. მით უმეტეს, აბურჯანიასთან ერთად ვიყავი წყვილში, რომელსაც უფრო დაცვითი ფუნქციები ჰქონდა დაკისრებული, მე კი შეტევებში აქტიურად ჩართვის საშუალება მეძლეოდა. 

დანიასთან მატჩის შემდეგ, ვაისის განსაკუთრებული ქება დაიმსახურე. რამდენად მნიშვნელოვანია ეს შენთვის?

კიტეიშვილი: ვაისის სიტყვები ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. როდესაც საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება, ჩემი თამაშის დადებითი შეფასება ორმაგად სასიამოვნოა და განსაკუთრებულად მიხარია.

📺 ვიდეო: ოთარ კიტეიშვილის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი დანიასთან მატჩში

ვრცელდებოდა ცნობები, რომ ვაისი საქართველოს ნაკრების დატოვებაზე ფიქრობს. შეკრების დროს, როგორი განწყობა ჰქონდა მწვრთნელს, როგორ დაგემშვიდობათ დანიასთან მატჩის შემდეგ და ზოგადად, როგორი განწყობა იყო გუნდში?

კიტეიშვილი: ეროვნულ გუნდში ყოველთვის ძალიან მაგარი ატმოსფეროა და ასე იყო ამ შეკრების დროსაც. მწვრთნელი ტრადიციულად მოტივირებული იყო და დანიასთან მატჩის შემდეგ, ძალიან გახარებული ჩანდა. ასე რომ, ამ მხრივ, ყველაფერი რიგზეა.

ვაისმა ისიც თქვა, რომ თუ ასე გააგრძელებ, ძალიან მალე ავსტრიის ჩემპიონატისთვის ზედმეტად კარგი ფეხბურთელი იქნები. რა გეგმები გაქვს საკლუბო კარიერაში?

კიტეიშვილი: ჩემი უახლოესი მიზანი ავსტრიის ჩემპიონატში კარგი სეზონის ჩატარებაა, რაც სტატისტიკაზეც შესაბამისად აისახება. შემდეგ, თუ კარგი შემოთავაზება მექნება, უკეთეს ლიგაში სიამოვნებით გავაგრძელებ კარიერას. მაქვს ამის ამბიცია და იმედია, შესაძლებლობაც.

წაიკითხე ევროპულად მიღწეული ფრე - 5 დაკვირვება საქართველოსა და დანიის მატჩიდან

რომელ ლიგაში ისურვებდი კარიერის გაგრძელებას?

კიტეიშვილი: ძალიან მინდა ესპანეთის, ან გერმანიის ჩემპიონატში თამაში და იმედია, მექნება ამის შესაძლებლობა. ესპანური ფეხბურთი ყველაზე მეტად მომწონს, გერმანული ბუნდესლიგა კი ავსტრიის ჩემპიონატიდან ყველაზე ლოგიკური გაგრძელებაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ დონეს მივაღწიო.

ქართველი გულშემატკივრების ოცნება ევროპის ჩემპიონატია და ეს არის ეროვნული ნაკრების მიზანიც. უკვე ერთა ლიგის პლეი ოფზე ფიქრობთ და ამ მატჩისთვის ემზადება გუნდი, თუ ჯერ ტრადიციულ შესარჩევ ეტაპსაც უკავშირებთ იმედებს?

კიტეიშვილი: რეალისტები უნდა ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ ჯგუფი წაგებულია. მხოლოდ თეორიული შანსი გვაქვს დარჩენილი. სწორედ 2020 წლის მარტში უნდა ვიყოთ საუკეთესო ფორმაში, რომ ერთა ლიგის პლეი ოფს იდეალურად მომზადებულები შევხვდეთ. იქამდე, შესარჩევი ეტაპის მატჩებში უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, რაც მიგვიყვანს იმ კონდიციამდე, რაც აუცილებელია ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველ გულშემატკივრებს ოცნება ავუსრულოთ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები