Thumbnail
  • სფფ-ის პრეზიდენტმა აზერბაიჯანული მედიის შეკითხვებს უპასუხა
  • ლევანი ბაქოში ახალგაზრდული ნაკრების ასეთ მოგებას არ ელოდა
  • კობიაშვილის ტაქტიანი პასუხი azerisport-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე

საქართველოს და აზერბაიჯანის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის ევროშესარჩევში გამართული მატჩის შემდეგ, რომელშიც გია ცეცაძის გუნდმა მეტოქეს სტუმრად ბაქოში სამი უპასუხო გოლი გაიტანა, აზერბაიჯანული მედია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს ესაუბრა. 

ლევან კობიაშვილი აღიარებს, რომ ქართველი 21-წლამდელებისგან ასეთი დიდი ანგარიშით გამარჯვებას ნაკლებად მოელოდა.
 
"სიმართლე გითხრათ, ასეთი ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდი. ვნახეთ აზერბაიჯანის ნაკრების მატჩი სლოვაკეთთან, სადაც ამ გუნდმა ძალიან კარგი თამაში აჩვენა. ეს შეხვედრა კი განსხვავებული გამოვიდა. ჩემი აზრით, გადამწყვეტი პირველი ტაიმის ბოლო წუთები იყო, როდესაც გოლი გავიტანეთ. მოგვიანებით აზერბაიჯანელმა ფეხბურთელმა წითელი ბარათიც მიიღო. ამ მომენტამდე გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა", - უთხრა კობიაშვილმა azerisport-ს.

გიორგი არაბიძემ ბაქოში გამართულ მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0

ლევანმა მეზობელი ქვეყნების ეროვნულ ნაკრებებს შორის შესაძლო ამხანაგურ მატჩზეც ჰკითხეს:

"მგონია, რომ ერთა ლიგასა და ევრო 2020-ის შესარჩევში გასამართი მატჩების გათვალისწინებით, ამხანაგური შეხვედრების ჩატარება ძალიან რთული პროცესი გახდა. თუკი ასეთი შანსი მოგვეცემა, სიამოვნებით ვითამაშებთ აზერბაიჯანთან. ბაქოში სტუმრობა ყოველთვის სასიამოვნოა და ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციასთანაც".

ევრო 2020-ის ერთ-ერთი მასპინძელი აზერბაიჯანის დედაქალაქია. ტურნირზე საქართველოს გასვლის შემთხვევაში, კობიაშვილს ბაქოში თამაშის შანსზეც ჰკითხეს:

"სულერთია, სად ვითამაშებთ, მთავარია, ევრო 2020-ზე მოვხვდეთ. რა თქმა უნდა, ბაქოში მხარდაჭერა რომ გვექნება, ამაში დარწმუნებული ვარ. ისეკი, თუკი ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავა, მზად ვართ არამხოლოდ 500, 10 000 კილომეტრიც გავიაროთ".

საქართველოს ნაკრებს ევრო 2020-ზე მოხვედრის რეალური შანსი ერთა ლიგიდან აქვს

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ლევანს ისიც ჰკითხა, თუ რომელი ნაკრებია მისი აზრით კავკასიაში უძლიერესი. კობიაშვილმა კითხვას ტაქტიანად უპასუხა:

"ასეთ შეფასებას არ გავაკეთებ. აზერბაიჯანის ნაკრებმა ახლახან ფრედ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიასთან ითამაშა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ჩვენ გვახარებს აზერბაიჯანის წარმატებები და დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანშიც გაუხარდებათ, თუკი აქ ევრო 2020-ზე სათამაშოდ ჩამოვალთ".

კომენტარები

ბოლო ამბები