Thumbnail
  • გრეემ როუნთრიმ საქართველოს ნაკრებზე ‘ფრანს პრესთან’ ისაუბრა
  • ინგლისელი მწვრთნელის აზრით, მთავარი ფიჯისთან გამარჯვება იქნება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები უკვე იაპონიაშია და მოახლოებული მსოფლიო თასისთვის ადგილზე ემზადება. შესაბამისად, ბორჯღალოსნების მიმართ ინტერესიც იზრდება. საქართველოს ნაკრების რიგებში არსებულ ვითარებას ამჯერად სააგენტო ფრანს პრესი გამოეხმაურა და კომენტარი ბორჯღალოსანთა შერკინების მწვრთნელ გრეემ როუნთრის სთხოვა.

“გვინდა, მომავალ ტურნირზე ზოგ-ზოგიერთები შევაშინოთ”, - თავიდანვე თამამად დაიწყო 48 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა. “უმაღლეს დონეზე თავის გამოჩენის შანსი გვაქვს და გვინდა, ელიტას გავუშინაურდეთ.

2015 წლის მსოფლიო თასზე საქართველომ 2 მატჩი მოიგო და მოახლოებულ ტურნირზე თამაში გაინაღდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოლოდინი ამაზე ნაკლები არც ახლაა.

ჯგუფში ავსტრალია და უელსი გვყავს და ნათელია, რომ მათთან ძალიან გაგვიჭირდება, სამაგიეროდ, ურუგვაის და ფიჯის უნდა მოვუგოთ”.

ინგლისელი სპეციალისტი ქართველთა შერკინებას წვრთნის

საქართველოს ნაკრები შეჯიბრში 23 სექტემბერს უელსთან მატჩით ჩაებმება. შემდეგ ურუგვაისთან და ფიჯისთან თამაშებია, 11 ოქტომბერს კი, ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრაა ავსტრალიასთან. გასაკვირი არაა, რომ ბორჯღალოსნები ყველაზე დიდ მნიშვნელობას 3 ოქტომბერს ჰიგაშიოსაკაში ფიჯელებთან დაგეგმილ შერკინებას ანიჭებენ.

“მათი ძლევა იოლი არ იქნება. ივლისში ფიჯელებმა ზელანდიელ მაორებს მოუგეს, ამდენად, ფრთხილად უნდა ვიყოთ”, - ამბობს როუნთრი, რომლის საქართველოს ნაკრებში დანიშვნაც ბევრისთვის მოულოდნელი იყო.

ლესტერის და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ბურჯმა 1995 და 1999 წლების მსოფლიო თასებზე ითამაშა, 2003 წლის ტრიუმფის დროს კი “ვარდების” რიგებში აღარ ყოფილა. ამასთან, გრეემს საკმაოდ წარმატებული შვიდწლიანი სამწვრთნელო კარიერა ჰქონდა იმავე ინგლისის ნაკრებში, ჰარლექუინსსა და ლესტერში.

“წინადადება გასული წლის სექტემბერში მივიღე და მის განსახილველად მილტონ ჰეიგს სასტუმრო რიჩმონდში შევხვდი, დანარჩენი კი უკვე ისტორიაა. მილტონმა საქართველოს ნაკრების სრული სტრუქტურა და სტრატეგია წარმომოდგინა. ის საცხოვრებლად თბილისში გადავიდა და ახალი საქმისთვის ყველაფერი გაიღო. ის შვიდწლიანი პროგრამა, რომელიც მილტონმა შეიმუშავა, კარგად მუშაობს, რადგანაც ის პრინციპში ტიერ-1-ის ქვეყნების შესაბამისია”.

მილონ ჰეიგმა გრეემ როუნთრი გასული წლის სექტემერში იხმო

შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ბორჯღალოსნებთან კონტრაქტის გაფორმებისთანავე, გრეემი სიტუაციაში უკეთ გასარკვევად საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ქართველი ბურჯები ისევე მიღებულნი არიან, როგორც ფიჯელი უკანახაზელები.

“რაგბი მათი თამაშია”, - აღნიშნა როუნთრიმ, რომელიც მსოფლიო თასის მერე მუშაობის გაგრძელებას ირლანდიურ მანსტერში აპირებს. “ქართველები სწორედ ასეთი კონტაქტური სპორტებისთვის არიან გაჩენილნი. შემთხვევითი არაა, რომ იქ ჭიდაობაც ძალიან უყვართ. ფიზიკურად მაგრად არიან მომზადებულნი და მათთან მუშაობაც ადვილია. კარგი ადამიანები არიან, რომელიც დავალებებს კარგად ასრულებენ და პრობლემებს არ ქმნიან. საქართველოში ისეთი გარემო დამხვდა, რაც არსად მინახავს”.

როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ნაკრებში პირველხარისხოვანი ფორვარდების სიმრავლეა, თუმცა, ინგლისელი მწვრთნელი ახალგაზრდა და მოძრავი მესამეხაზელებითაც მოხიბლულია.

“ბექა გორგაძეს ბორდოში საოცარი სეზონი ჰქონდა. შემიძლია ვთქვა, რომ 8 ნომრის პოზიციაზე ის ერთ-ერთი საუკეთესოა. სხვა ბექაც გვყავს, საღინაძე ორიაკიდან და ბრიველი ოთარ გიორგაძე, რომელიც შერკინების მესამე ხაზში ასევე უდიდეს სამუშაოს ასრულებს”.

ბექა გორგაძე ახალი თაობის ერთ-ერთი ლიდერია

გორგაძე 23 წლისაა, დანარჩენი 2 ფლანკერი კი – ოცის, ამდენად, მათ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ასასვლელად დიდი დრო აქვთ.

ქართველი მორაგბეებისთვის იმედისმომცემი უნდა იყოს ნაკრებში გამოცდილი მამუკა გორგოძის შემატება. 35 წლის გოლიათს სანაკრებო კარიერა დასრულებული ჰქონდა, თუმცა, დაბრუნების საჭიროება იგრძნო და ახლა, გუნდთან ერთად უკვე იაპონიაშია. ჰეიგის და როუნთრის აზრით, გორგოძილას ნაკრებში ყოფნამ ახალგაზრდებზე დადებითად უნდა იმოქმედოს.

“მსოფლიო თასზე თამაში უდიდესი წნეხია, თუმცა, ყველაფერი უნდა გავიღოთ რათა არსებული მოლოდინები გავამართლოთ და თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ. კარგი იქნება, თუკი ბიჭები სიამოვნებასაც მიიღებენ. ასეთი დონის ტურნირებზე მსგავსი შანსი იშვიათად გეძლევა და ის მომენტი არ უნდა გამოგეპაროს”.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს D ჯგუფს?

  • უელსი
  • ავსტრალია
  • ფიჯი
  • საქართველო
  • ურუგვაი

კომენტარები

ბოლო ამბები