Thumbnail

45 წუთი ამხანაგურში და გაურკვევლობა - როდის დაბრუნდება საბა კვერკველია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კვერკველიამ მოსკოვის ლოკომოტივის ამხანაგურ მატჩში 45 წუთი ითამაშა
  • გუნდის მთავარმა მწვრთნელმა 27 წლის მცველის მდგომარეობაზე ისაუბრა
  • იური სიომინი ქართველის დაბრუნების ვადაზე ვარაუდის გამოთქმას ერიდება

სამწუხაროდ, გაზაფხულზე დაშავებული საბა კვერკველიას მოედანზე დაბრუნების დრო ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება. მოსკოვის ლოკომოტივის 27 წლის მცველს ამ სეზონში არ უთამაშია და მან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სექტემბრის მატჩებიც გამოტოვა.

სამაგიეროდ, საბამ 45 წუთით ითამაშა ამ პერიოდში გამართულ ამხანაგურ მატჩში, რომელშიც "რკინიგზელებმა" იურმალას სპარტაკს ანგარიშით 2:0 სძლიეს. ვარაუდობდნენ, რომ კვერკველია მოედანს სანაკრებო პაუზის შემდეგ მაინც დაუბრუნდებოდა, თუმცა ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი იური სიომინი ახლა აცხადებს, რომ ქართველი ფეხბურთელი მზად ჯერ ისევ არ არის და სავარაუდოდ, ვერც რუსეთის პრემიერლიგის მორიგ ტურში, სოჩისთან თამაშს შეძლებს.

წინა სეზონში საბა ლოკომოტივში შეუცვლელი ფეხბურთელი იყო

"კვერკველია ჯერ კიდევ არაა სათამაშოდ მზად. მას დრო სჭირდება კონდიციების სრულად აღდგენისთვის. რაც უნდა იყოს, სამი თვე დიდი დროა. საჭიროა კარგ ფიზიკურ ფორმაში ჩადგომა, რათა კვერკველიამ შარშანდელ დონეზე თამაში შეძლოს. ჯერჯერობით კი აქამდე შორია.

თავიდან ვვარაუდობდით, რომ საბა ერთი თვის შემდეგ დაგვიბრუნდებოდა. ასე არ მოხდა. შემდეგ გავიდა ორი, სამი თვე. ახლა უკვე ვარაუდის გამოთქმას ვერიდებით. ალბათ, ის არც სოჩისთან იქნება", - ამბობს სიომინი "სპორტ ექსპრესთან".

მოსკოვის ლოკომოტივს რუსეთის პრემიერლიგაში გასული რვა ტურის შემდეგ, 14 ქულით მეხუთე ადგილი უკავია. მომდევნო ტურის მატჩს, სტუმრად სოჩისთან კი 14 სექტემბერს ჩაატარებს, ოთხი დღის შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გამოსვლას სტუმრად ლევერკუზენთან თამაშით დაიწყებს.

კომენტარები

ბოლო ამბები