Thumbnail

U21 საქართველოს ნაკრებმა ბაქოში მოიგო და ჯგუფს ლიდერობს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ლიხტენშტაინის შემდეგ, გია ცეცაძის გუნდმა აზერბაიჯანი დაამარცხა
  • გოლები ვატო არველაძემ, ირაკლი ბუღრიძემ და გიორგი არაბიძემ გაიტანეს

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩი გამართა და მეორე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად, გია ცეცაძის გუნდმა ბაქოში აზერბაიჯანის ახალგაზრდული ნაკრები 3:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმის დასრულებამდე წამები რჩებოდა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა კუთხური ჩააწოდა, რასაც მასპინძელთა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, ყველაზე უკეთ კი ვითარებაში ვატო არველაძე გაერკვა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ძლიერი დარტყმით დააწინაურა.

0:1 არველაძე (45)

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც მასპინძელთა ნახევარმცველმა, ჰაჯიევმა უხეშად ითამაშა და წითელი ბარათი მიიღო. საქართველოს ნაკრებმა რიცხობრივი უპირატესობა მიიღო და ამან ცეცაძის გუნდის შანსები კიდევ უფრო გაზარდა.

ვატო არველაძეს შორეული დარტყმით დუბლის შესრულება შეეძლო. გატანის შანსი ჰქონდა ნიკა მალისაც, თუმცა აზერბაიჯანელთა მეკარე შესანიშნავად თამაშობდა და გუნდი გოლს არაერთხელ გადაარჩინა. 

73-ე წუთზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე გოლი მაინც გაიტანა: არველაძის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, გიორგი არაბიძე მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, დარტყმას პასი ამჯობინა და ირაკლი ბუღრიძემ ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. აღსამიშნავია, რომ ბუღრიძე შეცვლაზე ჩაერთო თამაშში და პირველივე შეხებით გოლი გაიტანა.

0:2 ბუღრიძე (73)

მატჩის საბოლოო ანგარიში არაბიძემ დააფიქსირა, რომელმაც საჯარიმოს გარედან ზუსტი დარტყმით ბურთი მეკარისაგან შორეულ კუთხეში გაიტანა. ამჯერად, საგოლე პასი ბუღრიძემ გააკეთა. 

0:3 არაბიძე (84)

"უპირატესობა გვქონდა და ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ჩემი გუნდი უკეთესი იყო და მიხარია, რომ ბიჭებმა თავი კარგად წარმოაჩინეს" - განაცხადა მატჩისშემდგომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა გია ცეცაძემ.

ამგვარად, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მე-2 მატჩი მოიგო და მე-2 შესარჩევ ჯგუფს ლიდერობს, სადაც აზერბაიჯანის გარდა, ლიხტენშტაინს, საფრანგეთს, შვეიცარიას და სლოვაკეთს უწევს კონკურენციას. ჩვენი გუნდი მომდევნო მატჩს 11 ოქტომბერს სტუმრად შვეიცარიასთან ჩაატარებს.

❤️✊🏻 აზერბაიჯანი-საქართველო 0-3. გამარჯვებული გუნდი !

Posted by Georgian Football Federation on სამშაბათი, 10 სექტემბერი, 2019

U21 აზერბაიჯანი 0:3 U21 საქართველო

გოლები: 0:1 არველაძე (45), 0:2 ბუღრიძე (73), 0:3 არაბიძე (84).

U21 საქართველო (4-4-2): გუგეშაშვილი - მალი (86. სპანდერაშვილი), ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური - არაბიძე, კუცია, ნინუა (70. კოხრეიძე), სილაგაძე - ქავთარაძე (70. ბუღრიძე), არველაძე (78. კიტეიშვილი).

U21 ლიხტენშტაინი 0:5 U21 შვეიცარია

კომენტარები

ბოლო ამბები