Thumbnail
  • ესპანეთის ნაკრებმა პოლონელებს ყველა მეოთხედი მოუგო
  • რიკი რუბიოს 22 მატჩში 115 პასი მოუგროვდა

თუკი მსოფლიოს ჩემპიონატის სასტარტო მეოთხედფინალურ მატჩში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა, პლეი-ოფის მე-2 შეხვედრა სენსაციის გარეშე დასრულდა. შანხაიში გამართულ თამაშში ესპანეთის ნაკრებმა პოლონეთს 90:78 სძლია და ვერც იმას ვიტყვით, რომ ამისთვის ბევრი ენერგია დახარჯა.

პოლონელები მსოფლიოს პირველობაზე დიდი იმედებით არ ჩასულან, თუმცა, მეოთხედფინალამდე 5-დან 4 გამარჯვებით მივიდნენ და იქნებ გარკვეული ილუზიებიც ჰქონდათ, თუმცა, საერთო ჯამში, ესპანეთთან უშანსოდ წააგეს.

ესპანელებმა მეტოქეს ყველა მეოთხედი მოუგეს, რასაც ძირითადად NBA-დან ჩამოსულ ლეგიონს უნდა უმადლოდნენ. ფენიქს სანსის მცველმა რიკი რუბიომ 19 ქულას 9 პასი წაამატა, შარლოტ ჰორნეთსის ცენტრმა ვილი ერნანგომესმა 18 ქულა მიითვალა, მისმა ძმამ დენვერ ნაგეთსის ფორვარდმა ხუანჩო ერნანგომესმა თავი 14 ქულას მოუყარა, ტორონტო რეპტორსის ცენტრმა ლიდერმა მარკ გასოლმა კი გუნდს 10 ქულას 7 პასი შეაშველა. მადრიდის რეალის ვარსკვლავმა რუდი ფერნანდესმა თამაში 16 ქულით დაასრულა.

📺 ესპანეთი - პოლონეთი 90:78

საინტერესოა, რომ 29 წლის რუბიოს მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჩატარებულ 22 მატჩში 115 პასი მოუგროვდა და ამ მხრივ, ყველა დროის რეკორდსმენი გახდა. აქამდე, ლიდერი არგენტინელი პაბლო პრიჯიონი იყო, რომელსაც 24 თამაშში 106 ასისტი ჰქონდა. რიკის პროფესიონალური დებიუტი ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში ჰქონდა, 17 წლისამ კი პეკინის ოლიმპიადის ფინალში ითამაშა და ამ მხრივაც ისტორიული მაჩვენებელი დააფიქსირა.

ამგვარად, არგენტინელთა დარად, ნახევარფინალის საგზური სერჯიო სკარიოლოს მიერ დარიგებულმა ესპანელებმაც გაიფორმეს და მომავალი მეტოქის მოლოდინში არიან. თუ ვისთან მოუწევთ პირენეელებს ჭიდილი, ხვალ გახდება ცნობილი, როდესაც შანხაიში ავსტრალია ჩეხეთს გაეჯიბრება. ეს მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, 15:00 საათზე კი დონგუანში კიდევ ერთი მეოთხედფინალია დაგეგმილი – აშშ-საფრანგეთი. ამ შეხვედრაში არგენტინელთა მოწინააღმდეგე გაირკვევა.

გამოკითხვა

ვინ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი?

  • აშშ
  • სერბეთი
  • არგენტინა
  • ესპანეთი

კომენტარები

ბოლო ამბები