Thumbnail

RWC 2019 | იტალია - მსოფლიო თასზე ორი თამაშის მოსაგებად

📋 ანალიტიკური სტატია მომზადებულია ინტერნეტ პორტალთან ერთად რაგბი 15 / Rugby XV.

👥 ავტორები: ლევან ყურაშვილი, სერგო გაბუნია

პოპსპორტი და RUGBY XV ვაგრძელებთ მსოფლიო თასის მონაწილე გუნდების გაცნობას. დღეს იტალიის ნაკრებს წარმოგიდგენთ.

ისტორიული პანორამა

იტალიამ პირველი საერთაშორისო ტესტი 1929 წელს, ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშა და 0-9 დამარცხდა.

მეორე მსოფლიო ომმა იტალიურ რაგბს სერიოზული დარტყმა მიაყენა და ომის დასრულების შემდეგ, ჩვეულებრივ რელსებზე დასაბრუნებლად დიდი დრო დასჭირდათ.

იტალიური რაგბის აღმავლობა 70-80-იან წლებს უკავშირდება, როცა იტალიის შიდა ჩემპიონატში უამრავმა მაშინდელმა მსოფლიო დონის მორაგბემ ითამაშა და იტალიური რაგბის დონეც სერიოზულად ასწია. მათ შორის იყვნენ ნაას ბოთა, დევით ქემფიზი, ჯო ქირვანი და მაიკლ ლაინაფი.

1987-დან მოყოლებული, იტალია ყველა მსოფლიო თასის მონაწილეა, თუმცა ჯგუფიდან არასოდეს გასულა.

90-იანი წლების მეორე ნახევარში სერიოზული საუბარი დაიწყო იტალიის 6 ერში ჩართვასთან დაკავშირებით და აძური ამ საუბარს მისი შედეგებითაც ამყარებდა, როცა ზედიზედ ორჯერ მოუგო ირლანდიას, შემდეგ საფრანგეთს და შოტლანდიას.

იტალია 6 ერში 2000 წელს დაამატეს, თუმცა ლურჯები თავიდანვე უიმედო აუტსაიდერად ჩამოყალიბდნენ და 19 გათამაშებიდან 14 ბოლო ადგილზე დაასრულეს.

2000-იანების დასაწყისში ფედერაციამ კარგად ისარგებლა მაშინდელი IRB-ის რეგულაციებით და რამდენიმე ძალიან ძლიერი უცხოელი ნაკრებში აიყვანა. მათ შორის იტალიური რაგბის ლეგენდა, არგენტინელი სერჯო პარისე და ასევე არგენტინელი, მარტინ კასტროჯოვანი. ტრადიციულად, იტალიის ნაკრებში ყოველთვის ბევრი ლეგიონერი თამაშობდა და მათ ნაკლებობას არც ახლა უჩივიან.

6 ერში აპენინელთა შედეგები განსაკუთრებით ბოლო წლებში გაუარესდა. ლურჯებს ტურნირში თამაში 2015 წლის შემდეგ აღარ მოუგიათ. ამას დაერთო მსოფლიო რეიტინგში მე-15 ადგილამდე დაშვება (ამჟამად იტალია მეცამეტეა) და აქტიური საუბარი მათი 6 ერში საქართველოთი ჩანაცვლებაზე.

თუმცა, 6 ერის შეფობა იტალიას ბოლომდე მხარს უჭერს და ამბობენ, რომ იტალიის გარიცხვაზე საუბარი უბრალოდ სასაცილო და აზრს მოკლებულია.

შიდა ჩემპიონატი

შიდა ჩემპიონატი 1928 წლიდან ტარდება და ამჟამად ლიგაში 12 კლუბია. იტალიაში რაგბი განსაკუთრებით პოპულარული ჩრდილოეთშია და თითქმის ყველა წარმატებული კლუბიც, სწორედ ჩრდილო რეგიონებიდანაა.

ყველაზე მეტი, 18 ჩემპიონატი, ამატორი მილანოს აქვს მოგებული, თუმცა, ტიტულების უმეტესობა 30-იან და 40-იან წლებზე მოდის.  15 გამარჯვებაა აქვს ტრევიზოს ბენეტონს და იტალიური რაგბის ფლაგმანად, სწორედ ტრევიზოელები შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

2010 წელს, კელტურმა ლიგამ იტალიელებს 2 გარანტირებული ადგილი მისცა და ბენეტონი და ვიადანა დაიმატა. ამჟამად ვიადანას ნაცვლად პრო 14-ში პარმის ძებრე თამაშობს. 

დასაწყისი არც თუ ისე წარმატებული გამოვიდა და წლების განმავლობაში ორივე იტალიური კლუბი უიმედო მაჩანჩალა იყო. თუმცა წელს, ბენეტონს ძალიან წარმატებული სეზონი ჰქონდა, კელტური გრანდები რამდენჯერმე დაამარცხეს და პირველად ისტორიაში, პლეი ოფშიც გავიდნენ. მიუხედავად აუტსაიდერობისა, რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ძებრემაც ითამაშა. 

იტალიის ჩემპიონატის ძირითადი დანიშნულება, ამ ორი კლუბისთვის ნიჭიერი ახალგაზრდების მიწოდებაა და ნაკრებიც, რამდენიმე ლეგიონერს თუ არ ჩავთვლით, ამ ორი გუნდიდან კომპლექტდება.

საკვანძო მოთამაშეები

სერჯო პარისე - იტალიური და მსოფლიო რაგბის ლეგენდა. ტექნიკურად, ფიზიკურად და ინტელექტუალურად  ფაქტიურად სრულყოფილი 8 ნომერი. მიუხედავად იმისა, რომ 36 წლისაა, ყველა კრიტიკულ მომენტში, გუნდს მაინც ის ლიდერობს.

ბრამ სტეინი - იტალიელთა აფრიკელი მესამეხაზელი. ტიპური აფრიკელია, ფიზიკურად ძალიან ძლიერი, მებრძოლი და მუშა. ფლორენციაში, ჩვენთან თამაშში, საუკეთესო სწორედ სტეინი იყო.

ტომაზო ალანი - ლურჯების ათი ნომერი. შოტლანდიელი მამა ჰყავს და იტალიელი დედა. ახალგაზრდულ დონეზე, შოტლანდიის ნაკრებში თამაშობდა, მაგრამ დიდებში არჩევანი დედის სამშობლოზე გააკეთა. კარგი მობურთალია, თუმცა კარში არასტაბილური დამრტყმელი.

მატეო მინოცი -  ახალი თაობის მორაგბე. ძალიან სახიფათოა როგორც 15-ზე, ასევე ფრთაზე თამაშისას.

მიკელე კამპანიარო - ალბათ ლურჯების საუკეთესო უკანახაზელია. იტალიელთა ხაზის თამაში სწორედ მის ძალიესმიერ გარღვევებზე იწყობა. ლეგიონერია, თუმცა ინგლისში დიდად კარიერა ვერ აიწყო და სათამაშო დროის ნაკლებობასაც უჩივის.

ჯეიკ პოლედრი - იტალიური წარმოშობის, მაგრამ ინგლისში დაბადებული და გაზრდილია. ნაკრებში ახალი სახეა და ნელ-ნელა ლიდერებში თავს იმკვიდრებს. ძალისმიერი სტილის მესამეხაზელია.

სათამაშო სტილი 

ტრადიციულად, იტალია ძალისმიერი რაგბის მიმდევარია. მათი შერკინება ინდივიდუალურად და გუნდურად ყოველთვის კარგი იყო და აქცენტს სწორედ ამ კოზირის გამოყენებაზე აკეთებდნენ. დღესაც, აძურის მთავარი იარაღი შერკინებაა, მაგრამ ბოლო პერიოდში ნაკრებიც და ორივე საბაზო კლუბი, ხელით თამაშის გაუმჯობესებას ცდილობს და პროგრესიც იგრძნობა.

იგივე ტენდენციაა ახალგაზრდულ ნაკრებშიც, გუნდი საკმაოდ სანახაობრივ და რაც მთავარია, შედეგიან რაგბს თამაშობს. იტალიელთა მთავარი პრობლემა ალბათ მაინც ხასიათი და ფსიქოლოგიური პრობლემებია. ძალიან ხშირია, როცა კარგი თამაშის შემთხვევაშიც კი მარცხდებიან და ტოპ გუნდები, უბრალოდ კლასის ხარჯზე ახერხებენ მათ დამარცხებას. 

სამწვრთნელო შტაბი

იტალიის რაგბის ფედერაციას, სახელიანი მწვრთნელებისთვის ფული არასოდეს დაუშურებია. ნაკრებში ჯონ ქირვანი და ჟაკ ბრუნელიც კი მუშაობდნენ. ამჟამად აძურის ირლანდიელი კონორ ოში წვრთნის.

ოშიმ გუნდს ხელი აშკარად დაატყო და იტალიის ნაკრების ძალისმიერ სტილს, სისწრაფე და სანახაობრივი ელემენტებიც შემატა. უყვარს ეშმაკობები და სხვადასხვა ხრიკები, მათგან ყველაზე დასამახსოვრებელი კი 2017 წელს თვიქენჰემზე, ინგლისელთა წინააღმდეგ გამოყენებული ტაქტიკაა, როცა იტალიელები რაქში არ შედიოდნენ და თამაშგარის ხაზს არ ქმნიდნენ. ამან, ვარდები და მათი არანაკლებ ცბიერი მწვრთნელი, ედი ჯონსი ძალიან დააბნია და მხოლოდ მეორე ტაიმში მოახერხეს შეთავაზებული ტაქტიკისთვის ალღოს აღება.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით პროგრესი თითქოს აშკარაა, 4 წელია იტალიას 6 ერზე თამაში არ მოუგია. ოშის ყველაზე დიდ მიღწევად, 2016 წელს სამხრეთ აფრიკელების დამარცხება უნდა მივიჩნიოთ. 

ლეგენდა

იტალიის ნაკრებში ბევრ ვარსკვლავს უთამაშია. მაგრამ ალბათ არავისთვის საკამათო არ იქნება, რომ მათ შორის ყველაზე მაგარი სერჯო პარისეა. ბევრი სპეციალისტის თუ გულშემატკივრის ვერსიით, ყველა დროის საუკეთესო 8 ნომერი, სწორედ პარისეა.

სერჯო, არგენტინაში, იტალიელი მშობლების ოჯახში დაიბადა და იტალიაში 18 წლის ასაკში გადმოვიდა. ძალიან მალე პარისე, ჯერ იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში, შემდეგ კი დიდ ნაკრებშიც მოხვდა. იაპონიის მსოფლიოს ჩემპიონატი, მისთვის რიგით მეხუთე იქნება, რითაც სამოელ ბრაიან ლიმას და თანამემამულე მაურო ბერგამასკოს გაუთანაბრდება.

პარისეს სტად ფრანსეს შემადგენლობაში ორჯერ აქვს მოგებული საფრანგეთის ჩემპიონატი და მსოფლიო რაგბის მიერ, წლის საუკეთესო მორაგბის ნომინაციაზე, რამდენჯერმე იყო წარდგენილი.

ჩვენს წინააღმდეგ

იტალიელების წინააღმდეგ, სანაკრებო, ახალგაზრდულ თუ საკლუბო დონეზე ხშირად გვითამაშია და ამ ეტაპზე, რაგბში ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ იტალიის დამარცხებაა.

პირველად აძურის 1998 წელს, იტალიაში, ლაკვილაში, მსოფლიო თასის შესარჩევის მეორე სტადიაზე ვეთამაშეთ და 31:14 დავმარცხდით.

2000 წელს იტალია 5 ერს დაამატეს და შოტლანდიასთან პირველი მატჩის წინ, ლურჯებმა ჩვენთან თამაში გადაწყვიტეს. ლივორნოში მეტოქემ იოლად, 51:7 მოგვიგო.

მეტოქეს მესამედ 2003 წლის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ შეხვედრაში, ისევ სტუმრად, ასტიში დავუპირისპირდით და წინა ორი მატჩისგან განსხვავებით, მეტი წინააღმდეგობა გავუწიეთ, თუმცა 31:22 წავაგეთ.

მეოთხე და ყველაზე ხმაურიანი შეხვედრა, შარშან ფლორენციაში, უამრავი ქართველი გულშემატკივრის თვალწინ შედგა და მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში უპირატესობა ჩვენ გვქონდა, ჩაგდებული პირველი ტაიმის და მეორე ტაიმის დასაწყისის დროს იტალიელების მიერ შექმნილი უპირატესობის გაქვითვა ვერ მოვახერხეთ- 28:17 აძურის სასარგებლოდ.

აღსანიშნავია, რომ იტალიელების მხრიდან თავის არიდების თუ  სხვა მიზეზის გამო, ოთხივე თამაში იტალიაში შედგა და აძურის თბილისში სტუმრობას, ვერა და ვერ ვეღირსეთ.

ბევრჯერ გვითამაშია იტალიის ა და ახალგაზრდულ ნაკრებებთან და წარმატებითაც.

 

გზა მსოფლიო თასზე

იტალიელები B ჯგუფში ორ გრანდთან - ახალ ზელანდიასთან და სამხრეთ აფრიკასთან და ორ აუტსაიდერ - კანადასთან და ნამიბიასთან მოხვდნენ. იტალია და კანადა, წინა მსოფლიო თასზეც ერთ ჯგუფში იყვნენ.

ჩვენი პროგნოზი

აძურის გაცხადებული მიზანი მსოფლიოზე, ჯგუფური ეტაპის დაძლევაა, მაგრამ კონკურენტების სიძლიერიდან გამომდინარე, ჯგუფში ჩარჩენისთვის მათ ნამდვილად არავინ დაძრახავს და თუ მოახერხებენ და ოლ ბლექსს და ბოკეს ბრძოლას გაუმართავენ, მსოფლიო თასი მათთვის წარმატებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ. კანადასთან და ნამიბიასთან კი იტალიის ნაკრები აშკარა ფავორიტია.

კომენტარები

ბოლო ამბები