Thumbnail

‘ქართული რაგბი ამას ვეღარ გაუძლებს’ - დაპირისპირება რაგბის კავშირში

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბაჩო ხურციძე რაგბის კავშირში თანამდებობას ტოვებს
  • მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორი პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს დაუპირისპირდა

მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების პირველ მატჩამდე 2 კვირით ადრე, ქართულ რაგბიში დაპირისპირების შესახებ გახდა ცნობილი.

საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორი ლაშა (ბაჩო) ხურციძე თანამდებობას ტოვებს და პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს უპირისპირდება. ხურციძემ სვანიძეს განცხადებით მიმართა, რომელშიც საკუთარ გამოცდილებაზე, წარმატებულ პროექტებსა და აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს.

ხურციძე წერს, რომ იგი საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და გამარჯვებისთვის ბრძოლას აპირებს.

ბაჩო ხურციძის განცხადება

"ნებისმიერი წარმატების საწინდარია ჯანსაღი საკადრო პოლიტიკა, გააზრებული პროექტები და ქმედითობა; ხოლო არასწორი მენეჯმენტი, გაუაზრებელი საკადრო პოლიტიკა, ინერტულობა, რასაც ბოლო წლებში ვაკვირდებით, უამრავ პრობლემას გვიქმნის როგორც ზოგადად, ისე მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესშიც.

'ამგვარმა მმართველობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქართული რაგბის ასე სათუთად ნაშენებ რეპუტაციასა და იმიჯს, შეარყია მისი ფუნდამენტი'

ქართული რაგბის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ და სხვა პრობლემებზე, არაერთხელ ღიად  დაგიფიქსირეთ ჩემი პოზიცია, შემოგთავაზეთ გულწრფელი რჩევები და ჩემი პირადი გამოცდილების გაზიარება. თუმცა ურთიერთთანამშრომლობის ნაცვლად დაპირისპირება არჩიეთ, შესაძლოა, თქვენი მხრიდან ჩემი კონკურენტად დასახვის გამო მიმდინარე წელს გასამართ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში. ღია ბრძოლის გამოცხადება მეტად კრიტიკულ პერიოდში, სწორედ მაშინ, როდესაც ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პირველი შეკრება დაიწყო, ჩემი ჩამოშორება მზადების ამ მნიშვნელოვან პროცესში მსოფლიო რაგბისთან კომუნიკაციისგან; ჩემი ამოღება ჩემპიონატზე მიმავალი დელეგაციის შემადგენლობიდან, რომლის ხელმძღვანელადაც ვიყავი წარდგენილი; დაბოლოს, ვაკანსიის გამოცხადება ამჟამად ჩემს მიერ დაკავებულ პოზიციაზე, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე მეტყველებს საკეთებელი საქმის მიმართ. ამგვარმა მმართველობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქართული რაგბის ასე სათუთად ნაშენებ რეპუტაციასა და იმიჯს, შეარყია მისი ფუნდამენტი.

ეროვნული ნაკრების მომზადების პროცესში რომ ხელისშემშლელ ფაქტორად არ ქცეულიყო და ამით კიდევ ერთი ზიანი არ მიდგომოდა საერთო ქართულ საქმეს, ყოველივე ზემოთ თქმული რეაგირების გარეშე დავტოვე და კეთილსინდისიერად ვასრულებდი თქვენს მიერ ჩემთვის შეზღუდულ მოვალეობებს. ახლა როდესაც მოსამზადებელი პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია და ეროვნული ნაკრები გაემგზავრა იაპონიაში, მე ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას, რასაც ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ვგეგმავდი ამ ტურნირზე ჩემი ვალდებულებების სრულად და ოფიციალურად ამოწურვისთანავე. თუმცა იძულებული ვარ ეს ახლა გავაკეთო. 

'ერთმანეთს შევხვდებით რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის'

წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს, ვიცი, თავს არ დაზოგავენ და ღირსეულად წარმოაჩენენ ჩვენს ქვეყანას, ისე, როგორც მათ სჩვევიათ. 

ნამდვილად ვიცი, ქართული რაგბი კიდევ ოთხი წელი ვეღარ გაუძლებს არაკომპეტენტურ მმართველობას, რაც მის უკუსვლას გამოიწვევს. სამწუხაროა, რომ საბოლოო ჯამში, თვითონ აღმოჩნდით თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვა, რეტროგრადი „ჩინოვნიკი.“

ამიტომ, ერთმანეთს შევხვდებით რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის და ამ გამარჯვებას ქართული რაგბის წინსვლას მივუძღვნი.

ბაჩო ხურციძე განცხადებაში რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს აკრიტიკებს: 

2016 წლის ცნობილი მოვლენების შედეგად, რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე წარდგენილ იქნა თქვენი კანდიდატურა. მცირე უპირატესობით თქვენ გაიმარჯვეთ. თუმცა საყოველთაო მოლოდინი, რომ თორმეტწლიანი თქვენი გამოცდილება, მიღებული რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სასარგებლო იქნებოდა ახალ, მეტად საპასუხისმგებლო პოსტზე მოღვაწეობისას, სამწუხაროდ, არ გამართლდა. არ იქნა წარმოჩენილი დაკავებული პოსტისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი მენეჯერის უნარ-ჩვევები, სათანადო ცოდნა. ვერცერთ კომპონენტში ვერ მოხერხდა 2008-2016 წლებში მიღწეული პროგრესის გაგრძელება. არ იქნა გამოყენებული მთელი ძალისხმევა და რესურსი პირველი ქართული სარაგბო ფრანჩიზის შესაქმნელად, რაც ერთადერთი გზაა ქართული რაგბის შემდგომი განვითარებისთვის. სანაცვლოდ მივიღეთ რუსულ-ქართული საკლუბო ტურნირის პროექტი, თქვენი მთავარი „მონაპოვარი“, რომელიც ჯერ არ განხორციელებულა.

ბაჩო ხურციძე საქართველოს რაგბის კავშირში 2008 წლიდან მუშაობდა. წარსულში იგი საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელის და ოპერაციული დირექტორის პოსტს იკავებდა. განცხადებაში ხურციძე საკუთარ მიღწევებზეც საუბრობს:

“არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება იქნა მიღწეული ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით.  ჩამოვთვლი რამდენიმეს:

2011 წელს საქართველოში გამართული იუნიორთა მსოფლიო ალაფა, რომლის დირექტორიც მე გახლდით, აღიარებული იქნა საუკეთესოდ ანალოგიურ ტურნირებს შორის;

2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, საორგანიზაციო კომიტეტის მიერ, ჩვენი ეროვნული ნაკრები საუკეთესოდ იქნა აღიარებული ამ ფორუმზე მედია კომუნიკაციების კუთხით, მაშინ ეროვნული ნაკრების მედია მენეჯერის მოვალეობას ვასრულებდი. ამავე წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ წლის საუკეთესო სპორტული მენეჯერის წოდება მომანიჭა; 

2015 წელს ქართული რაგბისათვის ისტორიულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვიყავი მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორი;

2017 წელს ჩემი დირექტორობით გამართული იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატი საუკეთესოდ იქნა აღიარებული მონაწილე გუნდების გამოკითხვის შედეგად, მიიღო (90 ქულა), მანამდე საუკეთესოდ მანჩესტერში ჩატარებული ტურნირი ითვლებოდა (87 ქულა). ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენმა ხელისუფლებამ მადლობის წერილიც მიიღო მსოფლიო რაგბისგან.”

კომენტარები

ბოლო ამბები