Thumbnail
  • ბერძნებმა მარცხში დამნაშავეები მოძებნეს
  • საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელის სკანდალური პრესკონფერენცია

ბერძნები მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალს მიღმა დარჩენას ვერ ეგუებიან. შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის ნაკრებმა ჩეხეთს სასურველი სხვაობით ვერ აჯობა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა, რაშიც დამნაშავედ მსაჯთა ბრიგადა იქნა გამოყვანილი.

ელადელთა აზრით, სერბი, ლატვიელი და პოლონელი არბიტრები არაკვალიფიციურად მოქმედებდნენ და განსაკუთრებით იანის ანტეტოკუნმპო აზარალეს, რომელმაც 5 პერსონალური ფოლის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა.

საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციამ თამაშის დასრულებისთანავე ფიბა-ში საპროტესტო წერილი აფრინა, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტანასის სკურტოპულოსმა კი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მსაჯებს მწარე-მწარე სიტყვები უძღვნა.

ბერძენთა თავკაცს მატჩის შემდეგ ნერვებმა უმტყუნა

“იანისი აქ ჩვენს დასახმარებლად ჩამოვიდა. ის ყველა თამაშში მაგრად იბრძოდა, მაგრამ შესაბამისი პატივისცემა ვერაფრით მოიპოვა. იმ ორ ფოლზე გეუბნებით, რომლებიც დღეს მიიღო. მე-3 და მე-5 ჯარიმები, რომლებიც შეტევაში მისცეს, გამოგონილი იყო.

არადა, ჩვენთან მიმართებაში სხვა სურათს ვხედავდით. მაგალითად, ნიკ კალატესმა მოედანზე 37 წუთი გაატარა და თითქმის ყველა შეტევაში ბურთი მას ჰქონდა, არადა, ნიკის წინააღმდეგ ჯარიმა ერთადერთხელ დააფიქსირეს. ამის ახსნა ვინმეს შეუძლია?

ეს ბიჭი წამითაც კი არ გაჩერებულა, სულ მოძრაობაში გახლდათ... რაც დანამდვილებით დავინახე, 2-ჯერ სროლისას ხელი ჰკრეს, მაგრამ სასტვენი არ გამიგია. იანისზეც იგივე სურათს ვხედავდით. საკმარისი იყო ბურთი მიეღო, რომ 4 ხელის გარემოცვაში ხვდებოდა, თუმცა, მსაჯები წესების დარღვევას ვერ ამჩნევდნენ”.

ძნელი სათქმელია, მსოფლიო კალათბურთის მმართველ ორგანოში ბერძენთა პროტესტზე რა რეაქცია ექნებათ, თავად სკურტოპულოსი კი ჯარიმას ვერ უნდა გადაურჩეს, რადგანაც მწვრთნელების მიერ პრესკონერენციაზე არბიტრების კრიტიკა ფიბა-სთვის ერთმნიშვნელოვნად მიუღებელი პრაქტიკაა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის ნაკრები ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე ერთ-ერთი ფავორიტის რანგში ჩავიდა, თუმცა, პლეი-ოფში გასვლა ვერ მოახერხა. დღეს, ბერძნებს ჩეხეთთან 12 ან მეტი ქულით მოგება სჭირდებოდათ, თუმცა, მხოლოდ 84:77 იმარჯვეს და მე-2 ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩნენ.

გამოკითხვა

ვინ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი?

  • აშშ
  • სერბეთი
  • არგენტინა
  • ესპანეთი

კომენტარები

ბოლო ამბები