Thumbnail
  • ‘სამყურები’ იაპონიაში პლანეტის პირველი გუნდის რანგში მიდიან
  • ‘ბორჯღალოსნებმა’ რეიტინგში მე-12 პოზიცია შეინარჩუნეს

მსოფლიო რაგბმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც პირველ ადგილზე ირლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა გადაინაცვლა. ვინაიდან მსოფლიო თასამდე ტესტ-მატჩები აღარ გახლავთ დაგეგმილი და შესაბამისად, კლასიფიკაციაში ცვილებებსაც არ უნდა ველოდეთ, “სამყურები” ოთხწლეულის უმთავრეს ტურნირზე პლანეტის უძლიერესი გუნდის რანგში ჩავლენ.

საინტერესოა, რომ ირლანდია მხოლოდ მე-5 ნაკრები გახდა, რომელიც მსოფლიოს რეიტინგს სათავეში მოექცა. აქამდე, მსგავსი წარმატებისთვის ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკას, ინგლისს და უელსს მიუღწევიათ.

ჯო შმიდტის შეგირდები კლასიფიკაციაში იმის წყალობით გალიდერდნენ, რომ გასულ უქმეებზე დუბლინში სწორედ უელსელებს 19:10 სძლიეს. შედეგად, “სამყურებმა” უწინდელ ლიდერ “ოლ ბლექსს”, რომელიც იაპონიაში სულ რამდენიმე საათის წინ ჩაფრინდა, 0.07 ქულით გადაასწრეს.

საინტერესოა, რომ უელსელები ჯერ კიდევ აგვისტოს მიწურულს რეიტინგში პირველ ადგილზე იმყოფებოდნენ, ახლა კი, უკვე მეხუთენი არიან, თუმცა, ლიდერთა შორის არნახული სიმჭიდროვეა. მოწინავე ხუთეულის გუნდებს შორის მაქსიმალური სხვაობა მხოლოდ 2.15 ქულაა.

ედინბურგში შოტლანდიასთან მარცხის გამო, არაფერი დაჰკლებია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. ბორჯღალოსნები 73.29 ქულით ისევ მე-12 ადგილზე არიან, თუმცა კი, უახლოესი მდევარი სხვა ჰყავთ. მე-13 საფეხურიდან იტალიელები ამერიკელებმა დააქვეითეს, რომელთაც ვანკუვერში კანადას 20:15 სძლიეს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მორაგბეები უკვე იაპონიაში არიან ჩასულნი და მონაგარის შევსებას მსოფლიო თასზე ეცდებიან, სადაც ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად ავსტრალია, უელსი, ფიჯი და ურუგვაი ეყოლებათ. ბორჯღალოსნები სასტარტო მატჩს 23 სექტემბერს ტოიოტაში უელსთან ჩაატარებენ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მსოფლიო თასს?

  • ახალი ზელანდია
  • ინგლისი
  • ირლანდია
  • უელსი
  • სამხრეთ აფრიკა
  • ავსტრალია
  • საფრანგეთი
  • სხვა ნაკრები

კომენტარები

ბოლო ამბები