Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები დაცვაში კარგად ორგანიზებული გუნდი იყო
  • როგორ გადაჭრა გუნდმა კრისტიან ერიკსენის პრობლემა
  • გიორგი ქვილითაია შეტევაში მარტო დარჩა
  • მომდევნო ამოცანა დაცვის და შეტევის ბალანსია

ევროპის ჩემპიონატის მეხუთე საკვალიფიკაციო შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა დანიასთან ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგული გვქონდა, ამ შეხვედრას უნდა გაეცა პასუხი, თუ რამდენად შეგვიძლია საშუალოზე მაღალი კლასის ნაკრებთან თუნდაც ერთ შეხვედრაში თანაბრად თამაში. ზედიზედ სამი ამ ტიპის წაგებული შეხვედრის შემდეგ (შვეიცარია, ირლანდია, დანია) ამ თამაშს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

ორგანიზებული, დისციპლინირებული გუნდი

თამაშის ანალიზს ზოგადი შთაბეჭდილებით დავიწყებ: საქართველოს ნაკრების თამაში მომეწონა. არა იმიტომ, რომ ეს იყო საქართველოს ნაკრების საუკეთესო თამაში; არც იმიტომ, რომ მეტოქეზე უკეთ ვითამაშეთ და აუცილებლად მოგებას ვიმსახურებდით და არც იმიტომ, რომ ბევრი დასამახსოვრებელი ეპიზოდი შევქმენით. მომეწონა იმიტომ, რომ 90 წუთის განმავლობაში, საქართველოს ნაკრებმა, მისთვის არადამახასიათებლად ორგანიზებული, დისციპლინირებული ფეხბურთი ითამაშა, მთელი მატჩის მანძილზე შეინარჩუნა ტაქტიკური დისციპლინა და არ გადაუხვია მატჩის სტრატეგიას.

ვიცი, რომ ქართველი გულშემატკივარი მომთხოვნია. ჩემი აზრით, ხშირად უფრო მეტად, ვიდრე რეალობა ამის საშუალებას გვაძლევს. თუმცა, ფაქტია, რომ ამ ეტაპზე, როცა დანიის ტიპის გუნდს ეთამაშები, რომლის ფეხბურთელებიც წამყვან ევროპულ დივიზიონებში თამაშობენ და კლასში უპირატესობა აქვთ, ჩვენი ტიპის ნაკრებისთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ძალის პოზიციიდან თამაში. ღია, გახსნილ თამაშში უფრო მაღალი კლასის გუნდი ყოველთვის მეტ შანსებს ნახულობს. სამაგიეროდ, ჩვენი კალიბრის გუნდს დანიისთვის წინააღმდეგობის გაწევა სათამაშო ორგანიზაციის და სწორი სათამაშო სტრატეგიის ხარჯზე შეუძლია - ასე იყო გუშინაც: საქართველო მოედანზე უკეთესი გუნდი არ იყო, თუმცა თავისი შანსები ჰქონდა, ჰქონდა სტრატეგია და სათამაშო მონახაზი, როგორ უნდა ეთამაშა და საშუალოზე მაღალი კლასის ევროპული ნაკრების წინააღმდეგ თვითონაც ევროპულ ფეხბურთს თამაშობდა.

📌 ერთი დეტალი: საქართველოს ნაკრებმა გუშინ თითქმის იდეალურად დაკეტა სივრცეები - დანიელთა ყველაზე სახიფათო მომენტი სწორედ მაშინ შეიქმნა, როდესაც ჩვენი დაცვის მარცხენა ფლანგზე დანიელებმა სულ მცირე სივრცე იპოვეს.

ეს ეპიზოდი დანიელთა კლასზე მეტყველებს. როგორც კი სივრცე იპოვეს, მაშინვე მოახერხეს მისი საგოლე მომენტად გარდაქმნა. საქართველოს ნაკრებმა მოახერხა და ასეთი ეპიზოდები დანიას, ფაქტობრივად, არ შეაქმნევინა. 

ვაისის გუნდმა კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა, თუმცა თუ ვნახავთ კარისკენ დარტყმების სტატისტიკას, იქ ასეთი დიდი სხვაობა აღარც არის - 7:12 დანიის სასარგებლოდ.

📌 კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: დანია მეტოქის კარისკენ საშუალოდ თამაშში 16.8-ჯერ არტყამს, საქართველოსთან კი ეს მაჩვენებელი თითქმის 30 პროცენტით შემცირდა - მხოლოდ 12 დარტყმა კარისკენ. შეხსენებისთვის, დანიას 1 წელიწადზე მეტია, ბოლო 11 თამაშია, არ წაუგია და ამ 11 თამაშში 23 გოლი შეაგდო.

კომპაქტური გუნდი - როგორ გადავჭრათ ერიკსენის პრობლემა

დანიელთა ყველაზე სახიფათო მოთამაშე კრისტიან ერიკსენი დანიის ნაკრებში თამაშში ყველაზე მეტჯერ, 2.7 ჯერ არტყამს კარში და 2.3-ჯერ გაჰყავს თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციაზე (ასევე საუკეთესო მაჩვენებელი). ამავე დროს, მას თვითონაც გააქვს გოლები - ერთა ლიგის გათამაშებაში მან ყველაზე მეტი, 2 გოლი შეაგდო თავისი გუნდის რიგებში. ერიკსენი ყველაზე კარგად მეტოქის დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზებს შორის დარჩენილ სივრცეებში მოქმედებს. ამ სივრცეში მთელი მატჩის მანძილზე ერიკსენი მხოლოდ ერთხელ დავტოვეთ და დანიელმა ეს მაშინვე გამოიყენა და გამჭოლი პასით მარჯვენა ფლანგზე სახიფათო შეტევა შექმნა.

დანარჩენი დროის მანძილზე საქართველოს ნაკრებმა ერიკსენის პრობლემა წარმატებით გადაჭრა - მთელი მატჩის მანძილზე, ნახევარდაცვის და დაცვის ხაზი იმდენად კომპაქტურად იყო განლაგებული ერთმანეთთან, რომ მათ შორის სივრცეები, ფაქტობრივად, არ რჩებოდა. ანუ, ის სივრცე და არეალი, რომელშიც ერიკსენი მოქმედებს ხოლმე, საქართველოს ნაკრებმა, ფაქტობრივად, გააქრო.

საქართველოს ნაკრების დაცვა ორ მჭიდრო ხაზად იდგა 

კიტეიშვილი-აბურჯანიას წყვილი მოედნის ცენტრში სივრცეებს არ ტოვებდა. განსაკუთრებით კარგად კი ოთარ კიტეიშვილი გამოიყურებოდა, რომელიც ალბათ მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო. სწორი ტაქტიკური პოზიციონირების გარდა, მას ძალიან კარგი დინამიკა ჰქონდა და მატჩის ბოლო წუთებამდე ახერხებდა, რომ ვერტიკალურად ბევრი ემოძრავა - დაცვასაც დახმარებოდა და შეტევაში ბურთის წაღებაც ეცადა.

კარგად გამოიყურებოდა დაცვის ცენტრში კაშია-გრიგალავას წყვილი. ტანმაღალი დანიელების წინააღმდეგ მათ მეორე სართული არ დათმეს.

პრობლემები ფლანგებზე

მოედნის ცენტრის და კრისტიან ერიკსენის გადაკეტვა საქართველოს ნაკრებმა კარგად მოახერხა, თუმცა უფრო პრობლემატური აღმოჩნდა ფლანგები. დანიას თავისი ნახევრიდან ბურთი ნახევარმცველების დახმარებით ამოაქვს - ისინი ცენტრალურ მცველებთან ჩამოდიან და შეტევას იწყებენ. შესაბამისად, განაპირა მცველები შეტევის პირველ ფაზაში მონაწილეობას არ იღებენ, ისინი ძალიან მაღლა, სულ მცირე, ნახევარდაცვის ხაზზე არიან განლაგებულები.

ფლანგებზე დანიას ყოველთვის ჰყავს ორი მოთამაშე, რომელიც აქტიურად უტევს - განაპირა მცველი და განაპირა ნახევარმცველი. შემთხვევითი არ არის, რომ მარჯვენა მცველი ჰენრიკ დაალსგაარდი ერთა ლიგის გათამაშებაში 2 საგოლე პასით საუკეთესო იყო თავის გუნდში. მარცხენა ფლანგის შემტევ მარტინ ბრაიტვაიტს კი თამაშში 2-ჯერ გაჰყავს თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციაზე (საუკეთესო შედეგი ერიკსენის შემდეგ).

ბრაიტვაიტი საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრებთანაც. მან დაცვის მარჯვენა ფლანგზე კაკაბაძეს ბევრი პრობლემა შეუქმნა.

დანია ყველაზე სახიფათოდ სწორედ ფლანგებზე გამოიყურებოდა. კარგი ის იყო, რომ საქართველოს ნაკრების განაპირა შემტევები - ვაკო ყაზაიშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი, სრულიად, „არაქართულად“ გამოიყურებოდნენ. ტალანტის და ტექნიკის მხრივ, ორივე ეს ფეხბურთელი, ნაკრების ყველაზე გამორჩეულ მოთამაშეთა რიცხვშია. ჩვეულებრივ, ქართულ რეალობაში ამ ტიპის ფეხბურთელებს შავი სამუშაოს კეთება არ უყვართ ხოლმე. გუშინ პირიქით იყო: როგორც ვთქვი, მეტოქის განაპირა მცველები ძალიან მაღლა იდგნენ და შეტევას აქტიურად ეხმარებოდნენ. ყაზაიშვილიც და ოქრიაშვილიც მათ წინააღმდეგ დაცვაში ბოლომდე თამაშობდნენ, მიყვებოდნენ მოედნის სიღრმეში და დიდი მოცულობის დაცვითი სამუშაოს შეასრულეს.

მარტოდ დარჩენილი ქვილითაია

საქართველოს ნაკრების დაცვაში კომპაქტური განლაგების მინუსი ის იყო, რომ შეტევაში რაოდენობრივად გვიჭირდა. ყაზაიშვილი და ოქრიაშვილი, როგორ ვთქვი, იძულებულნი იყვნენ, რომ მეტოქის განაპირა მცველებს ჩვეულებრივზე მეტად წაჰყოლოდნენ სიღრმეში. შესაბამისად, მათსა და ქვილითაიას შორის დიდი სივრცე რჩებოდა. მეტოქის საჯარიმოსთან მისვლას ისინი (ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი) უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ დრიბლინგის საშუალებით ახერხებდნენ. ანუ, ისინი საჯარიმოს სიახლოვეს ბურთს ვერ იღებდნენ და საჯარიმომდე იძულებულნი იყვნენ, რომ ბურთით თავად მისულიყვნენ. სწორედ ასე შეიქმნა ყაზაიშვილის მომენტი.

პრობლემა ის არის, რომ ინდივიდუალური ქმედებების წყალობით, დანიის კლასის გუნდთან მომენტების სტაბილურად შექმნა ძალიან რთულია. ქვილითაიას მატჩის დიდი ნაწილის გატარება დახმარების გარეშე უწევდა. ჩვენი ნაკრების ცენტრფორვარდი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ძალიან ბევრი იბრძოლა, ბევრი გრძელი პასი მიიღო, რის ხარჯზეც გუნდს დაცვიდან ამოსვლის საშუალებას აძლევდა, მეტოქის დაცვას მუდამ აწუხებდა, თუმცა დახმარების გარეშე საგოლე მომენტების შექმნა ნაკლებად რეალისტური იყო.

იმ ფონზე, როდესაც საქართველოს საყრდენები კომპაქტურად, დაცვის სიახლოვეს თამაშობდნენ (განსაკუთრებით აბურჯანია), ხოლო განაპირა შემტევები (ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი) იძულებულები იყვნენ, ბურთი მოედნის სიღრმიდან წამოეღოთ, ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც სიღრმიდან ჩართვა და მომენტებში მეორე ფორვარდის როლის შესრულება შეეძლო ჯანო ანანიძე გახლდათ. ანანიძე თავისი სათამაშო თვისებებით ამ ფუნქციას არ ერგება - ჯანო საუკეთესო ბურთის დაჭერის დროსაა, კომბინაციურ თამაშში. კარიერის დიდი ნაწილი მას იმ გუნდში აქვს გატარებული, რომელიც შეხვედრების უმეტესობას პირველ ნომრად თამაშობს. მისთვის მოედნის სიღრმიდან საჯარიმოში შეჭრა და იქ ფორვარდის როლის შეთავსება ორგანული ამოცანა არ არის - ამისთვის ის არც ყველაზე სწრაფია და არც ყველაზე ათლეტური.

დანიასთან, რომლის დაცვის ცენტრშიც ორი მაღალი კლასის მცველი (კიაერი და კრისტენსენი) თამაშობს, მხოლოდ ჩაწოდებების და მათი შეცდომის იმედად ყოფნა არ გამოდიოდა. მით უმეტეს, რომ დანიის ორივე მცველი ძალიან კარგად თამაშობს მეორე სართულზე (კიაერი 191 სანტიმეტრია, კრისტენსენი - 188 სანტიმეტრი). საქართველოს შეტევაში სისტემატურად დანიისთვის ხიფათის შექმნა არ გამოსდიოდა - ჩვენი ნაკრები მხოლოდ ეპიზოდების და ინდივიდუალური ოსტატობის იმედად იყო. ასე რამდენიმე სახიფათო მომენტიც შეიქმნა, თუმცა ეს გოლს არ ეყო.

ბურთის გადატანის პრობლემა

საქართველოს ნაკრებს უჭირდა მეტოქის პრესინგის დროს დაცვიდან შეტევაში ბურთის გადატანა. სწორედ ამის გამო, ყველაზე რთული მონაკვეთი პირველი ტაიმის ბოლო 15-20 წუთი და მეორე ტაიმის დასაწყისი აღმოჩნდა. ჩვენს ნაკრებს პასით ამოსვლა დაცვიდან უჭირდა, გრძელი გადაცემების დროს კი ქვილითაია მარტო იყო მასზე უფრო მაღალი მცველების წინააღმდეგ და ამ ტიპის პასების უმეტესობა მაშინაც კი იკარგებოდა, როცა ქვილითაია საჰაერო ორთაბრძოლებს იგებდა.

ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, რომ ყაზაიშვილს და ოქრიაშვილს მოედნის სიღრმეში ჩამოსვლა და იქიდან დრიბლინგით ბურთის წამოღება უწევდათ. მათი ინდივიდუალური ოსტატობის გარეშე, მხოლოდ გათამაშების ხარჯზე, ბურთის წინ წაღება ჭირდა.

ამ მონაკვეთში ბურთის ფლობის მაჩვენებელი მუდამ იზრდებოდა: დანიას 30-ე წუთისთვის ბურთის 53 პროცენტი ჰქონდა, 45-ე წუთისთვის - 57 პროცენტი, ხოლო მე-60 წუთისთვის - უკვე 63. ეს სტატისტიკა მუდამ მზარდი იყო და გაჩნდა გაცდა, რომ თამაშის ბოლო 30 წუთი საქართველოს ძალიან გაუჭირდებოდა

თუმცა დაახლოებით მე-60 წუთიდან საქართველოს ნაკრებმა თამაშის მოედნის ცენტრში გადმოტანა შეძლო, ტემპი დააგდო, ბურთი დაიჭირა და დანიას პრესინგის საშუალება აღარ მისცა. ტაქტიკურად და სტრატეგიულად ეს ძალიან სწორი ნაბიჯი იყო. მატჩის ბოლო 30 წუთში დანიას უპირატესობა უკვე აღარ ჰქონდა და ამ მონაკვეთში საქართველომ რამდენიმე კარგი შეტევაც განახორციელა.

საქართველოს ნაკრებმა მაღალი კლასის მეტოქესთან ორგანიზებულად ითამაშა და მისაღებ შედეგს მიაღწია. დაცვით ფაზაში გუნდი დამაჯერებლად გამოიყურებოდა. მომდევნო ამოცანა იმ ტიპის სათამაშო ბალანსის პოვნა უნდა იყოს, რომელიც დაცვის და შეტევის ორგანიზებას ერთნაირი წარმატებით შეგვაძლებინებს სათამაშო დისციპლინის დარღვევის გარეშე. დანიასთან თამაში კი აუცილებლად აქტივში უნდა ჩაიწეროს - საქართველოს ნაკრების ფორმაში ევროპულად მოთამაშე გუნდი ვნახეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები