Thumbnail
  • რაფაელ ნადალი 7:5, 6:3, 5:7, 4:6, 6:4 დანიილ მედვედევი
  • ფინალური შეხვედრა ლამის ხუთ საათს გაიწელა
  • ესპანელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერს 1 სლემ-ტურნირითღა ჩამორჩება

33 წლის ესპანელმა ვარსკვლავმა რაფაელ ნადალმა დიდი სლემის ტურნირი მეცხრამეტედ მოიგო და ამ მხრივ რეკორდსმენს, შვეიცარიელ ლეგენდა როჯერ ფედერერს 1 ტიტულითღა ჩამორჩება.

რაფას მორიგი ტრიუმფი ნიუ იორკში შედგა, სადაც მან ამერიკის ღია პირველობის გადამწყვეტ შეხვედრაში რუს დანიილ მედვედევს 7:5, 6:3, 5:7, 4:6, 6:4 სძლია. საინტერესოა, რომ ესპანელმა ჩოგბურთელმა ამერიკული ტურნირი პირველად 2010 წელს მოიგო, შემდეგ კი 2013 და 2017 წლებშიც იპირველა, ამდენად, წლევანდელი ტრიუმფი უკვე მეოთხეა.

მედვედევი დიდი სლემის შეჯიბრის ფინალში პირველად თამაშობდა და დაუღალავ ესპანელს საოცარი ბრძოლა გაუმართა. დანიილმა ორსეტიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და მე-5 სეტშიც უკეთ დაიწყო, თუმცა, თავისი მოწოდება ჯერ - 40:0-დან, შემდეგ კი, 30:0-დან დათმო და მართალია, 2 მატჩ-პოინტი მოიგერია, საბოლოოდ, მეტოქის შეჩერება ვეღარ მოახერხა.

საინტერესოა, რომ რაფაელს ფინალამდე ერთადერთი სეტი ხორვატ მარინ ჩილიჩთან ჰქონდა წაგებული, ფინალში კი 2 სეტი დათმო, რაც უდავოდ რუსის აქტივს უნდა მივათვალოთ.

ნადალმა რუს ჩოგბურთელებთან ჭიდილში მიჯრით მე-20 გამარჯვება იზეიმა და პირველი ჩოგბურთელი გახდა, ვინც 30 წელს გადაბიჯების შემდეგ დიდი სლემის მე-5 ტურნირი მოიგო.

ამას გარდა, რაფაელმა წლის განმავლობაში დიდი სლემის ერთზე მეტ შეჯიბრზე გამარჯვება მეხუთედ მოახერხა და 1970 წელს 35 წლის კენ როზუელის ტრიუმფის შემდეგ, ამერიკის ღია პირველობის ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი გახდა.

ფინალური მატჩი 4:51 საათს გაგრძელდა და მას ცნობილი სახეების მთელი წყება დაესწრო, რომელთა შორის მსახიობები და მომღერლები სჭარბობდნენ. სხვათა შორის, წლევანდელ US OPEN-ს ტრიბუნებიდან თვალი 853 227-მა მაყურებელმა მიადევნა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

📺 ვიდეო: დანიილ მედვედევი 5:7, 3:6, 7:5, 6:4, 4:6 რაფაელ ნადალი

კომენტარები

ბოლო ამბები