Thumbnail
  • საქართველო 0:0 დანია
  • საქართველოს ნაკრების პირველი ფრე შესარჩევ ციკლში

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში მორიგი მატჩი ჩაატარა და დანიასთან უგოლო ფრეს გამორჩა. შეგახსენებთ, რომ გუნდმა სკანდინავიელებთან ივნისში კოპენჰაგენში 1:5 წააგო, ამჯერად კი, უფრო ყოჩაღად გამოიყურებოდა და ქულის აღება ნამდვილად დაიმსახურა.

📋 მეტი ამ თემაზე:

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა დანიასთან მატჩისთვის საკმაოდ შემტევი შემადგენლობა დააყენა. ცენტრფორვარდად გამწესებულ გიორგი ქვილითაიას ზურგს თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე და ვაკო ყაზაიშვილი უმაგრებდნენ, საყრდენებად გიორგი აბურჯანია და ასევე უფრო მეტად იერიშზე ორიენტირებული ოთარ კიტეიშვილი ვიხილეთ, კარში გიორგი ლორია იდგა, დაცვითი ხაზი კი ასე გამოიყურებოდა: ოთარ კაკაბაძე, ჯიმი ტაბიძე, გურამ კუშია და გია გრიგალავა.

აღნიშნული განლაგების მიუხედავად, მატჩის პირველ ტაიმში ქართველი ფეხბურთელები ძირითადად თავის მოედანზე იყვნენ გამაგრებულნი და კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ. ჩვენებს ბურთის ხეირიანად ამოტანა უჭირდათ, წინ ფაქტობრივად ეულად მყოფი ქვილითაია კი ფიზიკურად ძლიერ დანიელ მცველებთან საჰაერო ორთაბრძოლებს იშვიათად იგებდა. ამასთან, ფრანგი მსაჯი ფიზიკური ჭიდილისას მეტწილად გიორგის აჯარიმებდა...

ამ ფონზე დიდად გამორჩეულნი არც სტუმრები ყოფილან, რომელთაც გიბრალტართან თამაშის დარად დარიგებებს იონ დალ ტომასონი აძლევდათ, გუნდის მთავარი მწვრთნელი ოგე ჰარეიდე კი მუხლის ტრავმის გამო თბილისშიც არ ჩამოსულა.

სკანდინავიელები ძირითად აქცენტს ფლანგურ იერიშებზე აკეთებდნენ და ამ კუთხით განსაკუთრებულად ესპანური ლეგანესის გარემარბი მარტინ ბრაიტვაიტი აქტიურობდა. მან მარცხენა მხრიდან რამდენიმე კარგი გარღვევა განახორციელა და ორ შემთხვევაში სახიფათოდაც უტევდა. პირველ ჯერზე ლორიამ შორეულ კუთხეში გაგზავნილი ბურთი მოიგერია, შემდეგ კი, დანიელს ახლო კუთხეშიც აუღო.

ბრაიტვაიტის მომენტი

სტუმრებმა საქართველოს ნაკრების კარის მიმართულებით ერთხელაც დაარტყეს, თუმცა, მაშინ ხიფათი ნაკლები იყო. კუთხურის კვალად, ტომას დელეინის თავურს ლორია ადგილზე დაუხვდა.

მე-2 ტაიმში პირველი სახიფათო მომენტი ისევ სტუმრებმა შექმნეს და ამ შემთხვევაშიც ბრაიტვაიტმა იაქტიურა. ის ერთი შეხედვით უიმედო ბურთს ბოლომდე გაჰყვა, ზედ პირითი ხაზიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ლორიამ ფანტასტიური რეაქცია გამოავლინა და ფრანგული ნიცას ფორვარდ კასპერ დოლბერგს ახლო მანძილიდან დარტყმული აუღო.

დოლბერგის მომენტი

მალევე დოლბერგმა უკვე ასისტენტობა ითავა და დანიელთა ალბათ უმთავრესი ვარსკვლავი კრისტიან ერიკსენი კარგ პოზიციაზე დატოვა, თუმცა, ტოტენჰემის შემტევმა ახლო კუთხეს ააცილა.

ამ პერიოდში საქართველოს ნაკრებს შეტევაზე გადასვლა ძალიან უჭირდა, თუმცა, ერთი კონტრიერიში მაინც გამოგვივიდა. ფლანგზე ბურთი ყაზაიშვილმა მიიღო, ცენტრისკენ შეიწია და კარის მიმართულებითაც ურტყამდა, თუმცა, მის წინ მცველები აღიმართნენ.

ვაკოს კიდევ უფრო კარგი შეტევა ჰქონდა მატჩის 76-ე წუთზე. ამერიკული სან ხოსეს ერთ-ერთმა ლიდერმა დანიელთა საჯარიმოდან გადმოვარდნილი ბურთი კარგად დაამუშავა და კასპერ შმეიხელს ახლო მაღალ კუთხეში დაურტყა, თუმცა, ბურთი კარს მცირედით ასცდა.

ყაზაიშვილის მომენტი

მალევე ლამის ერთწუთიანმა მომენტმა ორი ხარიხა დაიტია. თუკი ქვილითიას თავურის დროს ლაინსმენმა ოფსაიდი დააფიქსირა, შეცვლაზე შესული გიტკიაერის დარტყმულის შემდეგ გოლი აუცილებლად ჩაითვლებოდა. საბედნიეროდ, ამ ეპიზოდში გადავრჩით.

გიტკიაერის მომენტი

ქართველთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მოგებაზე დაგეშილმა დანიამ გადამწყვეტ შტურმზე გადასვლა ვერ მოახერხა. მეტიც, დასკვნით ოც წუთში ქართველები უფრო გამოფხიზლდნენ და საყრდენებმაც ართმევაზე თამაშს მოუმატეს (ამ მხრივ, განსაკუთრებით კიტეიშვილის გარჯა უნდა გამოვარჩიოთ).

ბოლოსკენ სტუმართა კუთხურებს ხიფათი არ მოჰყოლია, სამაგიეროდ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე საქართველოს ნაკრებს სახიფათო ჯარიმა ერგო და ოქრიაშვილის დარტყმული ხელებში შმაიხელმა გააქვავა.

ამგვარად, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში მე-4 ქულა აიღო და მე-4 ადგილი შეინარჩუნა, მომდევნო მატჩს კი ისევ შინ 12 ოქტომბერს ჩაატარებს. ვლადიმირ ვაისის შეგირდები თბილისში იმ ირლანდიას დაუხვდებიან, რომელთანაც მიმდინარე წლის მარტში დუბლინში 0:1 წავაგეთ და საერთოდაც კატასტროფული ბალანსი გვაქვს.

📸 | საქართველო 0:0 დანია - საუკეთესო კადრები

📸 | საქართველო 0:0 დანია - საუკეთესო კადრები

📸 | საქართველო 0:0 დანია - საუკეთესო კადრები

📸 | საქართველო 0:0 დანია - საუკეთესო კადრები

📸 | საქართველო 0:0 დანია - საუკეთესო კადრები

📸 | საქართველო 0:0 დანია - საუკეთესო კადრები

📸 | საქართველო 0:0 დანია - საუკეთესო კადრები

📸 | საქართველო 0:0 დანია - საუკეთესო კადრები

📸 | საქართველო 0:0 დანია - საუკეთესო კადრები

📸 | საქართველო 0:0 დანია - საუკეთესო კადრები

საქართველო 0:0 დანია

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ტაბიძე - აბურჯანია (86. გვილია), კიტეიშვილი - ოქრიაშვილი, ანანიძე, ყაზაიშვილი - ქვილითაია (90. დაუშვილი).

დანია (4-3-1-2): შმაიხელი - დალსგაარდი, კიაერი, კრისტენსენი, ლარსენი - ბრაითვაიტი, ჰოიბერგი (73. შიონე), დილეინი - ერიკსენი - პოულსენი, დოლბერგი (67. გიტკიაერი).

შვეიცარია - გიბრალტარი 4:0

 

კომენტარები

ბოლო ამბები