Thumbnail
  • დღის ცენტრალურ მატჩში ესპანეთმა სერბეთს აჯობა
  • ხვალ პლეი-ოფის სრულ სურათს მივიღებთ

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე 2 მეოთხედფინალური წყვილი დაკომპლექტდა. 10 სექტემბერს, დონგუანში არგენტინა სერბეთს ეთამაშება, ხოლო შანხაიში ესპანეთი პოლონეთს გაეჯიბრება.

დღე ყველაზე წარმატებულად ესპანელებმა ჩაამთავრეს. მათ ფავორიტად მიჩნეულ სერბეთს 81:69 სძლიეს, რითაც მეოთხედფინალში შედარებით იოლი მეტოქე ირგუნეს და ამასთან, დიდი ალბათობით, ფინალამდე აცდებიან აშშ-ს ნაკრებს, რომელიც მორიგ შეხვედრას ხვალ ჩაატარებს.

სერჯიო სკარიოლოს მიერ გაწვრთნილმა პირენეელებმა გასული მატჩის პირველი მეოთხედი 13:20 დათმეს, თუმცა, დარჩენილი სამივე ათწუთეული მოიგეს (მათ შორის, მეორე – 32:17) და სერბეთი რთულ გზაზე გაუშვეს.

ესპანელთა რიგებში საუკეთესო ფენიქს სანსის უკანახაზელი რიკი რუბიო იყო, რომელსაც 19 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მოუგროვდა, ვიქტორ კლავერმა 14 ქულას 7 მოხსნა წაამატა, მარკ გასოლმა კი თავი 11 ქულას, 6 მოხსნას და 6 პასს მოუყარა.

📺 ესპანეთი - სერბეთი 81:69

სერბთაგან თავი ბოგდან ბოგდანოვიჩმა გამოიდო, რომელმაც ლამის შეუცვლელად ითამაშა. საკრამენტო კინგსის მცველმა 26 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი მიითვალა და ცოტა რომ დასცლოდა, იქნებ სამმაგი დუბლიც  გაეფორმებინა.

გუნდი აშკარად დააღალატა ნიკოლა იოკიჩმა. მე-3 მეოთხედში, როდესაც სერბები ჯერაც თამაშში იყვნენ, დენვერ ნაგეთსის ცენტრი მსაჯებს წაეკიდა და იმდენი “მოახერხა”, რომ მოედნიდან გააძევეს. იმ დროს ნიკოლას მონაგარი 6 ქულა და 5 მოხსნა გახლდათ...

ნიკოლა იოკიჩმა გუნდი დააღალატა

როგორც აღვნიშნეთ, სერბებს მეოთხედფინალში არგენტინასთან ჭიდილი მოუწევთ, რომელმაც პოლონეთს მოულოდნელად იოლად – 91:65 სძლია. შეუდარებელი იყო სამხრეთამერიკელთა 39 წლის ვეტერანი ლუის სკოლა, რომელმაც 32:08 წუთს ითამაშა და გუნდს 21 ქულა და მოხსნა შეაშველა.

ხვალ, დარჩენილი 2 მეოთხედფინალი დაკომპლექტდება. L ჯგუფიდან საფრანგეთი დ ავსტრალია უკვე გასულები არიან და მხოლოდ პირველ-მეორე ადგილები აქვთ გასანაწილებელი. აი, K ჯგუფში კი უფრო დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი: პლეი-ოფის საგზურის მოპოვების თეორიულ შანსს ოთხივე ნაკრები – აშშ, ჩეხეთი, ბრაზილია და საბერძნეთი ინარჩუნებს.

8 სექტემბრის შედეგები
ვენესუელა – რუსეთი 60:69
პუერტო რიკო – იტალია 89:94 ოტ.
პოლონეთი – არგენტინა 65:91
ესპანეთი – სერბეთი 81:69
კოტ დ’ივუარი – სამხრეთ კორეა 71:80
ტუნისი – ანგოლა 86:84
ჩინეთი – ნიგერია 73:86
ირანი – ფილიპინები 95:75

9 სექტემბრის განრიგი
11:30 იაპონია – მონტენეგრო
12:00 იორდანია – სენეგალი
12:00 დომინიკის რესპუბლიკა – ლიტვა
12:30 ჩეხეთი – საბერძნეთი
15:30 თურქეთი – ახალი ზელანდია
16:00 გერმანია – კანადა
16:00 საფრანგეთი – ავსტრალია
16:30 აშშ – ბრაზილია

კომენტარები

ბოლო ამბები