Thumbnail
  • ბექამ პორტუგალიაში ორ მატჩში 22 ქულა მიითვალა
  • შენგელიას 11 ქულა და გამარჯვება საფრანგეთში
  • შერმადინმა ყოფილ გუნდს 13 ქულა ჩაუგდო

ესპანურმა გრან კანარიამ, რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე იცავს, ლისაბონში მიმდინარე ოთხთა ტურნირზე 2 მატჩი ჩაატარა და ორივეში გამარჯვება იზეიმა, ჩვენებური კი მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ.

კუნძულელები თავდაპირველად მადრიდულ ესტუდიანტესს გაეჯიბრნენ და 89:81 მოიგეს. ქართველი ფორვარდი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20:01 წუთში 9 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ბექამ 2-დან 1 ორქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბექა ბურჯანაძემ ბილბაო ბასკეტს 13 ქულა ჩაუგდო

კიდევ უფრო დიდი იყო გრან კანარიას უპირატესობა ბილბაო ბასკეტთან მატჩში. საინტერესოა, რომ ქართველი ლეგიონერის გუნდი პირველი ტაიმის მერე მხოლოდ 1 ქულის სხვაობით იგებდა, საბოლოოდ კი, მეტოქე 34 (!) ქულით გაანადგურა – 103:69.

ამჯერად, ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში ვიხილეთ და 14:50 წუთში 13 ქულა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბექამ 4-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო გამოიყენა.

გრან კანარიას ლისაბონის ტურნირზე დასკვნითი მატჩი დღეს ელის, როდესაც ბენფიკას შეერკინება.

წარმატებული დღე ჰქონდა თორნიკე შენგელიას ბასკონიასაც, რომელიც საფრანგეთში პო ორტეზს ესტუმრა და 85:71 მოიგო. ბასკური კლუბის ქართველი კაპიტანი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 23:36 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა.

თოკომ ბიარიცულ მატჩში 6-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა და შედეგიანობით მხოლოდ სენეგალელ ახალწვეულ იუსუფა ფალს (15) და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ კალათბურთელ მეტ ჯენინგს (12) ჩამორჩა.

ბასკონიელებს მომდევნო შეხვედრა 14 სექტემბერს ბილბაო ბასკეტთან ელით.

საკონტროლო მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემაც. ქართველი ცენტრის გუნდი ჩვენებურის ყოფილ გუნდ სარაგოსას გაეჯიბრა და დრამატულ შეხვედრაში 73:74 დამარცხდა.

გიორგი შერმადინმა ყოფილ გუნდთან მატჩში 13 ქულა მიითვალა

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, 13 ქულა მიითვალა და თანაგუნდელთაგან მხოლოდ მადრიდის რეალის ყოფილ ფორვარდ სანტიაგო იუსტას (21) ჩამორჩა.

ტენერიფელები მომდევნო მატჩს 13 სეტემბერს ფუენლაბრადასთან ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები