Thumbnail
  • საფრანგეთის ნაკრებმა ალბანეთი 4:1 დაამარცხა
  • მატჩის ორგანიზატორებმა ორი შეცდომა დაუშვეს
  • თამაშის წინ, ალბანეთის ჰიმნის ნაცვლად, ანდორის ჰიმნი აჟღერდა
  • მოგვიანებით, ბოდიშის მოხდის დროს, ალბანეთი სომხეთად მოიხსენიეს

ალბანელ ფეხბურთელებს გაოცებული სახეები ჰქონდათ, მათი გულშემატკივრები კი ტრიბუნებიდან ილანძღებოდნენ. საქმე ის გახლდათ, რომ საფრანგეთისა და ალბანეთის ნაკრები გუნდების მატჩის დაწყებამდე, სტადიონზე ალბანეთის ჰიმნის ნაცვლად, ანდორის ჰიმნი ჩართეს!

ალბანელების გარდა, შეცდომა ვერავინ შეამჩნია. გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე სტვენა ატეხეს და კამერებს შუა თითებს უჩვენებდნენ, ფეხბურთელებმა კი არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ.

რამდენიმეწუთიანი დისკუსიის შემდეგ, ორივე გუნდი თავიდან დადგა ჰიმნებზე. სტადიონის გამომცხადებელმა სტუმართა გუნდს და ქომაგებს ბოდიში მოუხადა, მაგრამ ამ დროს კიდევ ერთი დიდი შეცდომა იქნა დაშვებული - მას ალბანეთი სომხეთში აერია და Albania-ს ნაცვლად, Armenia გამოაცხადა, რასაც კიდევ უფრო მეტი სტვენა მოჰყვა. თუმცა სომხეთის ჰიმნი არ ჩაურთავთ, მერე მართლაც ალბანეთის ჰიმნი აჟღერდა და თამაში, რომელიც ფრანგებმა 4:1 მოიგეს (გოლები: კომანი 2, ჟირუ, იკონე), რამდენიმეწუთიანი დაგვიანებით დაიწყო. 

კომენტარები

ბოლო ამბები