Thumbnail
  • ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ სამი 1/4-ფინალისტი გამოვლინდა
  • საფრანგეთის ნაკრებმა ამერიკელებისა და სერბეთი/იუგოსლავიის რეკორდი გაიმეორა

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატზე პლეი ოფში თამაშის უფლება კიდევ სამმა ნაკრებმა მოიპოვა. პოლონეთს, სერბეთს, არგენტინასა და ესპანეთს დღეს აშშ, საფრანგეთი და ავსტრალია შეუერთდნენ. 

საფრანგეთმა რეკორდი გაიმეორა

ევან ფურნიემ საფრანგეთი 1/4-ფინალში გაიყვანა

L ჯგუფში საფრანგეთის ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში ლიეტუვას 78:75 სძლია. ფრანგები მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდნენ ანგარიშში უპირატესობას, თუმცა ბოლო მეოთხედში მეტოქეს სხვაობის გაბათილებისა და წინ გასვლის შესაძლებლობაც მისცეს. მაგრამ ბოლო წუთები მაინც უკეთესად ჩაატარეს და საბოლოოდ გამარჯვებაც იზეიმეს.

გამარჯვებულთა შორის ყველაზე შედეგიანები, მცველები: ევან ფურნიე (24 ქულა) და ნანდო დე კოლო (21) იყვნენ. ბალტიისპირელთა შორის 18 ქულით ცენტრი იონას ვალანჩუნასი გამოირჩა.

📺 საფრანგეთი - ლიეტუვა 78:75

სხვათა შორის, საფრანგეთის ნაკრებმა, მსოფლიოს ჩემპიონატებზე აშშ-ისა (1950-1974) და სერბეთი/იუგოსლავიის (1986-2014) ნაკრებების რეკორდი გაიმეორა - გუნდი ზედიზედ 59-ე მატჩია, მსოფლიოს პირველობებზე მეტოქეებს 100 და მეტ ქულას არ აგდებინებს. აქამდე ჯერ ვერცერთმა ნაკრებმა მოახერხა ამის ზედიზედ 60 თამაშში გაკეთება.

L ჯგუფიდან პლეი ოფში გასვლა საფრანგეთთან (4-0) ერთად, მანამდე გაინაღდა ავსტრალიამაც (4-0), რომელმაც დომინიკის რესპუბლიკას 82:76 მოუგო.

ანტეტოკუნმპომ საბერძნეთი ვერ იხსნა 

ბერძენთა ვარსკვლავის ორმაგი დუბლი საკმარისი არ აღმოჩნდა

K ჯგუფში, ტურნირის მთავარმა ფავორიტმა აშშ-ის ნაკრებმა საბერძნეთის ეროვნულ გუნდს ზედმეტი დაძაბვის გარეშე მოუგო - 69:53. გადამწყვეტი მეორე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც ამერიკელებმა 11-ქულიანი უპირატესობით მოიგეს. ბერძნებმა წინააღმდეგობის გაწევა შეძლეს მხოლოდ პირველ და ბოლო მეოთხედში, როდესაც თამაშის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.

გრეგ პოპოვიჩის გუნდმა კი ამ გამარჯვებით ტურნირის ¼-ფინალში თამაში გაინაღდა. 

გამარჯვებულთა შორის ყველაზე შედეგიანი მცველი კომბა უოკერი გახდა, რომელმაც 15 ქულა და 6 პასი მიითვალა. 10 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა დონოვან მიტჩელმა. ორმაგი დუბლი ჰქონდა ბერძენთა ვარსკვლავს იანის ანტეტოკუნმპოს, რომლის ანგარიშზე 15 ქულა და 13 მოხსნა იყო. კიდევ 13 ქულით კოსტას სლუკასი გამოირჩა.

📺 აშშ - საბერძნეთი 69:53

ამავე ჯგუფში ჩეხებმა ბრაზილიას ანგარიშით 93:71 სძლიეს და ახლა მეორე ადგილს იკავებენ. ჩეხეთის მსგავსად, 3 მოგება და 1 მარცხი აქვს ბრაზილიას, ხოლო საბერძნეთს -  2-2 მოგება-წაგება. ბოლო ტურში პლეი ოფში გამსვლელი მეორე გუნდის ვინაობა უნდა გაირკვეს - ჩეხეთი საბერძნეთს დაუპირისპირდება, ხოლო ბრაზილია - აშშ-ს.

კომენტარები

ბოლო ამბები